Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგი, როგორც სავალდებულო მოცემულობა


ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ერთ-ერთი შეხვედრა ცსკ-ის შენობაში
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ერთ-ერთი შეხვედრა ცსკ-ის შენობაში
ერთ თვეზე მეტია საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციურ „რვიანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური განცხადებებით, მოლაპარაკებების განახლების სურვილს ორივე მხარე ამჟღავნებს, ჯგუფის საქმიანობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, მეორე მხრივ, ეს კითხვის ნიშანი პრაქტიკულად იგნორირებულია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ გაერთიანებების მიერ, რომლებმაც ამ დღეებში დიალოგის მხარდაჭერა ერთმანეთის მიყოლებით გამოხატეს.

საარჩევნო გარემოს დასახვეწად შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფი მუშაობას 2010 წლის ოქტომბრიდან შეუდგა. სამართლიანი არჩევნებისთვის ზრუნვის არასაარჩევნო პერიოდში დაწყება ერთგვარი გარანტია უნდა ყოფილიყო იმისა, რომ მხარეები აუჩქარებლად და გააზრებულად შეძლებდნენ სადავო საკითხებზე მოლაპარაკებას. თუმცა მოლაპარაკებების ხუთი თვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩიხი გარდაუვალი იყო. საერთაშორისო ორგანიზაციები, ისევე როგორც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ამ პროცესშიც დამკვირვებლების როლში მოგვევლინენ. ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის ეკა სირაძე-დელონეს აზრით, დიდია ალბათობა იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს და, შესაბამისად, ამ პროცესს არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩამოსცილდეს:
საარჩევნო კოდექსის რეფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპულ მისწრაფებათა განხორციელების გზაზე და ევროკავშირი მიესალმება საარჩევნო კოდექსის შესახებ დიალოგს ...

”იგივე მოხდა 2009 წელს, როდესაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუშაობდა ჯგუფი. მაშინ პროცესები პარლამენტში გადავიდა და უკვე პარლამენტში მოხდა შემდეგ ამ ინიცირებული ცვლილებების განხილვა. ამის საფრთხე ახლაც ნამდვილად არის. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვხედავ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მონაწილე მხარეები მაქსიმალურად გადადგამენ ერთმანეთის მიმართ შემხვედრ ნაბიჯებს იმისათვის, რომ კონსენსუსი იქნეს მიღწეული და ეს პროცესი აქტიური დარჩეს პარლამენტს გარეთ.”

ეკა სირაძე-დელონე იმედოვნებს, რომ ოფიციალურად შეჩერებულად გამოცხადებული პროცესი განახლდება და კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევა. იგი ასევე ვარაუდობს, რომ იგივე მოლოდინი აქვთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მოსურნე საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ გაერთიანებებს. ფაქტია ისიც, რომ ბოლო დროს სწორედ შეწყვეტილი დიალოგის ფონზე გამართეს ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.

„საარჩევნო კოდექსის რეფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპულ მისწრაფებათა განხორციელების გზაზე და ევროკავშირი მიესალმება საარჩევნო კოდექსის შესახებ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, - ნათქვამია ფილიპ დიმიტროვის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების სახელით გაკეთებულ განცხადებაში.

”იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგები იქნება არა მარტო ორივე მხარისთვის მისაღები და ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი, არამედ ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ნდობის განმტკიცებასაც.”

განცხადებაში დასკვნის სახითაა აღნიშნული, რომ ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოლაპარაკებებს და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პროცესს.

სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნისა და საარჩევნო რეფორმის ფართო კონსენსუსის პირობებში განხორციელებისაკენ მოუწოდა 13 აპრილს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. რეზოლუციაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა მხოლოდ არჩევნების უკეთ ადმინისტრირების საკითხზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ მიზნად უნდა დაისახოს ასევე ურთიერთნდობაზე დამყარებული საარჩევნო სისტემის შექმნა. ევროსაბჭოს რეზოლუცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის მათაც, ვინც „რვიანის“ ფორმატში არ მონაწილეობს, აქტიურად ჩაერთონ დიალოგის პროცესში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საარჩევნო კოდექსზე პარტიათშორისი მოლაპარაკებების ფაქტი, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა, ასევე ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაიმ:

ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაი
”ნატო არ წყვეტს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. საქართველო თავად ირჩევს პრიორიტეტებს, ჩვენ კი მხარდაჭერას ვთავაზობთ ქვეყანას. მაგალითად, მნიშვნელოვანი იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, რასაც ნატო მიესალმება. ასევე უმნიშვნელოვანესია მომავალი არჩევნები. ვიცი, რომ საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეების მცდელობას, მიაღწიონ კონსენსუსს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების თაობაზე.”

მხარეთა ურთიერთნდობაზე დამყარებული საარჩევნო კოდექსის თემას ამ დღეებში ასევე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი. საერთაშორისო გამოხმაურებები ოპოზიციურ „რვიანს“ გადადგმული ნაბიჯების სისწორის რწმენას უღვივებს:

”აპატურაის განცხადება და ამ განცხადებაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბარი, ევროსაბჭოს, ევროკავშირის ელჩის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შემდეგ საელჩოს განცხადებები არის შედეგი პოლიტიკური „რვიანის“ ინფორმაციის სწორად და ობიექტურად მიწოდებისა, არის შედეგი პოლიტიკური „რვიანის“, ასე ვთქვათ, სწორი პოლიტიკური ნაბიჯებისა მოლაპარაკების პროცესში.”

საარჩევნო „რვიანის“ სამუშაო ჯგუფის წევრის, მემარჯვენე მამუკა კაციტაძის აზრით, საერთაშორისო გამოხმაურებებმა საგრძნობლად გაართულა ხელისუფლების მდგომარეობა. თუმცა რამდენად ასეა რეალურად, უცნობია, რადგან ხელისუფლებიდან კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით.
XS
SM
MD
LG