Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საძოვრის გაყიდვას აპროტესტებენ


სახნავ-სათესი სამუშაოები გორის რაიონში
სახნავ-სათესი სამუშაოები გორის რაიონში
პარასკევს გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სოფლის საძოვრებთან ზეღდულეთელები შეიკრიბნენ და მიწის ინდოელ მეპატრონეს ტერიტორიის დამუშავების საშუალება არ მისცეს.

ზეღდულეთელების მტკიცებით, საძოვრები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასხვისა, გლეხებმა კი ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც იქ პირუტყვის გაშვება აუკრძალეს. შეხლა-შემოხლა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ტრაქტორების ტერიტორიაზე შესვლას შეეწინააღმდეგა. აქციის მონაწილეები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს უხეშად მოექცნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდა საძოვრისა, რომელიც 75 ჰექტარამდეა, ასევე გაყიდულია 100 ჰექტარამდე სარეზერვო მიწაც. შეხლა-შემოხლის დროს პოლიციამ დააკავა სოფლის მკვიდრი რომან ალაძე, რომელსაც სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ზეღდულეთში მოსახლეობასთან “თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც ხელისუფლების მხრიდან მიწის ფართობების გაყიდვა გააპროტესტეს და მიწის დამუშავების პროცესი შეაჩერეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწა 4 წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და ხელისუფლება მეპატრონისა და მოსახლეობის დავაში ვერ ჩაერევა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა აღნიშნა, რომ ის დაეხმარება მოსახლეობას, რომ სასამართლოს მიმართოს და საკითხი სამართლებრივად გადაწყდეს.

დღის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფელ ზეღდულეთში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. საინფორმაციო სააგენტოებს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრებს უწოდებს, სახნავ-სათეს კატეგორიას მიეკუთვნება და ის 2008 წლის დეკემბერში, ღია აუქციონის წესით, ორ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე გაიყიდა.

ეკონომიკურ უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტერიტორია არ იყო საძოვარი და ამიტომ მოხდა მისი გასხვისება. "რაც შეეხება საძოვარს, მისი გაყიდვა კანონით აკრძალულია", - განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, გაყიდული მიწა მოიცავს 75,68 ჰექტარს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში იყიდა შპს "ფუდლენდმა", რომლის წარმომადგენელია ჯავხან სინგხი.

აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს შეხვდნენ. მათ პირობა მიიღეს, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა და შესაძლოა მიწის მესაკუთრეს ალტერნატიული ფართობი გადაეცეს.
XS
SM
MD
LG