Accessibility links

სირიის ქალაქ ჰომსში ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს


დღეს დილით სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ჰომსში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებმაც ქალაქის ცენტრალური მოედანი დაიკავეს. თვითმხილველთა ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. ჰომსში მღელვარება უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. კვირას იქ 12 ადამიანი დაიღუპა. აქციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომა. სირიის ხელისუფლების განცხადებით, მღელვარება გადაიზარდა შეიარაღებულ ამბოხში, რომლის მოწყობაშიც მთავრობა ისლამისტებს ადანაშაულებს. დღესვე, აშშ-მა უარყო გავრცელებული ცნობა, თითქოს ის სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დასუსტებას ცდილობს, თუმცა აღიარა, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიული რეფორმებისთვის და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერებისთვის იბრძვიან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა განაცხადა, აშშ სირიაში სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან მუშაობს, გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების მიზნითო.
XS
SM
MD
LG