Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში


უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა პარლამეტში, 18 თებერვალი
უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა პარლამეტში, 18 თებერვალი
დასასრულს უახლოვდება მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე, რომლის საჯარო განხილვის პროცესიც უკვე თითქმის ოთხი თვეა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა არაერთი შენიშვნა თუ მოსაზრება მოისმინეს სხვადასხვა ინტერესჯგუფის მხრიდან - იქნებოდა ეს ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება.

21 აპრილს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრა ერთგვარ შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა. რა ძირითადი ცვლილებები შევიდა ამ ეტაპისთვის დოკუმენტის პროექტში?

საჯარო განხილვების პროცესში არაერთხელ გამოიკვეთა აზრი იმის თაობაზე, რომ დოკუმენტის პროექტში აუცილებლად უნდა გაფართოებულიყო რუსეთის მიერ 2008 წელს გამოვლენილი აგრესიის მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალი. თუკი პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების ჩანაცვლების მიზანზე, 21 აპრილის შეხვედრაზე გაირკვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში ჩაიწერება, რომ რუსეთის აგრესიის მიზანი იყო როგორც ქვეყნის ოკუპაცია, ასევე ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა. გავიხსენოთ, რომ პროექტის მიხედვით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

გადაწყვეტილია ასევე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში წინა პლანზე გადმოიწიოს და უფრო ფართოდ იქნეს წარმოდგენილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თემა. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება დოკუმენტის საჯარო განხილვის პროცესში გამოვლინდა:

”ეს ძველ ვერსიაშიც იყო, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრიორიტეტი; თუმცა რადგან იყო ამასთან დაკავშირებით ბევრი შემოთავაზება და ჩვენც გავიზიარეთ, ეს მიმართულება კიდევ უფრო განმტკიცდება პროექტში. კერძოდ, ლაპარაკია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებაზე. ახლა ეს საკითხი წარმოდგენილი იქნება როგორც ღირებულებებისა და ინტერესების ნაწილში, ასევე პოლიტიკური პრიორიტეტების ნაწილში, სადაც ის ისედაც იყო...”

დემოკრატიული განვითარების კონტექსტში, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობა ბერლინში.15 აპრილს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ ”ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში ამჟამად ძალაშია კონკრეტული და ძალიან ეფექტიანი პროგრამები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმათა მხარდაჭერა და უფრო ფართო დემოკრატიული რეფორმების კონტექსტში მოქცევა.”
ამასთან, ბერლინში - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე - საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში გამოხატულია ალიანსის დიდი მოლოდინი, რომ საქართველოში მიმდინარე ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი 2011 წლის ბოლომდე დასრულდება. სწორედ ამ გაცილებით ფართო პროცესის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცებაც.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უსაფრთხოების პრიორიტეტების თაობაზე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა ფორმატში აქვს და ერთ-ერთ ასეთ ფორმატს სწორედ ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს.

21 აპრილის შეხვედრის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში გათვალისწინებულია მათ მიერ წინა შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნების უმეტესი ნაწილი და რომ ამ ეტაპზე პროექტი უკვე საკმაოდ კარგად ასახავს ბოლო ასეთი დოკუმენტის მიღების, ანუ 2005 წლის, შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და სამომავლო ხედვას. მაგალითად, ასე ფიქრობს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე და ამავე აზრზეა საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე:

”ისევე როგორც საფრთხეების, გამოწვევების და ღირებულებების ნაწილი, ასევე პრიორიტეტების ნაწილი, ჩემი აზრით, შეესაბამება არსებულ ვითარებას. თუმცა, ალბათ, შესაძლებელია კიდევ უფრო დახვეწა. როგორც იტყვიან, მჯობნის მჯობნი არ დაილევა...”

მართალია, დოკუმენტის პროექტს, საერთო ჯამში, იწონებს, მაგრამ 21 აპრილის შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს - ”კოალიცია ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელს მიხეილ თავხელიძეს - მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ პროექტში სათანადო ყურადღება არ ეთმობა ქვეყნის ეკონომიკურ კურსს:

”ჩემი აზრით, კონცეფციაში ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავი თუ სექცია მთლად ბოლომდე კარგად ნაფიქრი არ იყო. აი, დღეს რაც არის აქტუალური და საზოგადოებრივ დისკურსში რა სიტყვებიც ჟღერს, აი, ეს იყო უბრალოდ ჩამოწერილი იქ... ”

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ დაიხვეწება იქამდე, ვიდრე ის განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. ზუსტი ვადები ამ ეტაპისთვის არ არის განსაზღვრული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG