Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 20 აპრილი 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას დავიწყებთ „რეზონანსით“. გაზეთში არის ცნობა ახალი მედიაპროექტის შესახებ, რომელიც ცოტა ხანში ტელეკომპანია „მაესტროს“ და რადიო „უცნობისა“ და „პალიტრის“ ეთერში ერთდროულად გავა. გაზეთი წერს, რომ პროექტის ავტორები შალვა რამიშვილი და ნათია გამცემლიძე არიან და სახელად ”სუბიექტური აზრი” ჰქვია. გადაცემასთან დაკავშირებით ”რეზონანსს” ნათია გამცემლიძე ელაპარაკა. მან თქვა: ”მომწონს ის, როგორ მიჰყავს შალვას თავისი გადაცემა და ის ასეთი დარჩება ამ ახალ გადაცემაშიც. შესაბამისად, მე შევალ გადაცემის მსვლელობისას შალვასთან პოლემიკაში და ის ჩემთან. ასევე შალვა თავის პოზიციას გამოხატავს სტუმრებთანაც, რასაც მე არ გავაკეთებ არავითარ შემთხვევაშიო.“

”ვერსია” დღეს ”ჟურნალისტური გამოძიების” რუბრიკით მოზრდილ სტატიას აქვეყნებს, რომელიც კვერცხის ფასს და წარმომავლობას შეეხება. ”ქართული კომპანიები თურქეთსა და უკრაინაში 8 თეთრად ნაყიდ კვერცხს ქართულად ასაღებენ და 32 თეთრად ყიდიანო”, - ”ვერსია” ამას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს. გაზეთი სხვადასხვა კომპანიებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც სტატიის ავტორს არ გასცეს პასუხი და არ უთხრეს, ყიდიან თუ არა იმპორტირებულ კვერცხს.

”ვერსია” წერს ასევე, მომღერალ „უცნობს“ თავის დროზე კუს ტბაზე ქართული მინიჰოლივუდის მოწყობა ჰქონდა ჩაფიქრებული და ფული ამ პროექტისათვის, ჩვენი ცნობით, სააკაშვილს უნდა მოეზიდაო. ”პროექტი არ განხორციელდა მარტივი მიზეზის გამო - მიშამ „უცნობი“ „გადააგდოო”,- უთხრა „ვერსიას“ წყარომ და მოვლენათა შემდგომი განვითარება ასე აღწერა: „2007 წელს, როცა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ითხოვდა და ლევან გაჩეჩილაძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, როცა იპოდრომზე სააკაშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად ოპოზიცია ხალხს ეპატიჟებოდა, მიხეილ სააკაშვილი თავად დაუკავშირდა გია გაჩეჩილაძეს, კუს ტბის პროექტი შეახსენა და უთხრა, დაგიფინანსებო. სააკაშვილმა, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, გაჩეჩილაძეებს მხოლოდ მცირედი შეუსრულა: ლევან გაჩეჩილაძეს ორმილიონიანი კრედიტი დაუფარა და ორი მილიონიც ხელზე მისცა, "უცნობს" კი რადიო "ნაცნობის" დასაფუძნებელი და "სპორტკაფეს" შესაძენი ფული მისცა.”

”ახალი თაობა” კი კახა კუკავას გაესაუბრა, რომელმაც თქვა, თბილისსა და ქუთაისში მომხდარი აფეთქებები მერაბიშვილის მოწყობილიაო. ”ველოდები, რომ ტერორისტული აქტები მაისში მოხდება თბილისში და ეს იქნება ხელისუფლების მიერ დაგეგმილი. ნინო ბურჯანაძის დაკავებას არ ველოდები, რადგან არ ვფიქრობ, ხელისუფლება მისგან რამე დისკომფორტს მოელოდეს. ხელისუფლებას ამ ეტაპზე უფრო ნინო ბურჯანაძის დისკრედიტაცია აწყობს, ვიდრე მისი დაპატიმრებაო”, - უთხრა ”ახალ თაობას” კახა კუკავამ.
XS
SM
MD
LG