Accessibility links

”აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის პოლიტიკური გარემო მზადდება?!” - ასეთი სათაურით ”რეზონანსში” ქვეყნდება სტატია. ავტორი აფხაზეთში სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენების ვიზიტებზე წერს. მამუკა არეშიძეს ”რეზონანსისთვის” უთქვამს: ”ეს მიანიშნებს არაფერს, გარდა იმისა, რომ ვიღაცა ცდილობს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის მოხდენას”. ისრაელის ბიზნესმენების აფხაზეთში გამოჩენის შესახებ კი არეშიძე ამბობს: ”მეც და ბევრი სხვა ანალიტიკოსიც აღნიშნულ ქმედებას განვიხილავთ, როგორც ისრაელის დემარშს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”. ”რეზონანსში” პაატა ზაქარეიშვილის კომენტარებიც ქვეყნდება: ”ყოველივე ეს აღიარებამდე რომ მივიდეს, არა მგონია. მაგრამ უცხოელ ბიზნესმენთა მხრიდან ასეთი დაინტერესება, რა თქმა უნდა, აფხაზეთისთვის სერიოზული ნაბიჯია. ეს კი საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია, რაც მან ებრაელებთან მიმართებაში გაატარა.”

”24 საათი” – ”დიპლომატიის პარალელური პროცესი - ოკუპაციით გაყოფილი საზოგადოების შეერთება” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში წაიკითხავთ: ” ‘ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა’ მძიმედ, მაგრამ მაინც მუშაობს. პირველი ნაბიჯები ჯანდაცვის მიმართულებით გადაიდგა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიცე-პრემიერ ეკა ტყეშელაშვილს უკვე ხელშესახებ შედეგებზე შეუძლია საუბარი. როგორც მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, დინამიკა მზარდია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ფასილიტაცია გაუწიოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანების დახმარების პროცესს. მსურველები გალის რაიონით არ შემოიფარგლებიან.”

”ახალ თაობაში” წაიკითხავთ პარლამენტის შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ. ავტორის ინფორმაციით, ამ დღეებში პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფებოდნენ არაბი და ბერძენი ბიზნესმენები.

”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუ ნანა დევდარიანთან. მას ჟურნალისტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მომზადებულ ანგარიშზე ესაუბრება და შენიშნავს: ”ელიტური კორუფციის” დაფიქსირებას ხელისუფლება მძიმედ არ აფასებს”. ნანა დევდარიანი: ”ხო, მაგრამ ესეც გაფრთხილებაა. იმიტომ რომ, თუ გაიხსენებთ ახლო აღმოსავლეთის ამბებს, იგივე ეგვიპტე, ლიბია, იემენი და ა.შ., ყველგან დადგა ეს საკითხი, მათ შორის საზღვარგარეთ გატანილი თანხების და ამ თანხების დაყადაღების. ეს არის სიგნალი ამათთვის, რომ თუ არ შეცვლიან თავიანთ ტაქტიკას, ის, რაც იშოვეს, ოხრად დარჩებათ.”

”ახალ თაობაშივე” ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე. ის კონკრეტულ ფაქტებზე ჰყვება და აღნიშნავს: ”სულ ბოლო ხანებში უფრო გაძლიერდა პატიმრების მიმართ როგორგ ფიზიკური ზეწოლა, ასევე არაადამიანური მოპყრობა.”

”ვერსია” სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით ”გიორგი ასანიძემ ლადო ვარძელაშვილი პრეზიდენტთან ”ჩაუშვა”!”: ”სულაც არ ვფიქრობ, რომ ვარძელაშვილი ჩავუშვი. უბრალოდ, მე გავაცანი პრეზიდენტს ჩემი წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ეს სფერო უფრო განვითარდეს. აუცილებელიცაა ჩვენი საქმისთვის მსგავსი საუბრები”, - ასანიძე მძლეოსნობის განვითარებას გულისხმობს.

”ვერსიაში” ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერთან ინტერვიუს წაიკთხავთ. ჟურნალისტი ეკითხება: ”ფიქრობთ, რომ ხელისუფლების შეცვლას მარტო თქვენ და სახალხო კრება მოახერხებთ?”. ნინო ბურჯანაძე ამბობს: ”ვინ ამბობს, რომ ბურჯანაძე ან სახალხო კრება მარტო აპირებს ამის გაკეთებას? ექსპერტებს ვთხოვ, იმის ნაცვლად, ხალხში ნიჰილიზმი ჩათესონ, თუ რამე რეცეპტი იციან, გვითხრან. მიზნის მიღწევას ხალხთან ერთად ვაპირებთ. პარტიების გაერთიანება არ იძლევა ბრძოლის გამარჯვებით დასრულების გარანტიას”, - აცხადებს ბურჯანაძე.
XS
SM
MD
LG