Accessibility links

logo-print
ბრიტანეთის ჟურნალ „ეკონომისტში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი თავიდანვე პარალელს ავლებს ორ ფენომენს შორის - ერთი ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობაა, მეორე კი ქართველი კაცის, როგორც მძღოლის, ქცევა. „ეკონომისტის“ წერილის ავტორი ამბობს: დღევანდელ საქართველოში სტუმართმოყვარეობის წესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საგზაო მოძრაობის წესებს კი მაშინ იცავენ, როცა ახლოს საგზაო პოლიციააო. სტატიაში მოყვანილია კავკასიის „რესურსცენტრის“ ანგარიშში ნათქვამი, რომ ასეთი ქცევა მნიშვნელოვანი ტენდენციის ნაწილია. სოციალურ მეცნიერებათა ლექსიკონში ამას, წაიკითხავთ „ეკონომისტში“, „სოციალური კაპიტალი“ ჰქვია, რომელიც საქართველოს არასაკმარისი აქვსო. ის ნდობის, ჩვევების და ინსტიტუტების ნარევია, რომელიც საზოგადოების შეკავშირებას განაპირობებს და მისი ნაკლებობა, ზემოხსენებული ანგარიშის თანახმად, ქვეყნის განვითარებას აფერხებსო. იქვე მითითებულია ის გზა, რამაც ამ დასკვნამდე მიიყვანა „რესურსცენტრის“ კვლევის ავტორები. კერძოდ, ისტორიაში, ახლო ისტორიაში, სოციალისტურ წარსულში უნდა ვეძებოთ ხსენებული მოვლენის ძირებიო. იქვე წერია, საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებების წევრობა და, საერთოდ, თანამშრომლობა არ უყვართ, რითაც ისინი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისგან დიდად არ განსხვავდებიანო. ეს ტენდენცია სასოფლო-სამერნეო სფეროსა და ოპოზიციური პარტიების მაგალითებით დასტურდება ანგარიშშიო. წერილში ნათქვამია, სურსათის ფასების შემცირება და რეგულირება შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს ფერმერთა შეკავშირებული მოქმედებით, მაგრამ ამას ვერ ახერხებენო. ასევეა ოპოზიციის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი მასა უჭერს მხარს, ურთიერთუთანხმოების გამო ისინი ვერ ახერხებენ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევასო. სტატიის ბოლოს მოყვანილია ფრაგმენტი გაზეთ „მესენჯერიდან“: ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს უთქვამს, გავაცნობიერეთ, რომ ქვეყანას ლოცვით მეტ სარგებელს მოვუტანთ, ვიდრე პოლიტიკურ ორომტრიალში მონაწილეობითო.

აშშ-ის „ნიუ იორკერი“ ბეჭდავს წერილს საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში მოგზაურობაზე, იმის შესახებ, თუ როგორ ესტურმა მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს, როგორც „ნიუ იორკერი“ ამბობს, თავის ძველ მეგობარს. წერილის თავშივე მკითხველს აცნობენ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტის წარმატებას, კერძოდ,რომ ტრამპმა საქართველოს შესთავაზა მისი სახელი და შესანიშნავი გამოცდილება ორი შენობის ასაგებად გამოიყენოს. როგორც ცნობილია, ერთი მათგანი აშენდება თბილისში, მეორე აჭარის დედაქალაქში. ეს მეორე, გამოცემის თანახმად, საქართველოში უდიდესი შენობა იქნება. სტატიის ავტორი აღწერს იმ საღამოს შეხვედრას, რომელსაც თვითონ ტრამპი აღარ ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტს „ნიუ იორკერისთვის“ უთქვამს, რომ ის 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან ტრამპის თაყვანისმცემელია. კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სააკაშვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, რომელსაც ტრამპის შენობაში ჰქონდა ოფისი დაქირავებული. ლიფტში შევხვდიო, – იხსენებს პრეზიდენტი. – ტრამპმა მკითხა, მოგწონს თუ არა შენობაო. ვუპასუხე, უკეთესი იქნება ჩვენს სართულზე შხაპს თუ შეაკეთებთ-მეთქი და დაახლოებით თორმეტ საათში შეაკეთესო. სააკაშვილზე ტრამპთან შეხვედრას შთაბეჭდილება მოუხდენია: იმის შემდეგ ნიუ-იორკში ყოველთვის ტრამპის სასტუმროებში ვჩერდებიო. წერილში საუბარია იმ საღამოზე მისულ სხვა პერსონებზეც, საქართველოსა და აშშ-ის მხრიდან. მაგალითად, მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი ვერა ქობალიას მიმართავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 29 წლის მინისტრს, და სიცილით ეკითხება: „შეგიძლია რამე კარგი თქვა ჩვენს კულტურაზეო?“. იგივე გლუკსმანი შვედი მარკეტოლოგის კამილა ოლსონის გვერდით მჯდარა. ოლსონს უთქვამს მისთვის, საუცხოო „ტრამპები“ ქართველებს მე წარვუდგინეო. სტატიის ავტორი აღწერს, თუ როგორ იჯდა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი აშშ-ში, თემურ იაკობაშვილი, კეროლ ალტის, 80-იანი წლების სუპერმოდელის გვერდით, რომელიც რეკლამას უწევდა საკუთარ უმი კვების დიეტას და პირს არ აკარებდა კერძს, რომელიც წინ ედგა. წერილში წაიკითხავთ, რომ სტუმართაგან საქართველოში ცოტა იყო ნამყოფი. ვინც იცნობდა ამ ქვეყანას, - მაგალითად, ბათუმს, - ამბობდა, იქ „მონტე კარლო და ლას ვეგასი ხვდება ერთმანეთსო. სხვები აბობდნენ, ეს ქვეყანა ყველაფერი საუკეთესო იტალიურისა და ყველაფერი საუკეთესო ფრანგულის ნაზავიაო. ქართული სამზარეულო კი, მათივე აზრით, ინდურ სამზარეულოს მოგაგონებთ, მაგრამ მაინც უფრო ხმელთაშუაზღვისპირულია.“

„ნეიშენელ ინტერესტი“ ტომას დე ვაალის წერილს აქვეყნებს. მასში ევროკავშირის „აღმოსავლეთთან პარტნიორობის“ პროგრამის პერსპექტივაზეა ლაპარაკი. წერილის ავტორი თავიდანვე ოდნავ სკეპტიკური ჩანს ამ პროგრამის განხორციელების მიმართ და ამბობს, ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც უჭირთ რამდენიმე დიდი საგარეოპოლიტიკური საკითხის ერთდროულად მოგვარებაო. იგივე ავტორი წერს, ამ პროგრამის სამიტი მაისში უნდა ჩატარებულიყო და შემოდგომისთვის გადაიდოო. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ევროპის ლიდერების არასაკმარისი ინტერესია შეხვედრისადმი - მათ არ სურთ ”აღმოსავლეთთან პარტნიორობის” სამიტში მონაწილეობა მათი ფინანსური კრიზისისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოვლენების გამოო. მისივე დაკვირვებით, „არაბულმა გაზაფხულმა“ გამოაცოცხლა ”სამხრეთში პარტნიორობის” პროექტი, რომელიც არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფართოებას გულისხმობს. სტატიის ავტორს სამხრეთევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრება მოჰყავს: უკრაინელები და სომხები ევროპული ტიპის დემოკრატიას დიდად არ ესწრაფვიან და მათთვის განსაზღვრული თანხები ჩრდილოეთაფრიკელებს ხომ არ მივცეთო. დე ვაალი თვლის, რომ ეს არაა წინდახედული პოზიცია. ის შეკითხვას სვამს, რამდენად რეალურია შანსი, რომ შევაჩეროთ ”აღმოსავლეთთან პარტნიორობის” პროექტის ფურცელზე დარჩენის შესაძლებლობაო და თავადვე უპასუხებს, რომ ორივე მხრიდან - ევროკავშირის და მონაწილე ქვეყნების მხრიდანაც - არის პრობლემები.
XS
SM
MD
LG