Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ავღანური ქვედანაყოფის“ მესამე როტაცია


გასულ კვირაში ავღანეთში გაემგზავრა ახალი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში სამშვიდო მისიით მყოფ ბატალიონს ჩაანაცვლებს. გეგმიურ მესამე როტაციას დაემთხვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბერლინში, სადაც საქართველოს მადლობა გადაუხადეს იმ წვლილის გამო, რაც ქართველ სამხედროებს შეაქვთ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში.

ტრადიცია უცვლელია: უსაფრთხოების მიზნით, ამერიკულ კომუფლირებულ ტანსაცმელში გამოწყობილი და ამერიკელი ქვეითების მსგავსად აღჭურვილი ქართული სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში ღამით მიემგზავრება. არასასურველი კადრების ღია ეთერში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, გასაიდუმლოებულია ცერემონიის დეტალები. სამხედრო უწყების კამერა აფიქსირებს მხოლოდ ჯარისკაცების ასვლას ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე და რამდენიმე კომენტარს. მაგრამ ეს ძუნწი კადრებიც მრავლისმეტყველია, ემოცია კი დასამახსოვრებელი მაშინაც კი, როცა აშკარად ჩანს, რომ 32-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური, კაპიტანი ზაზა წამალაშვილი და კაპრალი ნიკოლოზ აბესაძე არაფერს ამბობენ იმპროვიზებულად.

ქართველ ჯარისაკაცებს ბრძოლის ველზე ერთ ხმაში ლაპარაკი და ერთი მიზნით მოქმედება მთელი ექვის თვის განმავლობაში მოუწევთ, რათა წარმატებით შეასრულონ დაკისრებული ამოცანა და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდნენ. ჰელმანდის პროვინცია, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 33-ე ბატალიონი გაემგზავრა, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია ავღანეთში. ამ აფორიაქებულ პროვინციაში უსაფრთხოების კონტროლს მთლიანად ამერიკელი საზღვაო ქვეითების ბრიგადა, ქართული ბატალიონი და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ახორციელებენ. ავღანეთში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა მომზადება გაიარა კრწანისისა და ვაზიანის პოლიგონებზე. შემდეგ კი, უშუალოდ გადასროლის წინ, ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ქართული სამშვიდობო ბატალიონის მომზადებას მაღალი შეფასება მისცა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სწავლებისა და მრჩეველთა ჯგუფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კრისტოფერ მაკარტიმ. ამერიკელი ოფიცერი 12 აპრილს თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, რათა გზა დაელოცა ავღანეთში მიმავალი ქართველი სამხედროებისათვის.

„33-ე ბატალიონი გააგრძელებებს თავისი წინამორბედების, 31-ე და 32-ე ბატალიონების მიერ წარმატებით შესრულებულ მისიას და საკუთარ წვლილს შეიტანს ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს თავგანწირვას ავღანეთში და მინდა გითხრათ, რომ ჰელმანდის პროვინციაში მყოფ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ეამაყებათ თქვენს გვერდით ბრძოლა. პროფესიონალი, დისციპლინებული და გამოცდილი სამხედრო ძალის რეპუტაცია თითოეული სამხედროს მონდომებისა და თქვენი ხელმძღვანელობის გამოცდილების დამსახურებაა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ორბის ბატალიონთან ერთად მომიწია მუშაობა. გისურვებთ შინ წარმატებით და უვნებლად დაბრუნებას“, - განაცხადა საზღვაო ძალების სწავლებისა და მრჩეველთა ჯგუფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კრისტოფერ მაკარტიმ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაბედული მოქმედება ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთშორისო ძალების რიგებში, მათი თავდადება, მსხვერპლი საამაყოც არის და სამწუხაროც. 2009 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ქართულმა სამშვიდობო ქვედანაყოფებმა ავღანეთში 7 ჯარისკაცი დაკარგეს, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის საბრძოლო ჭრილობა მიიღო. ავღანეთში დაღუპული ყველა ქართველი ჯარისკაცი სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო ორდენებით დაჯილდოვდა. ისინი დაკრძალეს სახელმწიფოს ხარჯით, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს გადაეცათ კანონით დადგენილი ერთჯერადი ფულადი დახმარება. 15 აპრილს ბერლინში გამართულ ნატოს მინისტერიალზე ქართველი ჯარისკაცების წვლილს ავღანეთის უსაფრთხოებაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა:

„საქართველო-ნატოს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო საგრძნობლად გაფართოვდა. ეს სასარგებლოა ნატოსთვის, საქართველოსა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისათვის. და ეს ეხმარება საქართველოს ითამაშოს სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი, როგორც უსაფრთხოებაში მონაწილე ქვეყანამ.“

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო არის მეორე არაწევრი ქვეყანა, ავსტრალიის შემდეგ, რომელსაც ნატოს სარდლობით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ქევდანაყოფი ჰყავს. საქართველოს 970 კაციან სამხედრო ქვედანაყოფს წელს კიდევ 15 ქართველი არტილერისტი დაემატა. ამაზე მეტად სამხედრო მისიის გაზრდა ავღანეთში, როგორც ხელისუფლება აცხადებს, აღარ იგეგმება. დიდი სიცხადე არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით მაინც ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როდის შეწყდება ქართველი ჯარისკაცების გაგზავნა ავღანეთში. ალიანსის ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებით, 2014 წელს ნატოს სარდლობამ უნდა დაასრულოს კონტროლის გადაცემის პროცესი. ავღანეთის უკვე 7 რაიონზე პასუხსიმგებლობა ეკისრება ამ ქვეყნის არმიას, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ძალებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG