Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში ამერიკამ უკანასკნელ გზაზე გააცილა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინორეჟისორი, სიდნი ლიუმეტი. 86 წლის ლიუმეტის გარდაცვალებას მისი შემოქმედების გახსენება მოჰყვა - პირველ რიგში, ლიუმეტის პირველი ფილმის, სასამართლო დრამის „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“, რომელიც 1957 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. ამის შემდეგ მან კიდევ 53 კინოფილმი გადაიღო. 2005 წელს სიდნი ლიუმეტს ოსკარი მიენიჭა კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. სიდნი ლიუმეტი, რომელმაც კარიერა ბროდვეიზე, ებრაულ თეატრში დაიწყო (მისი მშობლები ღრმად მორწმუნე ებრაელები იყვნენ), მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (იმ წლებში ლიუმეტი ინდოეთსა და ბირმაში, ამერიკულ ჯარში მსახურობდა) აგრძელებს თეატრში მუშაობას როგორც რეჟისორი და, უკვე სახელგანთქმული და პოპულარული, იღებს ფილმს ”12 განრისხებული მამაკაცი”. სამართლის, სამართლიანობის (და სასამართლოს) თემა ამ ფილმში იმდენად საინტერესოდ წარმოჩნდება, რომ სურათი, რომლის მოქმედება, ფაქტობრივად, არ სცილდება სასამართლო დარბაზს, რომელიც სავსეა დიალოგებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული (კომერციულად წარმატებული) პროექტი აღმოჩნდება ამერიკული კინოს ისტორიაში. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლიუმეტი ბრწყინვალედ ფლობს კინოენას და, მსახიობებთან წარმატებული მუშაობის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ბადალი არ ჰყავს ჰოლივუდში. მთავარი ისაა, რომ სიდნი ლიუმეტი ქმნის ახალ ჟანრს ამერიკულ კინოში, ფილმს სამართალზე - სწორედ იმ სამართალზე, რომლის უზენაესობას ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს. ამ თვალსაზრისით, ლიუმეტის ფილმები - ”ტელექსელი”, ”ვერდიქტი”, ”სერპიკო”, ”დენიელი” - ერთგვარი სახელმძღვანელოცაა იურისტებისთვის, მსაჯულებისთვის,

ლიუმეტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, როგორ ახერხებენ მისი იურისტი გმირები სამართლიანობის მისაღწევად ხიფათთან შეხვედრას და შიშის გადალახვას.. ”ვერდიქტში”, ისევე როგორც სიდნი ლიუმეტის სხვა ფილმებში, კლაუსტროფობური გარემოს გახსნა ცნობიერების განთავისუფლების პარალელურად ხდება. ლიუმეტი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს აქვს უფლება განსაჯოს ან დაიცვას სხვა.

ადამიანმა უსამართლობა თავის თავზე უნდა განიცადოს, რათა სამართალი დაიცვას - ამაში ყოველთვის დარწმუნებული იყო სიდნი ლიუმეტი. ამიტომაც ”12 განრისხებული მამაკაცის” გადაღების შემდეგ არაერთხელ უთქვამს, რომ მსაჯულისთვის ცხოვრებისეული გამოცდილება და ემპათია ზოგჯერ კანონის ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა საქართველოში აქტიურად დაიწყო საუბარი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შესახებ, სიდნი ლიუმეტის ფილმს იურისტთა ტრენინგებზე უჩვენებდნენ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ქართველი მომხრეები იდეალურად სწორედ ამერიკულ მოდელს მიიჩნევდნენ და ამტკიცებდნენ, მიუხედავად ჩვენი სამართლებრივი კულტურის დაბალი დონისა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში აუცილებლად გაამართლებსო. თუმცა მაშინაც კი ჩვენთან საუბარში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ”12 განრისხებულ მამაკაცში” მთავარი სულ სხვა თემაა:

“და, აი, ამ მთლიან საზოგადოებაში იბადება ეჭვი – მოდით, სხვანაირად შევხედოთ ამას... ე.ი. არ არსებობს იდეალური საზოგადოება... საზოგადოების მთავარი ღირებულება ხდება ეჭვი... ე.ი. ყოველთვის გამოხატე ეჭვი იდეალურის მიმართ, ნუ ენდობი იდეალურს, ნუ ენდობი სხვის მიერ მოხვეულ ღირებულებებს და ნუ იქნება შენი ღირებულებები “შეთანხმებული”... ერთიანობა მაშინ არის კარგი, როცა კონკრეტული მიზანი გაქვს, მაგრამ როგორც კი მიზანი მიღწეულია, უკვე ინდივიდუალიზმი მოდის წინ, უკვე განსხვავებულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთიანობა... ერთიანობა ყოველთვის დამღუპველია, რადგან არასდროს არ არის ბუნებრივი”, გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დღეს, ისევე როგორც საბჭოთა ეპოქაში, ხშირად საუბრობენ ხალხის და საზოგადოების ერთიანობაზე, თუმცა ხშირად ავიწყდებათ, რომ საზოგადოების განვითარებას არა ერთიანი უმრავლესობა და ერთფეროვანი მასა, არამედ უმცირესობა უწყობს ხელს - ესაა, ალბათ, დემოკრატიის პარადოქსი: ირჩევს უმრავლესობა, მაგრამ განვითარების მუხტი და უმრავლესობის - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - ”კონტროლი” უმცირესობაა... სიდნი ლიუმეტის ფილმში ”12 განრისხებული მამაკაცი” პუერტორიკელი ყმაწვილი მხოლოდ იმიტომ ხდება დამნაშავე, რომ ერთიანი საზოგადოების წევრი არ არის, საზოგადოებისა, სადაც ადამიანებს სახელებიც კი არა აქვთ.

საზოგადოება, სადაც ერთნაირი ადამიანები ცხოვრობენ - სიდნი ლიუმეტისთვის ეს საზოგადოება იყო ყველაზე საშიში და, თუკი ვლაპარაკობთ მისი ფილმების რადიკალურ სითამამეზე, პირველ რიგში ეს მხარე უნდა აღვნიშნოთ. ყველაფერს, რაც ხალხს ერთფეროვან მასად აქცევს, ლიუმეტი საზოგადოების განვითარების დაბრკოლებად მიიჩნევდა - თვით ტელევიზიასაც კი, თანამედროვე მედიას, რომელიც 1976 წელს გადაღებულ ლიუმეტის რადიკალურზე რადიკალურ კინოპამფლეტში ”ტელექსელი”, შეიძლება ითქვას, ადამიანთა მკვლელის როლში გვევლინება. მიუხედავად ამისა, ლიუმეტი ყოველთვის ახერხებდა ერთმანეთისგან გაემიჯნა ადამიანი და სოციალური უსამართლობა. იგი ოპტიმისტი იყო მაშინაც კი, როცა მისი ფილმები ჰეპიენდით არ სრულდებოდა.

„პროფესიონალიზმი ზნეობრივია” - თითქოს ამას ამტკიცებს სიდნი ლიუმეტი 1957 წელს გადაღებულ ფილმში ”12 განრისხებული მამაკაცი”. ზნეობრივია სამართალი, ზნეობრივია მართლმსაჯულება... უფრო სწორად, ზნეობრივი უნდა იყოს მართლმსაჯულება... თუკი მას ადამიანი არ აინტერესებს და მხოლოდ ქვეყნის გაძლიერებაზე, თუ გნებავთ, გამთლიანებაზე ზრუნავს, რაღა აზრი აქვს ასეთ მართლმსაჯულებას?
XS
SM
MD
LG