Accessibility links

logo-print
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის საკმაოდ მკაცრ შეფასებებში კრიტიკის ფაქტორს ვერ ამჩნევენ და აცხადებენ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ თომას ჰამარბერგი დარწმუნდა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პრობლემები არ არის.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშას თორდიასათვის გაუგებარი აღმოჩნდა კითხვა, თუ როგორ შეაფასებდა ის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის საკმაოდ მკაცრ გზავნილებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის თაობაზე:

"- რას გულისხმობთ კრიტიკულ შეფასებებში?

- მაგალითად, ის, რომ ძალიან დიდია რიცხვი წინასწარი პატიმრობისა, მცირეა გამამართლებელი განაჩენის პროცენტული მაჩვენებელი, არის შეგრძნება იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი და ა.შ...

- ის, რაც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ითქვა, ყველა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ბატონ თომასთან შეხვედრაზე გვქონდა საუბარი. რეალურად, მან დააფიქსირა თავისი დადებითი დამოკიდებულება ყველა იმ ტენდენციისადმი, რაც ქვეყანაში არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით...

- იქნებ დააკონკრეტოთ, რა შეაფასა მან დადებითად?

- ვგულისხმობ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს, ასევე პენიტენციარულ სისტემაში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ ტენდენციას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ საკითხზე... ამის შემდგომ მან ძალიან დიდი კმაყოფილება და მხარდაჭერა გამოთქვა ყველა იმ მიმართულებისადმი, რაც ჩვენ გაგვაჩნია.”

თომას ჰამარბერგმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მართლაც ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე გარკვეულ პროგრესზე, რომელიც არასრულწლოვანთა დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას შეეხება. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ძალიან მალე დაიწყება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსზე, ასევე, გადაწყდება ზედმეტად მკაცრი სასჯელის ვადებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა 17-წუთიანი პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილი სწორედ იმ საჩივრებისა და წერილების შინაარსის განხილვას დაეთმო, რომელთაც, მისი თქმით, ის საქართველოდან თვეების განმავლობაში იღებდა და რაც ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მაგალითად, თომას ჰამარბერგის მიერ გახმაურებულ კრიტიკულ გზავნილს წინასწარ პატიმრობათა საკმაოდ დიდი რიცხვისა და გამამართლებელი განაჩენის მცირე პროცენტული მაჩვენებლის შესახებ ლაშა თორდია ასე ხსნის:

”ადამიანს ნებისმიერ დანაშაულზე შეეძლო გადაეხადა ქრთამი და არანაირ პასუხისგებაში არ მიცემულიყო. ახლა კი გადავდივართ სისტემაზე, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი არის დაბალი. ეს პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც დღესდღეობით არის, გულისხმობს იმას, რომ პროკურატურა და ზოგადად სამართალდამცავი სისტემა სასამართლოში მიდის მომზადებული.”

რაც შეეხება ლაშა თორდიას მიერ ნახსენებ მომზადებულ პროკურატურასა და სამართალდამცავ სისტემას, თომას ჰამარბერგი შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იმ ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოდან ჩასულ წერილებსა და საჩივრებში ხშირად სწორედ საქმისადმი პროკურატურის არაპროფესიულ მიდგომაზეა ლაპარაკი.

”არის საჩივრები გამოძიების პროცესში პროკურატურის მხრიდან საქმისადმი არაპროფესიულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებები გროვდებოდა არამართებული გზით”, - აღნიშნავს თომას ჰამარბერგი.

თომას ჰამარბერგის ყველა განცხადება იყო გამოძახილი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიშებისა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, ხელისუფლება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საკუთარ თავს, თუკი არ იქნება ადეკვატური რეაქცია აღნიშნული გზავნილების მიმართ.

”ჩვენ მივიღეთ ის სასურველი შედეგი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდით. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რაც არის დამატებითი ფორსაჟი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშისა და, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს სახალხო დამცველის უმნიშვნელოვანესი ანგარიში. პირველი ტესტი ხელისუფლებას შეუძლია ჩააბაროს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების შემდეგ, როდესაც საქართველოს პარლამენტი დადგება არჩევანის წინაშე, უყაროს თუ არა კენჭი დადგენილების პროექტს, რომლითაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ გამოიკვეთება გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის არანაკლებ კრიტიკული შეფასებები და ახლა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა კომისრის მკაცრი გზავნილები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს, იძლევა თუ არა ეს იმის საბაბს, რომ ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მიმართულებით სტრატეგია შეცვალოს? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას. ლაშა თორდიამ უპასუხა:

”რა თქმა უნდა, მთელი რიგი ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი სისტემა, სადაც პრობლემები და ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში აღარ იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს იქნება როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში და სხვა.”
XS
SM
MD
LG