Accessibility links

10 აპრილი, კვირა
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, „თავისუფლების“ მოსმენა რომ დავიწყე. მახსოვს, ისეთი მობილური ტელეფონის ყიდვა მინდოდა, რომელსაც რადიოს ფუნქციაც ექნებოდა „თავისუფლების“ მშვიდტემბრიანი, დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაციისათვის რომ მომესმინა. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს განვითარებაში ამ რადიოსაც დიდი წვლილი მიუძღვის.

არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით გამიგია, რომ ოჯახში ბაბუაჩემიც უსმენდა რადიო „თავისუფლებას“, ოღონდ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებდა. თურმე, ოთახის კარს კეტავდა და ძალიან დაბალ ხმაზე უსმენდა - ალბათ, ისტორიული სამშობლოდან ახალი ამბების გაგება სურდა. ისტორიული სამშობლოდან, რომელიც ასე ახლოს, მაგრამ, ამავე დროს, ასე შორს, რკინის ფარდის მიღმა იყო; სამშობლოსი, რომელიც ავბედითი 1921 წლის ლოზანის ხელშეკრულების შემდეგ ოთხ ნაწილად დაინაწილა ოთხმა სახელმწიფომ: თურქეთმა, ერაყმა, ირანმა და სირიამ. ამ სამშობლოს ქურთისტანი ერქვა. საზოგადობაში მეტად მცდარი წარმოდგენა არსებობს ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ასე ამბობენ, ერთიანი ქურთისტანი, როგორც სახელმწიფო, არასოდეს არსებობდაო. ცოტამ თუ იცის, რომ სინამდვილეში ისინი, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად არსებობდნენ და ფორმალურად შედიოდნენ ოსმალეთის ან სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში. არსებობდნენ ძალიან გავლენიანი საგვარეულოები, რომლებიც თავიანთ სამფლობელოებში სრული ბატონ-პატრონები იყვნენ და ნაკლებად ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, ერთ-ერთ ასეთ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა ბაბუაჩემის ოჯახი, რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული თემის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მაგრამ ისტორიის ჩარხი ისე დატრიალდა, რომ რელიგიური დაპირისპირების გამო ჩვენი საგვარეულო იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ეცხოვრა ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში და ბოლოს - საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

დილით ადრე გავიღვიძე, ყავა დავლიე და ველაპარაკე დედას, რომელიც მთელი სანათესაოს და სამეგობროს ამბებს მომიყვა. დილის 8 საათიდან ტელეფონით ელაპარაკა ჯერ ერთ დას, მერე - მეორეს. ბუნებრივია, ახალი ამბები და ერთმანეთის ოჯახური საკითხები განიხილეს, მერე ბიცოლაჩემმა დარეკა და მანაც ახალი ამბებით „მოამარაგა“ დედაჩემი. მერე დედას მეგობარმა ირინამ დარეკა...

ფხიზელი ძილი მაქვს და ისედაც ყველაფერი მესმის, მაგრამ მერე დედამაც უნდა ჩამაყენოს საქმის კურსში. ვუსმენ, კითხვებს ვუსვამ და ვამჩნევ, როგორ სიამოვნებს, რომ ყურადღებით ვუსმენ. ძალიან უყვარს ჩემთან ლაპარაკი. მეც მიყვარს, მასთან ბოლომდე ვიხარჯები ემოციურად. ხან ვლაპარაკობთ, ხან ვკამათობთ, ხანაც - ვიცინით. მოკლედ, დილა საინტერესოდ იწყება. თვითონ ამყვება ხოლმე. როცა კარგ გუნებაზეა, მე და დედა და-ძმასა და მეგობრებივით ვართ. როცა ცუდ განწყობაზეა, დედა-შვილი ვართ და ზრდილობიანად უნდა მოვიქცე - უნდა მახსოვდეს, რომ დედას ველაპარაკები. სურათებზე და-ძმას უფრო ვგავართ. ყველა ამბობს, ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი დედა გყავსო. უხარია, ეს რომ ესმის. დედას სატელეფონო საუბრები სანათესაოსთან ცნობილი ქურთი მხატვრის ანტონ მირზოევის ერთ სურათს მახსენებს - ადრიან დილით, ქურთი ქალები ნაციონალურ სამოსში გამოწყობილნი სხედან და ჭორაობენ. წინ ცოცხები აქვთ დაწყობილი და ქურთულ ამბებს განიხილავენ. ძალიან საინტერესო და ძველი თბილისასთვის დამახასიათებელი სურათია.

