Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 19 აპრილი 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს წერს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასობრივი გაყიდვა დაიწყო და მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა ჩალის ფასად იყიდებაო. ”სპეციალისტების განცხადებით, ხელისუფლება ქართველი გლეხის მძიმე სოციალური პირობებით სარგებლობს და ქართველების მიწებს უცხოელებზე ყიდის”, - წერს ”რეზონანსი” და შეგვახსენებს: ”მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გაცემა აკრძალა და ამით ქართველებს მიწების იჯარით დამუშავების შესაძლებლობაც წაართვა. კახეთის გარდა, დანარჩენ საქართველოში 1 კვმ მიწა ძირითადად 1 ლარად იყიდებაო”. "რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში მიწის გაყიდვა არ შეიძლება. ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა, რომლის სახელსაც ახლა ვერ გეტყვით, ის უცხოელი ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და წაიღებსო. მიწას ვერ წაიღებს, მაგრამ მიწის შედეგს ხომ წაიღებს?” - უთხრა „რეზონანსს“ სოფლის მეურნეობის ექსპერტმა თამაზ კუნჭულიამ.

”ალიას” დიდი ნაწილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის ავ-კარგის გარჩევას ეძღვნება - უფრო ავის, ვიდრე კარგის. პირველ გვერდზე გაზეთი გვპირდება, მერაბიშვილისა და ადეიშვილის მიერ ფულის შოვნის სქემებს გავშიფრავთო. თავად ეს პუბლიკაცია გახლავთ ინტერვიუ პროკურატურის დაუსახელებელ წყაროსთან, რომელიც ამბობს, მერაბიშვილი და ადეიშვილი მილიონებს საპროცესო გარიგებების მეშვეობით აკეთებენ, საპროცესო შეთანხმების ყველა საქმეს კი პირადად ზურაბ ადეიშვილი წყვეტსო.

„ალიას“ დანარჩენი ფურცლები სხვადასხვა საიდუმლო თუ საჯარო შეხვედრებს ეთმობა და იმის განხილვას, თუ რა ითქვა ამ შეხვედრებზე. გოგა ხაინდრავა პარიზში ოქრუაშვილის, გაჩეჩილაძისა და კიწმარიშვილის შეხვედრაზე ელაპარაკება, კორესპონდენტი კი არჩევს მომავალში მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს - ამ თვის ბოლოს რუსეთის დედაქალაქში ქართული ოპოზიციის ლიდერების ე.წ. სადამსჯელო ოპერაცია, ანუ დიდი გარჩევა მოეწყობა. როგორც "თავისუფალი აზრის სახლის" ყოფილი ხელმძღვანელი ელისო კილაძე აცხადებს, ამ ოპერაციას ოპოზიციის ერთ-ერთი დამფინანსებელი, გოჩა ძასოხოვი უდგას სათავეში. მისივე თქმით, შეიძლება ბიჭებს მათრახით არ აუჭრელონ გვერდები, მაგრამ ყურებს რომ აუწევენ, ეგ ცხადიაო", - წერს გაზეთი და სათაურშივე ასახელებს, თუ ვისზეა ლაპარაკი. სათაური კი ასეთია: „ვინ და რატომ გამოიძახა საქმის გასარჩევად მოსკოვში თემურ შაშიაშვილი, კახა კუკავა, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და ეროსი კიწმარიშვილი“.

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთთან - თემურ შაშიაშვილთან - ინტერვიუს დღეს ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ. ის ლაპარაკობს აქციაზე, რომელიც გუშინ რუსთაველის მეტროსთან ჩატარდა და სადაც სხვადასხვა ჩინოვნიკის სიმდიდრეზე იყო ლაპარაკი. ”ნახეთ, როგორ ცხოვრობს ჩოჩელი, გეგენავა, ბეჟაშვილები, როგორ ცხოვრობენ კოდუები, ნახევარი თბილისი იყიდეს. ასეთი ხელისუფლება მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყავსო, - უთხრა თემურ შაშიაშვილმა ”ახალ თაობას”.
XS
SM
MD
LG