Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და არჩევნების შემდგომი ფინეთი


"ჭეშმარიტი ფინელების" ლიდერი ტიმო სოინი და მისი მეუღლე ტიინა არჩევნებში წარმატებას ზეიმობენ
"ჭეშმარიტი ფინელების" ლიდერი ტიმო სოინი და მისი მეუღლე ტიინა არჩევნებში წარმატებას ზეიმობენ
ფინეთში კვირას გამართული არჩევნების შედეგი თქვენთვის უკვე ცნობილია: მემარჯვენე-პოპულისტურმა „ჭეშმარიტი ფინელების“ პარტიამ ხმათა 19 პროცენტით მესამე ადგილი მოიპოვა. ამ პარტიის წევრებს ევროსკეპტიკოსებად იცნობენ და, შესაბამისად, ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, რომ მათი წარმატება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გამოყოფას გაართულებს.

ევროპის მასშტაბით გაჩენილ შიშს, რომ ფინეთის არჩევნებში მემარჯვენე-პოპულისტური „ჭეშმარიტი ფინელების“ წარმატება ევროკავშირის ფინანსურ პოლიტიკას შეცვლიდა და გაართულებდა გაჭირვებაში მყოფი ქვეყნების დახმარებას, სამშაბათს გამოეხმაურა პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ფინეთის მომავალი პრემიერ-მინისტრია. ჟირკი კატაინენმა ამ შიშების განმუხტვა სცადა და განაცხადა, პორტუგალიის დასახმარებელ პაკეტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა გამორიცხულიაო.

კატაინენმა, რომელიც ეროვნული კოალიციის პარტიას უდგას სათავეში და შემდეგი მთავრობის ფორმირებას ხელმძღვანელობს, დასძინა, ფინეთი „პასუხისმგებლობით“ უნდა მოიქცესო. მისი თქმით, პორტუგალიისთვის დახმარების აღმოჩენა „აუცილებელია“ ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

თუმცა ფინეთის საყოველთაო არჩევნებით გაჩენილი შეშფოთება დიდწილად მაინც რჩება - ნაწილობრივ იმიტომაც, რომ პროცესები ჯერ სულ საწყის ეტაპზეა და არავინ იცის რა მოხდება. ევროს მოქმედების ზონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფინეთის პარლამენტს უფლება აქვს კენჭისყრაზე გაიტანოს ევროკავშირისგან მიღებული თხოვნა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ხოლო ევროსკეპტიკოსებად ცნობილი „ჭეშმარიტი ფინელების“ მიერ მოპოვებულმა წარმატებამ - ხმათა 19 პროცენტმა და მესამე ადგილმა - გააჩინა შეშფოთება, რომ პორტუგალიისთვის დახმარების გამოყოფა შეიძლება გართულდეს. მით უფრო, რომ „ჭეშმარიტი ფინელების“ პარტიის ხელძღვანელმა, ტიმო სოინიმ, უკვე თქვა, ევროკავშირმა პორტუგალიის დასახმარებელ გეგმაში ცვლილებები უნდა შეიტანოსო. პარტია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გასწიოს რისკი ქვეყანამ ევროპელი „უყაირათო მხარჯველების“ გამო.

შეშფოთება კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ქვეყნების დასახმარებელ გეგმებს ზოგადად მხარს ვუჭერთ, მაგრამ კერძო ინვესტორებმა ამ საქმეში მეტი წილი უნდა იტვირთონო. სოციალ-დემოკრატებმა არჩევნებში მეორე ადგილი მოიპოვეს და შეიძლება მთავრობას შეუერთდნენ.

კონკრეტულად რა პოზიციას დაიჭერს ფინეთი ევროკავშირის ფინანსურ პოლიტიკასთან მიმართებით და ასევე ის, თუ რა როლს შეასრულებს პორტუგალიის დახმარების საკითხი ფინეთის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში, მალე გამოჩნდება. ამ ეტაპზე კი, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ფინეთში ჩატარებული არჩევნების შედეგმა ევროპაში არსებული ზოგადი ტენდენცია გამოკვეთა უფრო მკაფიოდ. ევროპაში ძლიერდება პოლიტიკური პოპულიზმი, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო ხალხში გაჩენილი უკმაყოფილებით საზრდოობს. ეს ვითარება კი, თავის მხრივ, ნიადაგს უქმნის ევროსკეპტიკურ სენტიმენტებს და მნიშვნელოვნად ართულებს ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების დავალიანების პრობლემის გადაჭრას, მათთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გზით.
ჩვენ არა ვართ ექსტრემისტები, ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ...

ეს ევროს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის წარმოადგენს შემაშფოთებელ სიგნალსო, წერდა, მაგალითად, იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „კორიერე დელა სელა“ ორშაბათის ნომერში და დასძენდა, „მთავრობების უუნარობამ ერთიანი ვალუტისთვის მყარი სტუქტურა შეექმნათ არა მხოლოდ ფინეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გააღვივა საფუძველი ანტიევროპული პოპულიზმისთვისო“. გაზეთის აზრით, ფინელების უკმაყოფილება მხოლოდ ევროს კრიზისით არ არის გამოწვეული, მაგრამ აქ მაინც დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური პრობლემებით შექმნილი საყოველთაო გაღიზიანება, რაც სულ უფრო მეტად აფერხებს ევროპის გაჭირვებაში მყოფი სახელმწიფოების გადარჩენას ფინანსური დახმარების გზით.

თავის მხრივ, „ჭეშმარიტ ფინელთა“ ლიდერი ტიმო სოინი ცდილობს შეარბილოს ის შეშფოთება, რაც მისი პარტიის წარმატებამ გამოიწვია ქვეყნის გარეთ: „ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც მოლაპარაკება შეუძლია და, როგორც ხედავთ, ყველა ამბობს, რომ შეძლებენ ჩვენთან ერთად მთავრობაში შემოსვლას. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე ევროპაში, თუკი გარკვეული ახალი ტალღის პარტიის იარლიყი გაქვთ. ჩვენ არა ვართ ექსტრემისტები, ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ“, - აცხადებს ის.

ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ანალიტიკოსები, წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან რა მოხდება ფინეთში - როგორი მთავრობის ფორმირება მოხერხდება, შეძლებენ თუ არა პარტიები პორტუგალიის დახმარებაზე შეთანხმებას და, საბოლოო ანგარიშით, როგორ და რა სიმძაფრით აისახება ეს პროცესები ევროკავშირის ზოგად საფინანსო პოლიტიკაზე.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG