Accessibility links

logo-print

ლიბიაში ჯონ მაკკეინი ჩავიდა


ჯონ მაკკეინი ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში ჩავიდა

ჯონ მაკკეინი ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში ჩავიდა

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ლიბიაში ჩავიდა, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებთან შეხვედრის მიზნით. ერთი დღით ადრე - ხუთშაბათს - აშშ-მა განაცხადა, რომ კადაფის ძალების წინააღმდეგ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას დართო ნება.

აშშ-ის სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჯონ მაკკეინი, პარასკევს ლიბიაში ჩავიდა და განაცხადა, რომ აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეების მხარდასაჭერად - მათ შორის, საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობის აღდგენის გზით.
ამ ხალხის დასახმარებლად რაც შეგვიძლია, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ შესაძლოა ასე არ ვიქცევით და ისინი იხოცებიან...

მაკკეინი მეამბოხეთა ბასტიონად ქცეულ ქალაქ ბენღაზიში ჩავიდა და კადაფის წინააღმდეგ ამბოხებულებს გმირები უწოდა. მაკკეინის განცხადებით, მეამბოხეები საერთაშორისოდ უნდა იქნენ აღიარებული - ეს ნაბიჯი ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთმა, იტალიამ და კატარმა გადადგეს: „მათ სჭირდებათ უფრო მეტი დახმარება, მათ სჭირდებათ მეტი საავიაციო მხარდაჭერა. აშშ-ს აქვს უნიკალური შესაძლებლობები ამისათვის, რაც უნდა განვაახლოთ. მეამბოხეებს სურთ, რომ ისინი აღიარონ“, - განაცხადა სენატორმა.

მაკკეინმა, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში წამყვანი რესპუბლიკელია, ასევე ვიეტნამის ომის ვეტერანია და ყოფილი ომის ტყვეც არის, ბენღაზიში საავადმყოფოც მოინახულა: „ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ, სადაც მძიმედ დაჭრილი და მომაკვდავი ხალხი მოვინახულე. სიმართლე გითხრათ, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, რომ ამ ხალხის დასახმარებლად რაც შეგვიძლია, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ შესაძლოა ასე არ ვიქცევით და ისინი იხოცებიან“, - უთხრა მან ბენღაზიში ჟურნალისტებს.

როგორც იუწყებიან, მაკკეინს ქალაქის ცენტრში დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შეეგება. ისინი სკანდირებდნენ, „თავისუფალი ლიბია, - კადაფი, წადი - მადლობა აშშ-ს და პრეზიდენტ ბარაკ ობამასო“. გავრცელებული ცნობებით, ზოგიერთი ამბობდა, „ცუდი კადაფი წავიდა და მაკკეინი ჩამოვიდაო“.

მაკკეინი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ლიბიის აღმოსავლეთს ეწვია მას შემდეგ, რაც თებერვლის შუა რიცხვებში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო ამბოხება დაიწყო.

მაკკეინი აშშ-ის მხრიდან ლიბიაში ინტერვენციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო. ის ამას ჯერ კიდევ თებერვალში მოითხოვდა - რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ინტერვენციის ნებართვას გაეროს უშიშროების საბჭო გასცემდა.

მაკკეინი აკრიტიკებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აშშ-მა ოპერაციის ხელმძღვანელობა ნატოს გადააბარა და თავად საბრძოლო თვითმფრინავები ოპერაციიდან გაიყვანა.

თუმცა მაკკეინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კადაფის ძალების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების ნებართვა გასცა.
რეჟიმის გარედან შეცვლა, როგორც ერაყსა და ბალკანეთში ვნახეთ, საოცრად რთულია...

ამგვარ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილიდან მართავენ. აშშ-ს ისინი გამოყენებული აქვს სამხედრო ოპერაციებში პაკისტანში, ავღანეთში, ბოსნიაში, სერბიაში, ერაყსა და იემენში.

ამ თვითმფრინავებს ჰაერში 40 საათი შეუძლიათ დაყონ ისე, რომ მიწიდან ვერავინ შეამჩნიოს. ზოგადად, ამ თვითმფრინავებს სამიზნეების დაბომბვა ზუსტად გამოსდით, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მათ შეცდომით სამოქალაქო პირები იმსხვერპლეს.

ბევრი ამას აშშ-ის მხრიდან ნატოს გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც ოპერაციაზე კონტროლი აშშ-ისგან გადაიბარა, ნატოს უჭირს სამოქალაქო პირების დაცვის მისიის შესრულება.

გეიტსის განცხადებით, თვითმფრინავების ჩართვა „მოკრძალებული წვლილია“ ნატოს მისიაში. გეიტსმა ხაზგახმით აღნიშნა, რომ რეჟიმის შეცვლა ყველაზე ეფექტიანი მაშინ იქნება, თუკი ამას თავად ლიბიელი ხალხი მოახდენს. „რეჟიმის გარედან შეცვლა, როგორც ერაყსა და ბალკანეთში ვნახეთ, საოცრად რთულია. ტუნისის და ეგვიპტის გათვალისწინებით, ეს ყველაზე ეფექტიანი მაშინაა, როცა შიგნიდან ხდება. ჩვენ ვცდილობთ საკმარისი სივრცე უზრუნველვყოთ და იმისათვის, რომ კადაფის ოპოზიცია მისი სამხედრო ძალისგან შეძლებისამებრ დავიცვათ, კადაფის სამხედრო შესაძლებლობებს ვამცირებთ.“

ლიბიელი მეამბოხეები აშშ-ის მხრიდან ოპერაციაში უპილოტო თვითმფრინავების ჩართვის ცნობას პოზიტიურად შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG