Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი


პროექტი ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”
პროექტი ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”
გასულ კვირაში თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტ ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში ახალი ინიციატივა წამოაყენა. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიების დახმარების მიზნით, მათ მიერ აშენებულ საცხოვრებელ ფართს მერია შეიძენს. გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ მერიის ასეთი ინიციატივა შეჩერებული მშენებლობების დასრულების კარგ წინაპირობას წარმოადგენს.

დღეს ლაპარაკია გაცოცხლებაზე სამშენებლო პროცესის. მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მერია გამოდის გარანტად აშენებული ფართის შეძენისა ...
თბილისის მერია ერთ კვადრატულ მეტრ აშენებულ საცხოვრებელ ფართში 400 აშშ დოლარს ჰპირდება ყველა სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაწყებული მშენებლობის ბოლომდე მიყვანას შეძლებს. ეს ინიციატივა თბილისის მერმა გიგი უგულავამ 21 აპრილს მეცნიერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებს, ექსპერტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააცნო:

”ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 400 დოლარად ვიყიდით ერთი კვადრატული მეტრი ექსპლუატაციაში მიღებული, დასრულებულ თეთრი კარკასი. პრაქტიკულად ეს არის უფასო დაზღვევა ნებისმიერი მშენებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, მშენებლობის სტადიაზე მოიზიდოს უსაფრთხოდ თანხა. პროექტის შეთანხმების შემდგომ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავუდოთ მათ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციასთან არის გარანტი.”

თბილისის მერსი გიგი უგულავას შეხვედრა ექსპერტებთან ტექნიკურ უნივერსიტეტში
თბილისის მერის ეს ინიციატივა როგორც დაწყებული, ასევე ახალი მშენებლობის მსურველებს, პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს, რადგან, გარანტირებული მყიდველის შემთხვევაში, ბანკები უფრო თამამად გასცემენ საკრედიტო რესურსებს. მერიასთან გაფორმებული წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიას არ ავალდებულებს საცხოვრებელი ფართი მხოლოდ დედაქალაქის მთავრობას მიჰყიდოს. გიგი უგულავას განცხადებით, კომპანიებს უფლება აქვთ დასრულებული ეგრეთ წოდებული თეთრი კარკასი ბაზარზე გაიტანონ და ხელსაყრელ ფასად გაყიდონ. საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება კი თბილისში 550 აშშ დოლარზე მაღალია და ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ლადო ვარდოსანიძის განცხადებით, მერიის ინიციატივა სამშენებლო ბიზნესს გამოაცოცხლებს:

”დღეს ლაპარაკია გაცოცხლებაზე სამშენებლო პროცესის. მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მერია გამოდის გარანტად აშენებული ფართის შეძენისა, რაც დიდ კომფორტს უქმნის სამშენებლო კომპანიას, რადგან გარანტირებულია მისი ძალისხმევა ამ პროექტში.”

რაც შეეხება სახელმწიფოს ისეთი ტიპის ჩარევას, რომელიც მერმა წარმოგვიდგინა, ვფიქრობ, რომ ეს არის მსუბუქი ტიპის ჩარევა. პრინციპში, ამ ჩარევით სახელმწიფო არ აწესებს შეზღუდვას ...
ლადო ვარდოსანიძის მსგავსად, ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ინიციატივა ტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილმა სხვა ექსპერტებმაც მოიწონეს, თუმცა გამოითქვა რამდენიმე ეჭვი, რომელიც თან ახლავს სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის პროცესს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ინფლაციის საფრთხე. ამ საფრთხეს კრიზისულ პერიოდში მეორეხარისხოვნად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა, რომელიც მერიის ახალ ინიციატივას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

”რჩება ისევ და ისევ ერთი სერიოზული ნაკლი, რომელიც არის მხოლოდ თბილისის მერიის გადასაწყვეტი. ეს არის ქვეყანაში რეალურად გაკოტრებული ფირმების არსებობა, რომლებიც აგრძელებენ ბიუჯეტის ხარჯზე სიცოცხლეს. როდესაც იქნება ფირმების შერჩევა, სასურველია თბილისის მერიამ ასეთ ფირმებთან კონტრაქტი არ დადოს.”

თბილისის მერიის აზრით კი, თითოეული პროექტის - შენობის - ეკონომიკა დამოუკიდებლად იქნება განხილული და გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, როცა დარწმუნდებიან, რომ პროექტი სიცოცხლისუნარიანია.

ამასთანავე, ქალაქის მთავრობა საბიუჯეტო თანხებს წინასწარ არ გადაიხდის, რაც თანხების არამიზნობრივ ფლანგვასაც გამორიცხავს. მერია მხოლოდ დასრულებული, ექსპლუატაციაში შესული საცხოვრებელი ფართის წინასწარ შეთანხმებულ საფასურს გადაიხდის 1 წლის მანძილზე.

ბიზნესში სახელმწიფოს ასეთ ჩარევას ლიბერალურ ჩარევას უწოდებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი აბაშიშვილი:

”რაც შეეხება სახელმწიფოს ისეთი ტიპის ჩარევას, რომელიც მერმა წარმოგვიდგინა, ვფიქრობ, რომ ეს არის მსუბუქი ტიპის ჩარევა. პრინციპში, ამ ჩარევით სახელმწიფო არ აწესებს შეზღუდვას, - პირიქით, სახელმწიფო აწესებს სტიმულირებას, თანაც ისე, რომ ამის ფინანსურ ინექციას თავად არ ახორციელებს.”

მერიის დახმარებით დასრულებული მშენებლობა თბილისში
მერიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ახალი ინიციატივის შედეგად სამშენებლო სექტორიც გამოცოცხლდება და ბინათმშენებლობის ათასობით მონაწილეც დაკმაყოფილდება, რომელთა ბინების მშენებლობა ან საძირკვლის დონეზე, ან კიდევ შუაშია გაჩერებული. გარდა ამისა, სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი დარგია როგორც თბილისის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის. სწორედ ამ სფეროშია სამუშაო ადგილების მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც კრიზისულ პერიოდშიც კი უმნიშვნელოდ შემცირდა.

როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში სამშენებლო ბიზნესის პრობლემები გლობალური კრიზისის შემდეგ წარმოიქმნა. თუმცა საქართველოში უფრო მეტად არასწორ მენეჯმენტსა და სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ლაპარაკობენ, ვიდრე გლობალური კრიზისის გავლენაზე.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში 20-ზე მეტ სამშენებლო კომპანიას ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” პირველი ორი ეტაპი დაეხმარა. პროექტში გამარჯვებულ კომპანიებს მერიამ, პირდაპირი დაფინანსებით, შეჩერებული პროექტების გაგრძელების საშუალება მისცა, რის შედეგადაც ძველი თბილისის ამორტიზებული სახლების მობინადრე 400-ზე მეტმა ოჯახმა თანამედროვე საცხოვრებელი ფართი მიიღო. ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი კი დედაქალაქში არსებულ ყველა სამშენებლო პროექტს შეეხება.
XS
SM
MD
LG