Accessibility links

რატომ არ აზღვევენ საქართველოში მოსავალს


გლეხური მეურნეობა იმერეთის რეგიონში

გლეხური მეურნეობა იმერეთის რეგიონში

იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოსავალს თითქმის არავინ აზღვევს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ იქცა სრულფასოვან ბიზნესად - მიწების თითქმის 85 პროცენტი ისეთი წვრილი ფერმერების ხელშია, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვასაც კი არ აწარმოებენ, შედარებით მსხვილი მეურნეობები კი დაზღვევის სიძვირისა და სადაზღვევო პაკეტების სიმწირის გამო არ აზღვევენ მოსავალს. როგორ შეიძლება გახდეს მოსავლის დაზღვევა მიმზიდველი როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე გლეხებისა და ფერმერებისათვის?

დათო ლომიძე ლაგოდეხელი ფერმერია, 22-წლიანი გამოცდილებით:
ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია მარტო გვალვას აზღვევს, ზოგიერთი მხოლოდ - წყალდიდობას ან მეწყერს... სხვა შემთხვევებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ხომ შეიძლება ხანძარი მოხდეს ან მწერები შემოესიოს?..

„60 ჰექტარზე ხორბალი მაქვს დათესილი, მათ შორის, 50 ჰექტარზე პროგრამით ამერიკული ხორბალი მომყავს, დანარჩენზე კი ქართული ჯიშები მითესია. ალბათ, 60 ჰექტარზე სიმინდსაც დავთესავ.“

დათო ლომიძე ამბობს, რომ მოსავალი არ დაუზღვევია. სურვილი ჰქონდა, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობები არ ეყო, თუმცა იქვე ასახელებს სხვა მიზეზსაც:

„ისეთი მომენტები არ არის გათვალისწინებული, რაც მეტად აინტერესებს გლეხს. ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია მარტო გვალვას აზღვევს, ზოგიერთი მხოლოდ - წყალდიდობას ან მეწყერს... სხვა შემთხვევებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ხომ შეიძლება ხანძარი მოხდეს ან მწერები შემოესიოს?“

პასუხად სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ არ გაურბიან სადაზღვევო რისკებს, უბრალოდ, როგორც დევი ხეჩინაშვილი, სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, ამბობს, სადაზღვევო კომპანიები ვერ აიღებენ საკუთარ თავზე ყველა შესაძლო - მათ შორის, არასადაზღვევო - რისკს. დევი ხეჩინაშვილის თქმით, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში აგროსექტორი ვერ ჩამოყალიბდა ბიზნესად.

„1000-ზე ნაკლები ფერმერია, რომელიც ითვლის! და ვინც არ ითვლის, იმას, ბუნებრივია, დაზღვევა არ აინტერესებს. დაზღვევა სწორედ ის არის, რომ რისკი „ბიუჯეტირებადი“ გახადო, თვითღირებულებაში ჩადო და ის პრობლემები დაივიწყო.“

დევი ხეჩინაშვილის თქმით, ამ უმთავრესი პრობლემის გარდა, მოსაგვარებელია კიდევ რამდენიმე საკითხი:
მიზანი მთავრობის ინიციატივისა, გააფართოოს სოფლის მეურნების დაკრედიტება, კარგად უნდა იყოს განსაზღვრული, რადგან მან რეალური მოგება უნდა მოუტანოს იმ ფერმერებს, რომლებიც დაფინანსებას საჭიროებენ...

„ინფრასტრუქტურა, რომელიც ამას სჭირდება, - საინფორმაციოთი დაწყებული, დამთავრებული ხარისხის კონტროლით (სათესლე მასალის, შხამ-ქიმიკატების და ა.შ.), - ძალიან რთულ მდგომარეობაშია. და კიდევ: უნდა შეიქმნას დაზღვეულთა კრიტიკული მასა, რომელიც უნდა იყოს დივერსიფიცირებული სივრცეში და არ უნდა იყოს კანტიკუნტად. ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაზღვევა, ეს არის სადაზღვევო პორტფელი, სადაც მუშაობს ის მექანიზმი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მოკრძალებულ ფასად რისკის გადატანა მოხდეს სადაზღვევო კომპანიაზე.“

თუმცა, დევი ხეჩინაშვილის თქმით, დაზღვეულთა კრიტიკული მასის დასაგროვებლად მხოლოდ მზღვეველთა აქტიურობა არ კმარა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის - ექსპერტი დაზღვევის სფეროში, ედგარ ბალბინი, სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობის ძალისხმევა:

„მიზანი მთავრობის ინიციატივისა, გააფართოოს სოფლის მეურნების დაკრედიტება, კარგად უნდა იყოს განსაზღვრული, რადგან მან რეალური მოგება უნდა მოუტანოს იმ ფერმერებს, რომლებიც დაფინანსებას საჭიროებენ. ამის შემდეგ ჩნდება უკვე დაზღვევის მოთხოვნა. თუმცა მოთხოვნამ მასობრივი კამპანიის სახე უნდა შეიძინოს. მაშინ ეს უკვე კრიტიკულ მასაზეც აისახება.“
აგროკრედიტი არის ძალიან მძიმე, გიწევს მთელი ქონების ჩადება კრედიტში და რისკავ ყველაფერს, რაც კი წინაპრებს თქვენამდე შეუგროვებიათ...

საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ გულგრილნი არ არიან აგროსექტორის განვითარების მიმართ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თქმით, სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით უკვე ხორციელდება გარკვეული პროექტები. ამასთან, მთავრობა განიხილავს სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების რისკის ანაზღაურების შესაძლებლობასაც:

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე დონორ ორგანიზაციებთან ერთად და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული ხედვა, თუ რა საკითხში გვექნება გადაფარვა კატასტროფების შემთხვევაში.“

ბაკურ კვეზერელის თქმით, ფერმერული მეურნეობების ფრანგმენტაციაზე არანაკლები პრობლემაა ცოდნის დეფიციტი. შესაბამისად, ერთიათად ფასეული ხდება კონსულტაცია, რომელიც სადაზღვევო კომპანიის სპეციალისტებმა ფერმერებს შეუძლიათ გაუწიონ. სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე აგრობიზნესის განვითარებისთვის ხელის შემშლელ ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფს - აგროკრედიტის სიმძიმე და ცოდნის ნაკლებობა.

„აგროკრედიტი არის ძალიან მძიმე, გიწევს მთელი ქონების ჩადება კრედიტში და რისკავ ყველაფერს, რაც კი წინაპრებს თქვენამდე შეუგროვებიათ. ცოდნის დონეც ძალიან დაბალია - თუნდაც იმისი, თუ რას შეადგენს მოსავლიანობა, მიწაზე როგორ არის სასუქი შეტანილი, როგორ არის მიწა დასვენებული, როგორი კულტივაციის შემდეგ რა მოვა - ყველა ეს პრობლემა კომპლექსში ქმნის იმას, რომ ჯერჯერობით აგროსექტორი არის თვითგადარჩენის საშუალება და არა ბიზნესი“, - უთხრა ლაშა ნიკოლაძემ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG