Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 16 აპრილი 2011


„ოქსფორდ ანალიტიკა“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მაკროსაექსპერტო ანალიზს სთავაზობს დამკვეთებს. ინფორმაცია ფასიანია. 4 აპრილს კომპანიამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზის ტექსტი დახურულია და მხოლოდ მცირე პასაჟის ციტირებაა შესაძლებელი:
”დრამატულია სხვაობა საქართველოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმაღლესი მთავრობის წევრების მიერ დახატულ ეკონომიკურ რეალობას შორის.”

დღევანდელი „რეზონანსი“ პარლამენტარ პეტრე მამრაძის საინტერესო წერილს აქვეყნებს. პეტრე მამრაძისთვის, როგორც ჩანს, ხელმისაწვდომია 4 აპრილს გამოქვეყნებული „ოქსფორდ ანალიტიკის“ ზემოთ ნახსენები კვლევა, რადგან წერილში საკმაოდ ვრცელი ციტატებია მოყვანილი ამ კვლევიდან. როგორც წერილიდან ირკვევა, ანალიზში მთავარი აქცენტები დასმულია საქართველოში იმპორტ-ექსპორტის დინამიკაზე, საგარეო ვალსა და ადგილობრივი ეკონომიკური დარგების მდგომარეობაზე. გაგაცნობთ რამდენიმე ციტატას:

”მომდევნო ორი-სამი წელიწადი, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მძიმე იქნება, ვინაიდან საქართველომ უნდა დაიწყოს ევროობლიგაციების გამოშვებით აღებული ვალის დაფარვა. სხვა საპროცენტო გადახდებთან ერთად, ვალების მომსახურების თანხა მხოლოდ 2013 წელს 900 მილიონ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ შეძლებს ასეთი ხარჯის გაღებას. ამას ისიც ემატება, რომ ეს წელი იქნება არჩევნების წელიწადი, მოსალოდნელია ხარჯები პოპულისტურ პროგრამებზე, რაც დამატებით ფინანსურ დაძაბულობას შექმნის”,- ციტირებს პეტრე მამრაძე „ოქსფორდ ანალიტიკის“ კვლევიდან ფრაგმენტს. და კიდევ ერთი ციტატა საგარეო ვალთან დაკავშირებით:

”განსაკუთრებული ყურადღება ანალიზში საქართველოს საგარეო ვალს ეთმობა. აღნიშნულია, რომ ეს ვალი სულ იზრდება, ხოლო ეკონომიკის განვითარების არასაკმარისი ტემპის ფონზე ძველი ვალების დასაფარავად ახალი ვალების აღებამ შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა.”

წერილის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება არასათანადო ყურადღებას აქცევს ქართული ეკონომიკის ისეთი - პოტენციურად მოგების მომტანი -დარგების განვითარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა:

”საქართველო აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანას, მათ შორის იმ პროდუქტებისა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მისი საექსპორტო შემოსავლის მთავარი წყარო.”

კვირის განმავლობაში გაზეთები დაახლოებით იმავე თემაზე საკმაოდ მრავლად აქვეყნებენ სტატიებს. გვხვდება ასეთი ტერმინი - ’ფინანსური პირამიდა’, რაც ნიშნავს ძველი ვალების დასაფარად ახალი ვალების აღებას. ამაზე წერენ „საქართველოს რესპუბლიკა“ და „ახალი თაობა“. „ახალი თაობის“ მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი დღეისათვის 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. შედარებისთვის: 2003 წელს საგარეო ვალი 1,8 მილიარდი დოლარი იყო. „24 საათი“ 14 აპრილს აქვეყნებს სტატიას საგარეო ვალთან დაკავშირებით. სტატიაში საუბარია საგარეო ვალის გადავადებაზე. გაზეთი ციტირებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ მთავრობამ კარგი მუშაობით ქვეყანას საგარეო ვალი გადაუვადა:

”მთავრობის მიერ ძალიან წარმატებული რამ განხორციელდა. პრაქტიკულად მოხდა საქართველოს სახელმწიფო ვალის გადავადება ძალიან დიდი ვადით და 2013 წელს ჩვენ ვალის ძირითადი ნაწილი გადასახადი არ გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ფული დავხარჯოთ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე.”

ზევით ნახსენებ „ახალი თაობის“ სტატიაში „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი თემურ მურღულია ეჭვობს, რომ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებს და ამ გზით ცდილობს მომავალ არჩევნებს ვალის თემა აარიდოს:

”უნდა ვაღიაროთ, ხელისუფლებას აქვს იმის ფუფუნება, რომ ძალიან ძლიერი პიარტექნოლოგები დაიქირაოს. ამ ხალხმა კი იცის, რომ 2013 წელი მოახლოვდა და ამ უზარმაზარი ვალის განცდა საზოგადოებაში როგორმე უნდა განემუხტათ.”

კვირის პრესა საკმაოდ დიდ დროს უთმობს საარჩევნო გარემოზე საუბარს. ახალ ამბებში მოთხრობილია ოპოზიციური „რვიანის“ რეგიონალურ შეხვედრებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმულია დასავლური სტრუქტურების აქტიური ინტერესი საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროცესებისადმი და არის ცნობები იმის შესახებაც, თუ რას ფიქრობს თავად მოსახლეობა ამ პროცესებზე. მაგალითად, „რეზონანსი“ თხუთმეტ აპრილს აქვეყნებს სტატიას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ. სტატიის მიხედვით, ორგანიზაციამ რეგიონებში 1101 ადამიანისგან აიღო ინტერვიუ. ერთ-ერთი დეტალი, რაც გამოიკვეთა, არის არჩევნების მნიშვნელობისა და ფუნქციის გააზრება მოქალაქეთა მიერ. კვლევის მიხედვით, ეს საკმაოდ დაბალ დონეზეა:

”არჩევნებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობას მოსახლეობა ბოლომდე ვერ აცნობიერებს, შესამჩნევია ინფორმირებულობის ნაკლებობა და მისი, როგორც ამომრჩევლის, ქცევა განპირობებულია მხოლოდ გარკვეული განწყობებით.”
XS
SM
MD
LG