Accessibility links

logo-print

ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა


გრიგოლ ვაშაძე და ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა

გრიგოლ ვაშაძე და ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა

ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ყველა დონეზე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, განაცხადა ნატოს ბერლინის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. იმავე დარბაზში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კი ალიანსის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს გაეროს მანდატით მიმდინარე ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილეობისათვის:

„საქართველო-ნატოს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო საგრძნობლად გაფართოვდა. ეს სასარგებლოა ნატოსთვის, საქართველოსა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისათვის. და ეს ეხმარება საქართველოს ითამაშოს სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი, როგორც უსაფრთხოებაში მონაწილე ქვეყანამ.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო მეორე არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი ქვედანაყოფი ჰყავს ავღანეთში. ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში 1000 ჯარისკაცს აღწევს. მათ შორის, გაძლიერებული ქართული ბატალიონი იმყოფება ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ბოლო წლის განმავლობაში 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის საბრძოლო ჭრილობა მიიღო.

ნატოს 28 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ბერლინში
თუმცა, შექებასთან ერთად, ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მოუწოდეს გაატაროს კიდევ უფრო მეტი რეფორმა, რათა კავკასიის ამ ქვეყანამ დააკმაყოფილოს გაწევრიანების აუცილებელი კრიტერიუმი. „საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში ოპოზიციასთან უნდა ითანამშრომლოს“, - ნათქვამია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე იმსჯელეს ბერლინში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაზე. ყურადღება გაამახვილა რა უკრაინა-ნატოს განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტისგან აღებული ვალდებულებების შესრულების პირობა მიიღო:

“თებერვალში, კიევში ჩემი ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პერსონალურად დაადასტურა ვალდებულება განავითაროს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსა და უკრაინას შორის.“

15 აპრილს ბერლინში გამართული ნატოს მინისტერიალის დღის ბოლოს შედგა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. დღის წესრიგში იყო ორი უმთავრესი საკითხი - ლისაბონის სამიტზე შემუშავებული ნატო-რუსეთის ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამა და ერთობლივი დახმარების პროგრამა ავღანეთისათვის, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა ავღანეთის არმიას სამხედრო ვერტმფრენები უნდა გადასცეს.

თუმცა მოსკოვთან ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში ფართო თანამშრომლობის გეგმის გამო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სერიოზული ოპოზიცია ჰყავს. წერილში, რომელიც სენატის 39 წევრმა 14 აპრილს გაუგზავნა ბარაკ ობამს, „შეშფოთებაა გამოთქმული“ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების გამო, რომ რუსეთმა ვაშინგტონისაგან შესაძლოა მიიღოს მგრძნობიარე ინფორმაციები გზაგადამჭრელი რაკეტების ტექნოლოგიის შესახებ. ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ „რუსეთს უარი ეთქვას სამხედრო ალიანსისათვის განკუთვნილი შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემის თარიღის, მათი შესაძლებლობებისა და დისლოკაციის თაობაზე“, - ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის მარკ კირკის ხელმძღვანელობით შედგენილ ამერიკელ სენატორთა ერთობლივ მიმართვაში.
XS
SM
MD
LG