Accessibility links

logo-print

ჟურნალისტმა რეჟისორს პროკურატურაში უჩივლა


გორის თეატრის სცენა

გორის თეატრის სცენა

გაზეთ „ქართლის ხმის" რედაქტორი საბა წიწიკაშვილი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ინციდენტი თეატრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტი თეატრში საჯარო ინფორმაციის წამოსაღებად მივიდა. 14 მარტს მან თეატრს 2010 წლის 1 იანვრიდან სპექტაკლების სადადგმო და საჰონორარო ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, მაგრამ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მისთვის ეს ინფორმაცია მიუწვდომელი იყო. ამიტომ წიწიკაშვილი ვითარების გასარკვევად ადგილზე მივიდა.
ცნობისთვის: გორის თეატრს წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 ათასი ლარი გამოეყო. გარდა ამისა, თეატრის სადადგმო და საჰონორარო ხარჯებს კულტურის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. სამინისტროს საგრანტო პროგრამა ქვეყნის სხვა თეატრებზეც ვრცელდება.
ნემსაძე გაღიზიანებული იყო ,,ქართლის ხმაში" გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებით, სათაურით -,,ნემსაძის შემოსავლიანი სისტემა გორის თეატრში”...

წიწიკაშვილის თქმით, ინციდენტი ეზოდანვე დაიწყო, როცა მას სამხატვრო ხელმძღვანელმა მსახიობების თვალწინ ირონიულად და ცინიკურად მიმართა. მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ინციდენტი თეატრის შენობაში გაგრძელდა. საჯარო ინფორმაციისთვის თეატრის იურისტთან შესულ ჟურნალისტს, მისი თქმით, სამხატვრო ხელმძღვანელი ფიზიკურად შეეხო. წიწიკაშვილის განცხადებით, სოსო ნემსაძის გაღიზიანება მის მიერ გამოქვეყნებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოიწვია, სადაც თეატრის მიერ ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსების ხარჯვაზეა აქცენტი გაკეთებული.

”ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი

„ნემსაძე გაღიზიანებული იყო ,,ქართლის ხმაში" გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებით, სათაურით -,,ნემსაძის შემოსავლიანი სისტემა გორის თეატრში". ამ პროვოკაციულ გამონათქვამებზე პასუხი არ გავეცი. თეატრის ფოიეში სამხატვრო ხელმძღვანელმა და მმართველმა გეზი აიღეს საკუთარი კაბინეტისკენ, ხოლო მე გზა იურისტის ოთახისკენ გავაგრძელე. ამ დროს ნემსაძემ უცენზურო სიტყვებით მომმართა. ,,ვერ ვიქნები კორექტული, როცა კრეტინთან მაქვს საქმე", - არ ცხრებოდა ნემსაძე. კვლავ ზრდილობისკენ მივუთითე ნემსაძეს და შევახსენე, რომ მე მისი თანამშრომელი არ ვიყავი, ვის ლანძღვასაც მიჩვეულია, და მივუგე, რომ ჟურნალისტებთან ასეთი საუბარი არ გაუვიდოდა. ,,დიახაც, გამივა!" - აღშფოთდა ნემსაძე. უკვე თეატრის იურისტის ოთახში ხელი ჩამავლო და ოთახიდან გამაგდო. ,,ვინ შემოიყვანა ეს აქ, გაეთრიე გარეთ!", - ყვიროდა ნემაძე", – ასე იხსენებს მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტი.

ამის შემდეგ წიწიკაშვილმა თეატრი დატოვა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურის სამინისტროს, გორის შს სამმართველოს აღნიშნულ ინციდენტზე რეაგირებისთვის განცხადებით მიმართ, ხოლო პროკურატურას მოსთხოვა სისხლის სამართლის საქმე აღეძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე და 154-ე მუხლებით, სადაც საუბარია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დევნაზე სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის გამო და სხვ.

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ ჟურნალისტის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა არ დამალა, რომ წიწიკაშვილთან შელაპარაკება მოუვიდა. ნემსაძის თქმით, ჟურნალისტი ბუღალტერიაში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
აშკარაა, რომ ტენდენციურია ჩემ მიმართ. ის არასწორ დასკვნებს აკეთებს, ფაქტებს ერთმანეთში ურევს. შევლაპარაკდით. შეიძლება ერთი პიესა მეორეში აგერიოს?! ამას ვუწოდე კრეტინიზმი. ამიტომ გაღიზიანდა საბა...

„ძალიან თავხედურად და თვითნებურად მოიქცა ამ შემთხვევაში. მე ვთხოვე, რომ ტერიტორია დაეტოვებინა. ჩემი მთავარი მიზანია, რომ თეატრს მივაქციო მაქსიმალური ყურადღება, ვიღაცა ავანტიურისტი ადამიანი კი რაღაცებს ეძებს. ეძებოს რაც უნდა და ამოიღოს, მე პრობლემა არ მაქვს, რადგან კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე ვმუშაობ. ფინანსურ და საბუღალტრო საქმიანობასთან საერთოდ კავშირი არა მაქვს და მხოლოდ შემოქმედებით პროცესზე ვაგებ პასუხს. ეს დღემდე ვერ გაიგო წიწიკაშვილმა. გართულებები აქვს ჰონორარზე. წიწიკაშვილს ჰგონია, რომ ჰონორარის აღება კრიმინალია. ამაზე უკვე საუბარიც აღარ შეიძლება. ადრე, კომუნისტების დროს, როცა რეგიონში მთავარი რეჟისორი ჩადიოდა, ბინასაც აძლევდნენ და მანქანასაც და ახლა ჰონორარი თუ არ ავიღე, საქმიანობიდან გამომდინარე, პურის ფულიც არ იქნება. ამ კაცს უკვე პირადული დამოკიდებულება აქვს სოსო ნემსაძის მიმართ. აშკარაა, რომ ტენდენციურია ჩემ მიმართ. ის არასწორ დასკვნებს აკეთებს, ფაქტებს ერთმანეთში ურევს. შევლაპარაკდით. შეიძლება ერთი პიესა მეორეში აგერიოს?! ამას ვუწოდე კრეტინიზმი. ამიტომ გაღიზიანდა საბა", - განაცხადა სოსო ნემსაძემ.

ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტს თეატრიდან საჯარო ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა წიწიკაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასრულია.

14 აპრილს საბა წიწიკაშვილს პროკურატურიდან ოფიციალურად შეატყობინეს, რომ მისი განცხადება რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა გორის სამმართველოს გადაეცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG