Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა


საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონთან” და ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან” დაკავშირებული სარჩელები. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია", საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი”. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმები, რომლებიც, მაგალითად, კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ”ასეთი სახის აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ის შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის”. სამაგიეროდ, სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩათვალა, მაგალითად, კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ/თვითმიზნურ გადაკეტვას (მათ შორის სხვადასხვა კონსტრუქციით, საგნებით და ავტომობილებით). მთელი რიგი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს 18 აპრილის გადაწყვეტილებამ მოსარჩელეები კმაყოფილი დატოვა. გადაწყვეტილებას ”წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
XS
SM
MD
LG