Accessibility links

მიმოხილვას დავიწყებთ „რეზონანსით“. გაზეთის მეწინავე სტატიიდან მკითხველი შეიტყობს, რომ ცხინვალში იმყოფებოდა ვლადიკავკაზისა და მახაჩყალის არქიეპისკოპოსი ზოსიმე, რომელსაც ადგილობრივი მედიისათვის განუცხადებია, რომ მისი მისია ამ მიწაზე მართლმადიდებლური რწმენის გაძლიერებაა. გაზეთი რუსი სასულიერო პირის ვიზიტთან დაკავშირებით კავკასიის საკითხებში ექსპერტს მამუკა არეშიძეს ელაპარაკა: „რუსეთის ეკლესია ძალიან გააქტიურდა და არის საფრთხე, რომ შეეცდება ადგილობრივმა თვითგამოცხადებულმა ეკლესიებმა მათ ცარიელი ეკლესიები გადასცენ. თუ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად არ იქნება სადარაჯოზე, მაშინ ნელ-ნელა ამ ეკლესიებს რუსი მღვდლები დაიკავებენ“. სტატიის ავტორი ასევე დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, თუმცა პრესსამსახურში განუცხადეს, რომ რუსი არქიეპისკოპოსის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოში არაფერი იციან.

22 აპრილის „რეზონანსი“ ასევე აქვეყნებს საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, „გელაპის“ მიერ, 124 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის 66 პროცენტი არსებობისათვის იბრძვის, 24 პროცენტისათვის კი ცხოვრება ტანჯვაა და მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი.

მთლიანად პოლიტიკურ პარტიებს ეთმობა გაზეთ „ახალი თაობის“ პირველი გვერდი. ყურადღებას იპყრობს სტატია, სათაურით „ბურჯანაძე და „ქართული პარტია“ შეიძლება შერიგდნენ“. სტატიიდან მკითხველი შეიტყობს, რომ ეს ვარაუდი დაფუძნებულია „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა ნინო ბურჯანაძესთან დიალოგი დაიწყოს, თუკი ლევან გაჩეჩილაძე პატიების დიდსულოვნებას გამოიჩენს. სტატია მთავრდება ნინო ბურჯანაძისა და „სახალხო კრების“ სამომავლო გეგმებზე საუბრით. ირკვევა, რომ „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“ საპროტესტო აქციის გამართვასა და მოქმედების სტრატეგიის გამოცხადებას 2 მაისს აპირებს.

ასევე „ახალ თაობაში“ იხილავთ ინტერვიუს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას. ლაპარაკია სახალხო დამცველის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი სარჩელის იმ ნაწილზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და რომლის მიხედვითაც გაუქმდა აკრძალვა შეკრებისა და მანიფესტაციების სახელმწიფო დაწესებულებების მახლობლად - შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში გამართვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს რესპუბლიკამ“ კი გამოაქვეყნა ღია წერილი „ქართული ენა საფრთხეშია“, რომლის ადრესატები პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და განთლებისა და მეცნიერების მინისტრი არიან. წერილში ვკითხულობთ: „არ შეიძლება ენის ახალი სიტყვებით გამდიდრების თვითდინებაზე მიშვება, არ შეიძლება უცხო ენიდან შემოვიდეს ისეთი სიტყვები, რომელთა შესატყვისები უკვე არსებობს ენაში და ხშირად უკეთესადაც გამოხატავს სათქმელის შინაარსს. მიუღებელია ენის დაბინძურება ბარბარიზმებით, ვულგარიზმებით, ჟარგონებითა და დიალექტიზმებით“. წერილი „საქართველოს მწიგნობართა ასოციაციის“ ეგიდით 14 აპრილს გამართული კონფერენციის მონაწილეთა მიერაა შედგენილი და ის ვითარებიდან გამოსასვლელი გზების შეთავაზებით მთავრდება. რჩევათა ჩამონათვალშია: ქართული ენის დაცვისა და განვითარების სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც სახელმწიფო დონეზე უზრუნველყოფს ენის სიწმინდის დაცვას.
XS
SM
MD
LG