Accessibility links

საქართველო წინ მიდის თუ უკან?

საზოგადოებაში ამ საკითხზე თანხმობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს საპირისპირო მოსაზრებების ერთგვარი ბალანსი.

ზოგი იმაზე აკეთებს აქცენტს, თუ რა შენდება, ზოგიც იმაზე – თუ რა ინგრევა. ზოგისთვის ხელისუფლების მხარდასაჭერად საკმარისია დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, გაზრდილი პენსია, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა ნორმალური ხელფასი, უწყვეტი ელექტროენერგია, ბიზნესის დაწყების სიიოლე, მართვის საშუალო და ქვედა რგოლებში კორუფციის აღმოფხვრა, ქურდულ სამყაროსთან წარმატებული ბრძოლა, მანქანების ქურდობა-ძარცვის აღკვეთა და კიდევ ზოგიერთი რამ, რაც ახლა არ მახსენდება.

ზოგისთვის კი არ არის საკმარისი, რადგან ამ ზოგს მიაჩნია, რომ ის, რაც დაინგრა, გაფუჭდა, დაიკარგა, გაცილებით ფასეულია იმასთან შედარებით, რაც აშენდა და დამშვენდა.

ხელისუფლების მომხრეთა მცირე ნაწილი ანგარებიანი ინტერესებით არის მიბმული გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. მათთვის ხელისუფლების შეცვლა ცხოვრების დანგრევის ტოლფასია. მომხრეების უფრო დიდი ნაწილი კი უბრალოდ ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასაც ჯობია და ახლანდელ ოპოზიციასაც.

საქართველოს მოსახლეობის სულ სხვა – პროტესტული – ნაწილისთვის ნებისმიერი ხელისუფლება უკეთესია, ვიდრე ამჟამინდელი. ამ პოზიციის მიმდევრებს სხვადასხვა დროს მხარი დაუჭერიათ ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ლევან გაჩეჩილაძისთვის, ბადრი პატარკაციშვილისთვის და ხვალაც ნებისმიერს მიემხრობიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის დამარცხების პირობას დადებს.

ლოგიკა გვიკარნახებს, რომ ხელისუფლება მანამ არ შეიცვლება, სანამ არ დაირღვევა საზოგადოების ცნობიერებაში ამჟამად არსებული მყიფე წონასწორობა აშენებულსა და დანგრეულს შორის.

მაგრამ, არსებობს კი ეს წონასწორობა?

* * *
ვარდების რევოლუციის არსი ის იყო, რომ პატრიარქის (ედუარდ შევარდნაძის) ჰეგემონია დაამხო და შეცვალა მანიპულატორის (მიხეილ სააკაშვილის) ჰეგემონიით. ეს კი უბრალო ამბავი არ გახლავთ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ განზომილებაში. პატრიარქის ჰეგემონია დგას ტრადიციულ მორალზე, საზოგადოების იერარქიულ მოწყობაზე, პიროვნებების (და არა კანონის) ავტორიტეტზე. მანიპულატორის ჰეგემონიის დასამყარებლად აუცილებელია პატრიარქის ავტორიტეტის მსხვრევა და, მასთან ერთად, ტრადიციული ღირებულებების დაკნინება, მარგინალიზაცია, რასაც, როგორც წესი, საზოგადოების მოდერნიზაციის საჭიროებით ამართლებენ. ეს ურთულესი გზა მიხეილ სააკაშვილმა თავბრუდამხვევი სისწრაფით და წარმატებით გაიარა.

პატრიარქის ჰეგემონია, ზოგადად, ხელს უშლის მანიპულატორს, რადგან ტრადიციული საზოგადოება ძალიან მტკიცე და აგრესიულია თავისი ღირებულებების დაცვაში. მეორე მხრივ, სწორედ ტრადიციული საზოგადოება ამზადებს კარგ ნიადაგს მანიპულაციისთვის, რადგან ასეთ საზოგადოებაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ, ან, სულაც, გამორიცხავდნენ ადამიანებით თამაშს.

პატრიარქის როლით მოხიბლულმა ედუარდ შევარდნაძემ, თავის დროზე, ჰუმანიზმი გამოიჩინა და თავისუფლების რამდენიმე სარკმელი შეაღო. მან გზა გაუხსნა გამოძიებით ჟურნალისტიკას და მძაფრ პოლიტიკურ დებატებს როგორც მედიაში, ასევე – პარლამენტში. მაგრამ, არჩევნების მუდმივი გაყალბების პირობებში, თავისუფლების ეს დოზა საკმარისი მხოლოდ რევოლუციისთვის აღმოჩნდა. შევარდნაძის მთავარ შეცდომად შეგვიძლია მივიჩნიოთ სწორედ მუდმივი და მზარდი შეუსაბამობა მეტ-ნაკლებად თავისუფალ საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების ხისტ შედეგებს შორის.