ახლა იშვიათად თუ მხვდებიან ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, დამტვრეული ქართულით მოსაუბრე ქალები. დღეს ქურთების „მოამბეც“ და „კურიერიც“ 6-საათიანი მეტროს მატარებელია - ძირითადი ინფორმაცია ახლა იქ ვრცელდება. მოკლედ, ვილაპარაკეთ, ვისადილეთ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დედა მორიგე იყო (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს) და სამსახურში წავიდა, მე კი ჩანთის ჩალაგება დავიწყე: სამი დღით სამცხე-ჯავახეთში მივდივარ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ ორგანიზებული სომხურ-ქართული დიალოგის „Study Tour“-ში მონაწილეობის მისაღებად. მის საფუძველზე პრეზენტაცია უნდა გავაკეთოთ.

წინა დღით, ჩემმა მეგობარმა მარი მიქოიანმა, რომელიც ჩემთან ერთად მოდის სამცხე-ჯავახეთში, გამაფრთხილა, ახალქალაქში და ნინოწმინდაში თოვლი დევს და თბილი ტანსაცმელი წამოიღეო. არადა, როგორ არ მიყვარს თბილი ტანსაცმელი! ავიღე მაისურები, ჯინსები, კედები და ორი თხელი, მაგრამ თბილი სვიტრი. სახლიდან გასვლამდე ჩემს დას, ნატოს, დავურეკე. ნატო სულ ცოტა ხნის წინ გათხოვდა და მალე ოჯახში მატებას ველოდებით. ძალიან მაკლია და ძალიან მენატრება. მე და ნატო მარტონი ვართ, მეტი და-ძმა არ გვყავს, რაც იშვიათია ქურთებში, ამიტომ მიჭირს მის გარეშე ყოფნა. დედას ხშირად ვსაყვედურობდი: მეტი რატომ არ გაგვაჩინე, შენ რომ შვიდი და-ძმა გყავს, კარგია-მეთქი?! პასუხად ვიღებდი, ბევრი და-ძმა რამდენადაც ტკბილია, იმდენად მწარეც არისო. და-ძმას შორის დედა ყველაზე უმცროსია. სამი დედმამიშვილი გამოაკლდა და მართლა ძალიან მწარედ გადავიტანეთ მათი გარდაცვალება. მოკლედ, ნატოს ველაპარაკე, ვუთხარი რომ ჭკვიანად იყოს და, თუ რამეა, მობილურზე დამირეკოს.

ჩვენი წასვლის დროც დადგა. დამირეკა მალხაზ სალდაძემ, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა, და მაუწყა, სახლში გამოგივლით და წავიდეთო. სამცხე-ჯავახეთისკენ ახალი გზით გავემგზავრეთ: თბილისი-წალკა- ახალქალაქი.



11 აპრილი, ორშაბათი
ამბობენ, ორშაბათი მძიმე დღეაო. მე თუ მკითხავ, ყველა დღე მძიმეა, როცა საქმე გაქვს გასაკეთებელი. ადრე ავდექით, სასტუმროს რესტორანში ვისაუზმეთ და შეხვედრებზე გავედით.

რეგიონში ძალიან შეცვლილია მდგომარეობა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. სამცხე-ჯავახეთში პირველად 2005 წელს ვიყავი და ძალიან ცუდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი: არა გზა, არა შუქი, არა გაზი, არა ინტერნეტი და, საერთოდ, დეპრესიული, გაღიზიანებული და ცოტა აგრესიული ხალხი მხვდებოდა. პოლიტიკურადაც, ცოტა არ იყოს, დაძაბული მდგომარეობა იგრძნობოდა.

2005 წლის მერე ბევრჯერ მომიწია ამ რეგიონში ჩასვლა. ჯერ როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი და ინტეგრაციის პროგრამები მებარა, შემდეგ, როცა ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გენერალური დირექტორი ვიყავი, და ბოლოს, როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის კოორდინატორი. დღეს რეგიონში სულ სხვა სურათია: ახალი და განათებული გზები, გაყვანილი გაზი, სასმელი წყალი - როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. კომუნიკაციები, ახალი ჰესი... იგეგმება საირიგაციო სისტემების განახლება, შენდება ლუდის ქარხანა, გაჰყავთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ხალხი სეზონურად დასაქმებულია სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოებზე. ცდილობენ, ბევრი მოასწრონ, სანამ მოთოვს და აცივდება. სულ უფრო მეტ ადგილობრივ მცხოვრებს უჩნდება სურვილი, ქართული ისწავლოს და, რაც მთავარია, ადამიანების განწყობაა შეცვლილი. „ჩვენი სომხები“ „სომხეთის სომხებს“ ეუბნებოდნენ, თქვენ ჩვენს დონემდე რომ მოხვიდეთ, ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო!

12 აპრილი, სამშაბათი
დღეს შეხვედრები ნინოწმინდაში გვაქვს დაგეგმილი. დილით რომ გავიღვიძე და ფანჯარაში გავიხედე, თვალებს არ დავუჯერე - ახალქალაქი გადათეთრებული იყო! შევძლებდით თუ არა ნინოწმინდისაკენ გამგზავრებას, არ ვიცოდით, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა - ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ნინოწმინდაში შევხვდით გამგებელს, ტელეკომპანია „ფარვანას“ დირექტორს, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს, სამცხე-ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელს. ვისაუბრეთ ნინოწმინდაში არსებულ მდგომარეომაზე. საქმეს რომ მოვრჩით, ვისადილეთ. სომეხ კოლეგებს დავპირდით, რომ პრეზენტაციის მონახაზს გავაკეთებდით, შემდეგ გავუგზავნიდით ჩამატებებისა და კომენტარების გასაკეთებლად და 16 აპრილამდე, ანუ სომხურ-ქართულ კონფერენციამდე, დავემშვიდობეთ. ნინოწმინდიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე მაგრად თოვდა. მანქანაში უკან ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი: „საიდან მოვხვდი ამ გაუგებრობაში, რა მესაქმება ინტეგრაციაში? მე ხომ განათლებით აღმოსავლეთმცოდნე და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ვარ და ბავშვობიდან დიპლომატობაზე ვოცნებობდი?!“ მაგრამ ჩემს თავს პასუხი ვერ გავეცი. იმედია, ოდესმე გავცემ...

13 აპრილი, ოთხშაბათი
3 საათზე, შეთანხმებისამებრ ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოში“ მივედი პრეზენტაციის მოსამზადებლად. მარი და მალხაზი უკვე მელოდებოდნენ. წინა დღეებში დაღლილს, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ პრეზენტაციის გაკეთებამდე ფარ-ხმალს არ ვყრიდი და შემართულად ვიყავი. პრეზენტაცია ერთად გავაკეთეთ, თუმცა შევთანხმდით, რომ კონფერენციაზე მას მარი წარადგენდა. ჩვენს პრეზენტაციაში შეფასებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, სომხეთის წარმომადგენლებისა და საქართველოში მცხოვრები სომხებისათვის მარისგან უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ჩემგან. მარის თუ რამე გამორჩებოდა, მე, რა თქმა უნდა, დავამატებდი.
ამასობაში დამირეკა ჩემმა ეთუნამ: მომიკითხა და მისაყვედურა, მეგობრებისათვის ვეღარ იცლიო. ეთუნა ძალიან მიყვარს. ის ჯერ ჩემი სტაჟიორი იყო სახალხო დამცველის ოფისში, მერე კი ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი მეგობარი გახდა. ისეთ ენერგიას აფრქვევს, რომ თვენახევარი მყოფნის. მონატრებულზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ თითქმის გაუჩერებლად. ხან ის ყვებოდა, ხან - მე და უკვე ძალიან გვიან იყო, ერთმანეთს რომ დავცილდით. ერთი თვის სალაპარაკო ამოვწურეთ...

14 აპრილი, ხუთშაბათი
„დედაენის დღე“... გვიან გავიღვიძე. ვითომ გამოვიძინე. ტელევიზორი ჩავრთე. ჩემი დილა, როგორც წესი, ევრონიუსით იწყება. ძალიან მიყვარს ეს არხი, საინტერესო სიუჟეტებია - ლაკონური და კონკრეტული. მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვან ამბებს 10 წუთში შეიტყობ. მერე ოფისში გავედი: რამაზ აფციაურს დაველაპარაკე და მალე წამოვედი. ერთი სიტყვით, დასვენების დღე მოვიწყვე.

15 აპრილი, პარასკევი
დღეს ჩემი ნატოს დაბადების დღეა. მე და დედამ მოვილაპარაკეთ, რომ ტორტზე დედა წავიდოდა, მე კი ყვავილებს ვიყიდდი კოლმეურნეობის მოედანზე. ამასობაში, ჩვენი ნათესავები ჩვენთან მოგროვდებოდნენ და ყველანი ერთად წავიდოდით ნატოსთან. ასეც მოვიქეცით. პირველი წელია, თავის დაბადების დღეს ნატო არა მამისეულ, არამედ მეუღლის სახლში აღნიშნავს. საერთოდ, ნატო თავიდან იწყებს ცხოვრების სწავლას: უწინ მის მაგივრად ყველაფერს მე და დედა ვაკეთებდით, ახლა უკვე დიდი გოგოა. ნატოსთან მისულებს, უკვე ბევრი ხალხი დაგხვდა. პირველი ჩემი სიძე, დიმა, შემოგვეგება. ძალიან გაგვიმართლა სიძეში: თბილი, ყურადღებიანი და, როგორც მე ვამბობ ხოლმე, ქურთულად ზრდილობიანი ბიჭია. მიუხედავად მისი ასაკისა, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ერთი ცხოვრება უკვე უცხოვრია.

„ქურთულ ზრდილობაში“ ბევრ რამეს ვგულისხმობ. ვინც იცის, რას ნიშნავს ეს, რა ვართ ქურთები, გაიგებს... დაბადების დღე რომ დაბადების დღეა, ვიწრო წრეში ვერ აღნიშნავ - სულ ცოტა, 50-60 კაცი გროვდება. ეს ბიძაშვილი, ის დეიდაშვილი, ეს მისი ქმარი, ის მისი რძალი ,ესეც - ამათი შვილები... და გამოვიდა, რომ სახლში ჭედვაა. არადა, ბევრნი კი არ ვართ. 2002 წლის აღწერის შედეგად, სულ 18 329 კაცი.

წელს ნატოს დაბადების დღე წყნარად აღვნიშნეთ: შარშან, ნოემბერში, ბიძაჩემი გარდაიცვალა, დეკემბერში კი, მოულოდნელად, - დეიდაჩემი. ძალიან მწარედ გადავიტანეთ.

მოკლედ, არ გვიცეკვია, არ გვიმღერია და არ გვიგიჟია, როგორც საერთოდ ვიცით ხოლმე. დღის ბოლოს ნატო მაინც ნასიამოვნები და დაღლილი ჩანდა. დავიშალეთ. მე სახლში დავბრუნდი და დღიურის წერა განვაგრძე, მერე კი პრეზენტაციისათვის დავიწყე მზადება.

16 აპრილი, შაბათი
ეს დღიურის ბოლო დღეა. ყოველთვის მსიამოვნებს ხოლმე ძველი, ეგრეთ წოდებული „ეჟედნევნიკის“ გადაშლა და იმის გახსენება, თუ რითი ვიყავი დაკავებული ერთი ან ორი წლის წინ. ამ დღეს იქ უნდა წავსულიყავი, იმ დღეს ეს უნდა გამეკეთებინა, ამ დროს ამ ადამიანზე ასე და ასე ვფიქრობდი... წლების მერე ამჩნევ, როგორ იცვლება შენი საქმიანობა, შეხედულებები, აზრები, როგორ გეცვლება ხასიათი და, საერთოდ, როგორ იცვლება ადამიანი. მაგრამ ვერასოდეს ვერავის ვერ დავპირდები, რომ მსგავსი სახის დღიურის წერას განვაგრძობ - მეზარება...

11 საათზე დაიწყო სომხურ-ქართული სამოქალაქო სექტორის კონფერენცია. შეხვედრა ერთობ საინტერესო გამოვიდა: ყურადღება გავამახვილეთ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე, ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის გზებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ საინტერესო იდეები, დავგეგმეთ სამომავლო საქმიანობა.

ეს კონფერენციის პირველი დღე იყო. ის კიდევ ორ დღეს გაგრძელდება და, შესაბამისად, შედეგიც უფრო ხელშესახები იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG