Accessibility links

კლინტონი: სირიაში უნდა შეწყდეს ადამიანების დაკავება და წამება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს დაგმო ძალადობა სირიაში. აშშ-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ „განსაკუთრებით შეშფოთებულია [ქალაქ] ჰომსში არსებული სიტუაციით, სადაც, არაერთი ცნობით ძალადობა და მსხვერპლია როგორც სამოქალაქო მოსახლეობას, ისე სამთავრობო მუშაკებს შორის“. კლინტონის თქმით, ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია, ვინაიდან ჟურნალისტებს არ ეძლევათ მუშაობის საშუალება. ქალაქ ჰომსში აქტივისტები აცხადებენ, რომ ორშაბათის შემდეგ ჯარისკაცებმა და სხვა ძალებმა 20-ზე მეტი დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტი დახოცეს. დღეს უფრო ადრე ვრცელდებოდა ცნობები ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ბანიასში - მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, გააუქმოს 48 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა. დემონსტრანტები სულ უფრო აქტიურად მოითხოვენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ვარაუდით, თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სირიაში მოკლულ იქნა 200-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG