Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ჩერნობილს ესტუმრა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი იუკია ამანო და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ესტუმრნენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, რომელზეც მიმდინარეობს ახალი სარკოფაგის მშენებლობა სადგურის მეოთხე ენერგობლოკის დასაფარად. იანუკოვიჩის განცხადებით, გუშინ, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე შეგროვებული თანხა, 550 მილიონი ევრო საშუალებას იძლევა, სარკოფაგის მშენებლობა 2015 წლისთვის დამთავრდეს. მშენებლობის საერთო ღირებულებას ექსპერტები თითქმის მილიარდნახევარ ევროდ აფასებენ. ჩერნობილში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, იუკია ამანომ ისაუბრა ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მსოფლიომ სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს როგორც ჩერნობილის 25 წლის წინანდელი კატასტროფიდან, ისე იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე, მარტში მომხდარი ავარიიდან.
XS
SM
MD
LG