Accessibility links

logo-print

“ლიდერთა სკოლა” და დისკუსიის კულტურა


ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის» ბაზაზე არსებული “ლიდერთა სკოლა”

ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის» ბაზაზე არსებული “ლიდერთა სკოლა”

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე. გასულ კვირას ასეთი შეხვედრები და დისკუსია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გაიმართა. მოეწყო დაუგეგმავი შეხვედრა ოზურგეთის ”ლიდერთა სკოლის” მესვეურებთანაც - საშუალო სკოლების მოწაფეებთან, რომლებიც სამოქალაქო კულტურას ეუფლებიან.

ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის» ბაზაზე არსებული “ლიდერთა სკოლა” და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო «XXI საუკუნე» 1996 წლიდან არსებობს. ბავშვებს სანამ შევხვდებოდით, ”ლიდერთა სკოლის” საიტზე ამ ორგანიზაციის მიზნებს გავეცანით. პირველმა პუნქტმა, ”მოზარდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა”, ცოტა არ იყოს შემაშინა: ეს სიტყვები - ”აქტიური ახალგაზრდები” და ”აქტიური მოქალაქეები”- ხშირად არცთუ სასიამოვნო ასოციაციებს აღძრავს ჩემში. მაგრამ მეორე პუნქტმა - “მოზარდებში (მათ შორის, მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მიუსაფარი, ობოლი ბავშვები და სხვ.)კრიტიკული აზროვნებისა და თანამედროვე ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება” - დამაიმედა: გულმა მიგრძნო, რომ შტამპებისგან თავისუფალ ბავშვებს შევხვდებოდით - ბავშვებს, რომლებიც დაზეპირებული ტექსტებით არ მეტყველებენ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგანგებოდ ჩატარებულ ტრენინგებზე დაზეპირებული ტექსტებით. არადა, ასეთი ტრენინგები ბავშვებს ნამდვილად უტარდებათ. “ლიდერთა სკოლის” ოფისში დაფაზე ჯერ კიდევ დარჩენილი იყო ბოლო ტრენინგის კვალი - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ბავშვებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ესაუბრა თურმე. ბავშვებმა თავიანთი გაზეთი ”8+1” გადმოგვცეს და თავიანთი საქმიანობის შესახებ გვიამბეს.

„ლიდერთა სკოლის“ ძირითადი პრიორიტეტი ბავშვთა უფლებებია. ამ ეტაპზე „ლიდერთა სკოლაში“ გაერთიანებულია ოზურგეთის რაიონის ორმოცდაათზე მეტი მოსწავლე.

დაარსების დღიდან კი „ლიდერთა სკოლაში“ განათლება 600-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო. დღეისათვის ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. ერთ-ერთი მათგანი, ვახუშტი მენაბდე, ომბუდსმენის აპარატში მუშაობს. „ლიდერთა სკოლის“ ასევე ცნობილი აქტივისტი, პოეტი გიორგიმ კეკელიძე, ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის”, პროდიუსერია.

„ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე საკამათოდ გამოაქვთ მნიშვნელოვანი საკითხები და ადვოკატირების კამპანიის საშუალებით ცდილობენ მათ მოგვარებას. მაგალითად, ბავშვებმა გვითხრეს, რომ სერიოზულად აწუხებთ, როგორ აშუქებს ბავშვების ცხოვრებას ქართული მედია. ყველაფრის ჩვენება შეიძლება, ოღონდ ფორმას გააჩნიაო, - გვითხრეს ოზურგეთის „ლიდერთა სკოლის“ აღსაზრდელებმა. თუმცა სიტყვა ”აღსაზრდელი” მთლად კარგად არ გამოხატავს ამ ბავშვების ადგილს და როლს საქართველოს ერთი რეგიონის ცხოვრებაში. მასწავლებლები აქ მაინცდამაინც არ აქტიურობენ. მართლაც რომ ძალიან დემოკრატიული გარემოა ეს - ბავშვები აბსოლუტურად თანასწორები არიან და, რაც მთავარია, არ ლაპარაკობენ იმ ენაზე, რომელიც მუდმივად გვესმის ქართული ტელეარხებიდან, როცა ეკრანზე ბავშვები გამოჩნდებიან ხოლმე. „ლიდერთა სკოლის“ აქტივისტები ბუნებრივები და გულწრფელები არიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG