Accessibility links

გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ მიწების გაყიდვა გააპროტესტა


გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში პარასკევს ხმაური იყო. სოფლის მოსახლეობამ საძოვრების გაყიდვა გააპროტესტა და ინდოელ მეპატრონეს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცა. მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ დააკავა სოფლის მკვიდრი რომან ალაძე, რომელსაც სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა. დღის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფელ ზეღდულეთში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. საინფორმაციო სააგენტოებს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრებს უწოდებს, სახნავ-სათეს კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც 2008 წლის დეკემბერში, ღია აუქციონის წესით, ორ ფიზიკურ პირზე გაიყიდა. ეკონომიკურ უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტერიტორია არ იყო საძოვარი და ამიტომ მოხდა მისი გასხვისება. "რაც შეეხება საძოვარს, მისი გაყიდვა კანონით აკრძალულია" - განაცხადეს პრესსამსახურში. როგორც გორში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს შეხვდნენ. მათ პირობა მიიღეს, რომ საკითხში გარკვევა უახლოეს დღეებში მოხდება და შესაძლოა მიწის მესაკუთრეს ალტერნატიული ფართი გადაეცეს.
XS
SM
MD
LG