მიხეილ სააკაშვილმა ეს შეუსაბამობა ჯერ შესანიშნავად გამოიყენა, შემდეგ – სხარტად აღმოფხვრა. საკმაოდ სწრაფად დაიხურა თავისუფლების ის სარკმლები, რომლებიც ედუარდ შევარდნაძემ გახსნა. არჩევნების შედეგებიც გაცილებით მეტად გახისტდა. მოქალაქეთა კავშირს არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც 2004 წლის გაზაფხულიდან დღემდე აქვს ნაციონალურ მოძრაობას; მოქალაქეთა კავშირს არასოდეს ჰქონია უმრავლესობა ყველა საკრებულოში, რასაც 2006 წლის შემოდგომიდან დღემდე ინარჩუნებს მიხეილ სააკაშვილის პარტია.

ეს წარმატებები პირდაპირ უკავშირდება მანიპულატორის ოსტატობას. ოსტატობის არსი კი ისაა, რომ ადამიანებს არარსებული მოაჩვენოს არსებულად, ცუდი – კარგად, წაგებული – მოგებულად, სუსტი – ძლიერად. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შიშის გრძნობა, მაგრამ სირცხვილისა და პროტესტის გრძნობა არ უნდა გააჩნდეს.

წარმატებული მანიპულაციისთვის თავიდანვე ორი ამოცანა იყო გადასაჭრელი: არასასურველი („ამრევი“) ინფორმაციისგან მოსახლეობის იზოლირება და საზოგადოების შიგნით მორალური საყრდენების ნგრევა.

პირველი ამოცანა საბოლოოდ მაშინ შესრულდა, როდესაც, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარა. ყველა ნაციონალური მაუწყებლის გაუკონტროლებლად სრული და ტოტალური მანიპულაცია შეუძლებელი იქნებოდა. 2008 წლის გაზაფხულისთვის ეს პრობლემა წარმატებით გადაიჭრა.

რაც შეეხება საზოგადოების შიგნით მორალური საყრდენების მორღვევას, ეს პერმანენტული ამოცანაა. პროცესი იწყება ამორალური ქცევების წახალისებით. გავიხსენოთ, როგორ „გააგმირეს“ დავით კირკიტაძე, რომელმაც პარლამენტის დაცვის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით დანიშნეს მინისტრებად საეჭვო კომპეტენციის ადამიანები; როგორ აზეიმეს მოსახლეობის ნაწილს წაგებული ომი; როგორ „ჩარეცხეს“ აკადემიური წრეები; როგორ და რამდენჯერ დემონსტრაციულად ცემეს ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები...

პარალელურად, რეიტინგული ტოკშოუების, საინფორმაციო და საავტორო პროგრამების მეშვეობით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს „კარგის“ და „ცუდის“, „კეთილის“ და „ბოროტის“, „სიმართლის“ და „ტყუილის“ აღრევის მუდმივმოქმედი სატელევიზიო შტურმი/პროპაგანდა. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის ტელეფონზე განხორციელებული ზარის გამო სამი ახალგაზრდა დაიჭირეს და, მათ შორის, ერთი აწამეს, დღეს ყველაზე პოპულარული და მოდური სატელევიზიო სახეა. მთელი საქართველო უყურებს მის გადაცემას, მსჯელობს გადაცემის ავ-კარგზე და ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, რა ჯოჯოხეთი მოელის, თუკი ამ სიმპათიურ წამყვანთან მისი გზა ირიბად გადაიკვეთა. საქართველოს ეროვნული ტელევიზიებით თითოეული ოჯახის დონეზე მკვიდრდება ის ღერძულა იდეა, რომ დღეს საქართველოში წარმატება ღირებულებების უკუპროპორციულია.

ფაქტობრივად, საქართველოში შექმნილია უზნეობის ინდუსტრია, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს კვლავწარმოებას.

* * *
რა დაამარცხებს მანიპულატორის ჰეგემონიას?

თავის ზღაპარში „მეფის ახალი სამოსი“ ჰანს კრისტიან ანდერსენმა მანიპულაციის ზუსტი ალგორითმი აღწერა. შიშველ მეფეს ქვეშევრდომები არარსებულ სამოსს უქებენ – ზოგი ანგარების, ზოგი კი – შიშის გამო. ჰოდა, პატარა ბიჭი, რომელსაც ამ ფარსის არაფერი გაეგება, გულწრფელად შესძახებს: „მეფე შიშველია!“

სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება არა პრიორიტეტებზე შეთანხმება – რა უფრო ღირებულია: ავტობანი თუ სიტყვის თავისუფლება? მუდმივი ელექტროენერგია თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა? ჩვენ გვჭირდება ტყუილისგან, ფარისევლობისგან, შიშისგან გათავისუფლება და სიმართლისთვის თვალის გასწორება.

მგონი, ადრეც მითქვამს. საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კენეთ იალოვიცმა, ერთხელ გულშიჩამწვდომი სიტყვები ბრძანა: „დემოკრატია მამაცი ხალხის საქმეა. მჯერა, ქართველებს ეყოფათ სიმამაცე, ააშენონ დემოკრატიული ქვეყანა.“

მანიპულაციის ჰეგემონიიდან გამოსვლის და გადარჩენის ყველა გზა სიმართლეზე გადის – ეს ვიცი. ოღონდ, არ ვიცი, ჩვენ როდის ვიქნებით მზად იმისთვის, რომ გადავრჩეთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG