Accessibility links

logo-print

ვინ არიან ბელორუსი „ტერორისტები“


მინსკის მეტრო აფეთქების შემდეგ

მინსკის მეტრო აფეთქების შემდეგ

ბელორუსიის ხელისუფლება არ ასახელებს იმ ეჭვმიტანილების ვინაობას, რომლებიც 11 აპრილს მინსკის მეტროში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დააკავეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულები ვიტებსკიდან არიან და საკუთარ დანაშაულს აღიარებენ. თუმცა რამდენიმე რუსულმა ინტერნეტსაიტმა გამოაქვეყნა სამი სავარაუდო ეჭვმიტანილის სახელი. მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას რადიო თავისუფლების ბელორუსიის სამსახურის კორესპონდენტი ადგილზე შეეცადა.
ჩვენ აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ. უბრალოდ, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს ინტერნეტით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე...

რუსეთის ონლაინგამოცემა „უტრო.რუ“-ს თანახმად, 11 აპრილის ტერორისტული აფეთქების ფაქტზე დაკავებულები არიან 25 წლის დმიტრი კონოვალიოვი, 25 წლის ვლად კოვალიოვი და 23 წლის ილია კოლოსოვი. სამივე ქალაქ ვიტებსკში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ინტერნეტგამოცემა, ანონიმურ მაღალჩინოსან პოლიციელზე დაყრდნობით, წერს, რომ კოლოსოვი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ეხმარებოდა დანარჩენ ორს ასაფეთქებელი ნივთიერების შეგროვებასა და თავდასხმის მოწყობაში. ინტერნეტგამოცემა „ლაიფნიუსრუ“ [LifeNews.ru] კი მესამე ეჭვმიტანილად ასახელებს „მაქსიმ N“-ს. ბელორუსიის ხელისუფლება რუსეთის ელექტრონული მედიის ინფორმაციებზე კომენტარს არ აკეთებს, - განაცხადა მინსკის „კაგებეს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ანტონოვიჩმა:

„ ჩვენ აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ. უბრალოდ, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს ინტერნეტით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.“
თქვენ მხოლოდ აფუჭებთ საქმეს, კიდევ უფრო ანგრევთ ცხოვრებას. ეს არის და ეს. მეტს არაფერს აკეთებთ. იქექებით ყოველგვარ ნაგავში, იმაზე კი, რაც სინამდვილეშია, მაინც არაფერს წერთ...

უფრო ადრე ანტონოვიჩმა გააფრთხილა მოსახლეობა, არ გაავრცელონ ჭორები. თუმცა რადიო თავისუფლების ბელორუსიის სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ ნიღბიანი პოლიციის ოფიცრები მორიგეობენ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი სახლის წინ, ვიტებსკში, სადაც შესვლა მხოლოდ მობინადრეებს შეუძლიათ. ჩვენმა ბელორუსმა კოლეგებმა ტელეფონით შეძლეს დაკავშირება ერთ-ერთი ეჭვმიტანილის -კონოვალიოვის - დედასთან, რომელმაც ბელორუსიის მედია „წყლის ამღვრევაში“ დაადანაშაულა.

„არაფერი არ ვიცი და არანაირი მოსაზრება არ მაქვს. მე არავინ არაფერს მეუბნება და იმდენივე ვიცი, რამდენიც თქვენ. ან თქვენ რაში გჭირდებათ ეს? თქვენ მხოლოდ აფუჭებთ საქმეს, კიდევ უფრო ანგრევთ ცხოვრებას. ეს არის და ეს. მეტს არაფერს აკეთებთ. იქექებით ყოველგვარ ნაგავში, იმაზე კი, რაც სინამდვილეშია, მაინც არაფერს წერთ.“

მინსკის მეტროში 11 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს ცამეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. ბელორუსიის დიქტატორმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, უკვე 13 აპრილს აცნობა მოსახლეობას ტერაქტის გახსნის თაობაზე. თუმცა ვიტებსკის იმ სახლის მობინადრეები, სადაც ეჭვმიტანილები იკრიბებოდნენ, აშკარა სიმპათიას გამოხატავენ დაკავებულთა ოჯახების მიმართ და ეჭვი შეაქვთ ხელისუფლებაში, რომელმაც ასე სწრაფად გახსნა დანაშაული. აი როგორ აღწერა ერთ-ერთმა მობინადრემ, ანონიმურობის დაცვით, ის სარდაფი, სადაც, გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდნენ.
ეს სარდაფი გადატიხრული პატარა სოროებია, მაქსიმუმ ორი კვადრატული მეტრის სიგრძისა. რა ლაბორატორია შეიძლება ასეთ სარდაფში მოაწყო?..

„ღმერთმა გაშოროთ ისეთი სარდაფი, როგორიც ესაა. იქ საშინელი სუნია, წვეთავს გამუდმებით, ნესტია, აირწინაღი უნდა გეკეთოს, ერთი საათი მაინც რომ გაძლო. არ არის ნათურა, არ არსებობს საერთო ჩამრთველი; ნათურა საგანგებოდ უნდა დააყენო, რომ თავი არ გაიტეხო. ეს სარდაფი გადატიხრული პატარა სოროებია, მაქსიმუმ ორი კვადრატული მეტრის სიგრძისა. რა ლაბორატორია შეიძლება ასეთ სარდაფში მოაწყო?“

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ბელორუსიის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დააპატიმრა სწორედ ის პირები, ვინც 11 აპრილის საზარელი ტერაქტი მოაწყო მინსკის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე და რომლებსაც ასევე ბრალი ედებათ 2005 და 2008 წლებში განხორციელებულ აფეთქებებში. მინსკი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებს ოფიციალურად ბრალს 23 აპრილს წაუყენებენ.
XS
SM
MD
LG