Accessibility links

აშშ-ის ონლაინინიციატივას რეპრესიული რეჟიმები უპირისპირდებიან


ეგვიპტე

ეგვიპტე

რამდენიმე თვის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა ჩართულობა მსოფლიო სოციალურ მედიასივრცეში. საუბარია სპეციალურ მისამართებზე „ტვიტერში“, რომლის საშუალებითაც ინტერნეტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ხმა მიაწვდინონ ვაშინგტონს და მიიღონ პასუხები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისაგან. ეს ინიციატივა დაემთხვა არაბულ სამყაროში დაწყებულ გამოსვლებს, რომლის ორგანიზებასა და ქუჩის საპროტესტო გამოსვლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს სოციალური მედია. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები გოლნაზ ესფანდიარი და რიჩარდ სოლაში დაინტერესდნენ იმით, თუ როგორი გამოხმაურება აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ჩვენ ყური გვაქვს მიდებული მსოფლიოზე, ვესაუბრებით ციფრულ აქტივისტებს იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ, ხოლო მრავალგვარი მიდგომით ჩვენ შევძლებთ იმ საფრთხეების დადგენას, რომლებიც ამ აქტივისტებს ემუქრებათ...

სპარსულენოვანი მესიჯებისათვის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერნეტმისამართია WWW.facebok.com/USA darFarsi. სწორედ ამ მისამართზე გზავნიდა ბოლო თვის განმავლობაში საკუთარ წერილებს ირანელი დემოკრატი აქტივისტი ამირ ჰოსეინ ეტემადი. იგი „ტვიტერში“ დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერებს მირ ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ეტემადს პასუხი არ მიუღია უშუალოდ „ტვიტერით“, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას „ფეისბუკის“ საშუალებით უპასუხა. მოხელე სთხოვდა განეგრძო კომენტარების გაგზავნა „ფეისბუკის“, „ტვიტერისა“ და „იუთუბის“ მეშვეობით და შეახსენებდა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის 15 თებერვლის ცნობილ განცხადებას ინტერნეტის თავისუფლების თაობაზე:

„ჩვენ ყური გვაქვს მიდებული მსოფლიოზე, ვესაუბრებით ციფრულ აქტივისტებს იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ, ხოლო მრავალგვარი მიდგომით ჩვენ შევძლებთ იმ საფრთხეების დადგენას, რომლებიც ამ აქტივისტებს ემუქრებათ. ჩვენ ვემხრობით ნაირგვარი საშუალებების გამოყენებას და თუკი რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები დაადგენენ ერთ რომელიმეს და მას მიზანში ამოიღებენ, მაშინ სხვები იქნებიან ხელმისაწვდომნი.“

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სოციალური მედიის ინიციატივა შესაძლებლობას იძლევა პირდაპირ მოუსმინო ადამიანებს, რომლებთან დაკავშირება ადრე შეუძლებელი იყო. სპარსული ენის გარდა, სახელმწიფო დეპრატამენტი „ტვიტერში“ ტექსტებს აქვეყნებს კიდევ ცხრა ენაზე, მათ შორის, არაბულად, ჩინურ და რუსულ ენებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის არაბულენოვან ტექსტებს 6000-მდე ხელმომწერი ჰყავს, რაც ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს არაბულ სამყაროში.

აქტივისტებსა და მიმომხილველებს აინტერესებთ ისიც, თუ რამდენად ამართლებს დასახულ მიზანს ვაშინგტონის ეგრეთ წოდებული „სოფთ-პოუერის“ პოლიტიკა სოციალური მედიის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან კრიტიკულები, კამათობენ და მათთან საუბარი რთულია, არსებობს ძალიან პოზიტიური ურთიერთქმედება, ადგილი აქვს დიალოგს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დადებითია...

მაროკოელი ბლოგერის ჰიშმან ალმირაატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ორმხრივი საუბარი“ ვაშინგტონთან ყოველთვის არ არის შესაძლებელი, სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივამ უკვე მიაღწია წარმატებას და საფუძველი ჩაუყარა დიალოგს მისი ქვეყნის ინტერნეტის მომხმარებელ საზრიან ახალგაზრდობას შორის:

„ეს ყველაფერი განსხვავდება იმისაგან, რაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო, როდესაც ჩვენ ვღებულობდით მხოლოდ გარკვეულ მესიჯს, გარკვეულ პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან კრიტიკულები, კამათობენ და მათთან საუბარი რთულია, არსებობს ძალიან პოზიტიური ურთიერთქმედება, ადგილი აქვს დიალოგს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დადებითია.“

ჰიშმან ალმირაატი გამოყოფს ალეკ როსს, ჰილარი კლინტონის 40 წლის წამყვან მრჩეველს, რომლის ინფორმაციებს „ტვიტერში“ მაროკოელი ბლოგერი ინტერესით ადევნებს თვალს. ალეკ როსი პასუხს აგებს მრავალ იმ ძალისხმევაზე, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი სოციალური მედიის გამოყენებით მიმართავს. ალმირაატის თქმით, ტუნისსა და ეგვიპტეში მიმდინარე ბობოქარი მოვლენების დროს როსი რეგულარულად პასუხობდა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე არაბული სამყაროს წარმომადგენლების შეკითხვებს და განუმარტავდა მათ შეეერთებული შტატების პოზიციას არაბული სამყაროს მიმართ.

თუმცა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის არაბული „ტვიტერის“ ინფორმაციაზე საუბრობს, ალმირაატი ამბობს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „რობოტს ელაპარაკებითო.“ მას მხედველობაში აქვს სირიის მოვლენების თაობაზე „ტვიტერში“ გამოქვეყნებული პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „გამოსავალი არ არის ძალადობა ქუჩებში. დადგა დრო სირიამ შეწყვიტოს შეზღუდვები და მოუსმინოს თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს.“

თუმცა, როგორც სოციალური მედიის ანალიტიკოსი კლეი შირკი წერს, ასეთი ოფიციალური ტონი, ალბათ, არ შეიცვლება, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტს, მკვლევარის აზრით, არ ძალუძს „ტვიტერის გამოყენებით ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდოს განსხვავებულ მხარეებს, რომელთა მიზნები ერთმანეთის საპირისპიროა.“
აუდიტორია, რომელსაც ისინი მიმართავენ, არ შედგება ხალხისგან, ვინც ტელევიზორს უყურებს. დღევანდელი ინტერნეტი ჩვენთვის ყველაფერია - ტელევიზიაც და რადიოც. ეს არის ჩვენი მედია დღეს...

შეკითხვაზე, თუ რამდენად ახდენს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არაბული „ტვიტერითა“ და „ფეისბუკით“ მიღებული მესიჯები, ასევე არ აქვს პასუხი დალია ზიადას, ეგვიპტელ ბლოგერსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტს. თუმცა იგი ამბობს, რომ ეს არის კომუნიკაციის საშუალება, რაც, პირველ ყოვლისა, არაბული სამყაროს ახალგაზრდობისათვის არის იმის დადასტურება, რომ თეთრ სახლს მათი მოსაზრებები აინტერესებს:

„ სულ მცირე, ამ შეხედულებებს ისინი მხედველობაში მაინც იღებენ, როდესაც რეგიონში არსებული პოლიტიკური პრობლემების განხილვას ცდილობენ. თანაც, აუდიტორია, რომელსაც ისინი მიმართავენ, არ შედგება ხალხისგან, ვინც ტელევიზორს უყურებს. დღევანდელი ინტერნეტი ჩვენთვის ყველაფერია - ტელევიზიაც და რადიოც. ეს არის ჩვენი მედია დღეს.“

მიუხედავად იმისა, გამოეხმაურებიან თუ არა მათ, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუსმენს ყველას მოსაზრებას, ვინც მასთან ონლაინ კავშირს დაამყარებს, - აცხადებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში, მაიკლ პოზნერი.
თუმცა ეს ჩართულობა ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია, რადგან სოციალურ მედიაზე ძლიერია რეპრესიული რეჟიმების გავლენა. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელორუსია და ჩინეთი, სამთავრობო ცენზურები ბლოკავენ ვებსაიტებს. ისინი სადისკუსიო სივრცეში საკუთარ თავს წარმოადგენენ როგორც მონაწილეებს, რათა ჯაშუშურად თვალყური ადევნონ სხვების საუბრებს, მობილურ სიგნალებს კი იყენებენ ადამიანების ადგილმდებარეობის დასადგენად.

გამომდინარე იქიდან,რომ სოციალური მედიის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში კვლავაც ძალიან საშიშია, ზემოხსენებული ირანელი ბლოგერი ეტემადი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, არ მოელის, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფო დეპარტამენტის ონლაინსაშუალებით ფართოდ ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG