Accessibility links

logo-print

ახალი სახელმწიფო ავიაკომპანიის პერსპექტივა საქართველოში


23 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს საავიაციო შესაძლებლობებს ფრანგული კომპანიის საკონსულტაციო ჯგუფი შეისწავლის. სწორედ ”ერ ფრანს კონსალთინგის” (Air France Consulting) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები და შეიქმნება ახალი რეგიონალური ავიაკომპანია.

”ერ ფრანსის” საკონსულტაციო ჯგუფი დაადგენს, თუ რა პერსპექტივა აქვს საჰაერო ტრანსპორტის სფეროს განვითარებას საქართველოში, როგორ უნდა აღიჭურვოს ის და რეალურად რა მიმართულებებით ღირს ფრენა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ამბობს ჩვენთან საუბრისას, ავტორიტეტიანი ფრანგული კომპანიის კვლევას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება:

”ჩვენ გვირჩევენ, მაგალითად, რომელი თვითმფრინავებია შესაძენი ამა თუ იმ მარშრუტზე. ამიტომ ჯერ თვითონ მარშრუტებია დასადგენი - რომელი იქნება შემოსავლიანი. ეს შეეხება როგორც, ვთქვათ, ბათუმს, მესტიას... ეს არის ასევე ერევანი, ბაქო, თეირანი... ჩვენ რეგიონალურს ვარქმევთ - აქ იგულისხმება კავკასიაც, უკრაინაც, ისრაელი და სხვა ის ქვეყნები, რომლებსაც რეკომენდაციას გაუწევს ‘ერ ფრანსი’...”

გიორგი კარბელაშვილი ამბობს, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილ პერსპექტიულ მარშრუტებზე ფრენას, სავარაუდოდ, ნოემბრიდან შეუდგება ახალი რეგიონალური ავიაკომპანია, რომელიც საწყის ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაპარაკობს მიზეზებზე, რამაც სახელმწიფოს ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და იქვე სახელდება სახელმწიფოს აქტიურობის 3 ძირითადი მიზანი:

”დღეს რეალურად ვხედავთ, რომ ბაზარი არის ცარიელი, კომერციულმა სტრუქტურებმა, ავიაკომპანიებმა ვერ შეუწყვეს განვითარებას ხელი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ეხმარებოდა ქართულ კომპანიებს... ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბილეთები იყოს იაფი; უსაფრთხოება, რასაკვირველია, უმთავრესია და ტურისტების მოზიდვა...”

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარება დიდწილად სწორედ ტურიზმის განვითარების პერსპექტივის კონტექსტში მოიხსენია პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 აპრილს, მას შემდეგ, რაც ფოთში ფრანგული კომპანია ”თალესის” (Thales) მიერ დამონტაჟებული სამოქალაქო ავიაციის რადარი მოინახულა. ობიექტის გახსნას დაესწრო ასევე საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების, ტრანსპორტისა და ბინათმოწყობის მინისტრის მოადგილე ტიერი მარიანი. 22 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ ახალი რადარი მოემსახურება ფოთის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, რომლის ამოქმედებაც 2012 წელს იგეგმება და რომელიც "გადაფარავს“ ბათუმს, მესტიას და ანაკლიას. ფოთის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, საერთო პერსპექტივის კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა ახსენა ქუთაისის აეროპორტიც, რომლის ამოქმედებაც ასევე 2012 წლისთვის იგეგმება. სამოქალაქო ავიაციის განვითარებას პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უკავშირებს:

”ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ აქ იფრინოს ბევრმა ავიაკომპანიამ, ბილეთები იყოს ბაზარზე შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე იაფი. იმიტომ რომ, რაც უფრო იაფი იქნება ბილეთი, მით უფრო მეტი ხალხი ჩამოვა, მით უფრო ადვილად შეძლებენ ქართველები - მათ შორის, საქმიანი ვიზიტებით - აქეთ-იქით გადაადგილებას. მით უფრო მეტი პერსპექტივა ექნება საქართველოს ეკონომიკას.”

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გარკვეულწილად სწორედ სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა სამოქალაქო ავიაციის ბუნებრივ განვითარებასაც სჭირდება ეკონომიკური განვითარების გარკვეული დონე. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი რაღაცით კვერცხისა და ქათმის თავდაპირველი წარმოშობის საკამათო ისტორიას ჰგავს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი კარგად იცნობს მსოფლიო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც კერძო ბიზნესისთვის არამიმზიდველი ამა თუ იმ დარგის განვითარებისთვის პირველ ნაბიჯს სახელმწიფო დგამს, თუმცა რეგიონალური სახელმწიფო ავიაკომპანიის სამომავლო წარმატებაში ექსპერტს ეჭვი ეპარება:

”ამ საწარმოს მომგებიანობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. კი ბატონო, გააკეთონ, საბოლოო ჯამში, ეს ხომ ქვეყანას დარჩება და არსად არ წავა, მაგრამ აქ ჩადებული საინვესტიციო თანხები შეიძლებოდა სხვა სფეროში უფრო ეფექტურად ყოფილიყო გამოყენებული; იგივე - ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც, საბოლოო ჯამში, გააჩენდა ავიაციაზე ბუნებრივ მოთხოვნილებას და კერძო სექტორი თვითონ მოახდენდა ავიაციაში ინვესტირებას.”

ამგვარი სკეპტიკური მოსაზრებების მიუხედავად, სახელმწიფო ახალი რეგიონალური ავიაკომპანიის შექმნას მაინც გეგმავს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები, როგორც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ „ერ ფრანსის“ საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო ავიაკომპანია შესაძლოა მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდეს და მისი აქციების ყიდვის საშუალება დაინტერესებულ ადგილობრივ ავიაკომპანიებსაც მიეცემათ.
XS
SM
MD
LG