Accessibility links

logo-print
22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნა. თუკი კულტურულ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, სამყაროს ეს ულამაზესი ქმნილება - დედამიწა - უნდა გავიხსენოთ. აგერ, ინტერნეტში, ერთი ბლოგერის ჩანაწერში ასეთი რამ ამოვიკითხე: ”ეს პლანეტა, მართლაც რომ, უნიჭიერესი მხატვრის უდიდეს ნაშრომს წარმოადგენს, ის სავსეა ულამაზესი ფერებითა და ულამაზესი პეიზაჟებით”... მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ბლოგერის ლამაზი სიტყვებია, რომანტიკაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ. დედამიწის დღის აღნიშვნა ბუნების დამცველებს საშუალებას აძლევს ადამიანებს გაახსენონ, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომელიც არა მარტო დალაგებას, არამედ გადარჩენას საჭიროებს.

გიორგი აბულაშვილი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორია. ”ენერგოეფექტურობა” ენერგიის მოწოდების ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. ეს თემა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გახდა აქტუალური, როცა მსოფლიო ნავთობის კრიზისის დაძლევის საშუალებებს ეძებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ენერგიის ალტერნატიული საშუალებების ძიება და გამოყენება, პირველ რიგში, ბუნების დაცვის პოლიტიკას უკავშირდება.

მზის ენერგიის გამოყენებასთან ერთად გაიხსენეს ქარის ენერგიის შესაძლებლობებიც. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გლობალური ენერგეტიკული პრობლემები ჩვენს ყოფაზე აირეკლება. ჩვენ ენერგოდამოკიდებულები ვხდებით ნავთობზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე, რაც მსოფლიო პოლიტიკაში იჩენს თავს. ასეთ პირობებში დედამიწა მართლაც არ ახსოვთ ხოლმე. თუმცა, გიორგი აბულაშვილის თქმით, მზის ენერგიის გამოყენება - მუდმივი და, რაც მთავარია, მუქთა ენერგიისა - ადამიანთა ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს: დამოუკიდებლობის შეგრძნება ყოველ ადამიანს უჩნდება.

უფრო მეტიც, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა უშუალოდ აისახება ხელოვნებაზე - ყველაზე მეტად კი არქიტექტურაზე. ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა უკვე სამშენებლო ნორმებზეც კი მოქმედებს. თუმცა საქართველოში, გიორგი აბულაშვილის თქმით, ამაზე ფიქრი მხოლოდ ახლა დაიწყეს:

”ეს არის პრობლემა და ესაა პრობლემა ისევ წარსულის, როცა ენერგორესურსებზე... როცა ენერგორესურსებზე დაბალი ფასები არანაირ სტიმულს არ აძლევდა არც არქიტექტორს და არც მშენებელს ეფიქრა იმაზე, თუ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარდა შენობა. არის ასეთი თანამედროვე მიმართულება - ”მწვანე არქიტექტურა”, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა ეცნობა”, - გვითხრა გიორგი აბულაშვილმა.

„ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორის თქმით, აქ გათვალისწინებულია შენობის პოზიცია, რათა ის მაქსიმალურად იყოს მიმართული მზისკენ და შეითვისოს მაქსიმალური ენერგია. ასევე გათვალისწინებულია ხელოვნური დაჩრდილვის, ჩრდილწარმომქმნელი მექანიზმების გამოყენება, რათა ზაფხულში, პირიქით, გაგრილებისთვის არ გახდეს საჭირო მეტი ენერგიის გამოყენება. გათვალისწინებულია ახალი ტიპის სამშენებლო მასალების გამოყენება (ნებისმიერ შენობას თან უნდა ახლდეს გაანგარიშებები, თუ რა ტიპის და რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს ყოველი კვადრატული მეტრი ამ შენობის. და თუ მეტისმეტად ბევრია, შენობა, უბრალოდ, არ აშენდება). და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გადარჩეს დედამიწა.. დიახ, სწორედ პლანეტის შენარჩუნებისთვის. გიორგი აბულაშვილის თქმით, საქართველოში ადამიანები გარემოს დაცვას,როგორც წესი,ცხოვრების პრიორიტეტულ სფეროდ არ მიიჩნევენ, უფრო მეტიც, გლობალური დათბობის პრობლემას ზოგი გაეროს ჩინოვნიკების მიერ მოგონილად მიიჩნევს. სხვათა შორის, 22 აპრილს დედამიწის დღის აღნიშვნის ინიციატივა სწორედ გაეროს ეკუთვნის. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ ”მშვიდობის ზარებს” რეკავენ - ბუნების დაცვა, დედამიწის დაცვა მშვიდობის დაცვის იდეას უკავშირდება... ანუ დედამიწის დღე სრულიად განსხვავებული აქტივობის ადამიანებს აერთიანებს. გიორგი აბულაშვილის თქმით, გარემოს დამცველებისთვის მთავარი კლიმატურ ცვლილებებზე მსჯელობაა - იმაზე, რომ ადამიანს თავისი მოღვაწეობით ანდა, უფრო უხეშად რომ ვთქვთ, ”სიხარბით” შეუძლია თავად დაანგრიოს ეს ულამაზესი საერთო სახლი - დედამიწა.

ევროპამ, გიორგი აბულაშვილის თქმით, საკუთარ თავს დაუწესა, რომ 2020 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნების ენერგომოხმარების ოცი პროცენტი განახლებად ენერგიის წყაროებს ეფუძნებოდეს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ფონზე, რასაც დაემატა მიწისძვრა იაპონიაში, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბუნების დამცველები ატომური სადგურების დახურვის ინიაციატივით გამოვიდნენ, განახლებადი ენერგიის წყაროებზე ზრუნვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. თუმცა, გიორგი აბულაშვილის თქმით, საქართველოში მოსახლეობას ჯერ კიდევ არა აქვს ინფორმაცია თუნდაც მზის კოლექტორების შესაძლებლობებზე (მაშინ როდესაც იმავე თურქეთში მზის კოლექტორები თითქმის ყველა შენობაზე დგას უკვე).

მაგრამ, გიორგი აბულაშვილის თქმით, საქართველოში სიახლეს ნაკლებად იღებენ. მზიან ქვეყანაში მზის შესაძლებლობებს არ იყენებენ, რადგან არ იციან. დედამიწის დღემ, რომელიც ვარდების მოედანზე აღინიშნა 22 აპრილს, საქართველოს მოსახლეობას გაახსენა, რომ ბუნების რესურსები ამოუწურავია. მთავარია ადამიანმა იცოდეს როგორ გამოიყენოს ეს რესურსები, არ შეშინდეს, მაგრამ არც იმ ხიფათზე დახუჭოს თვალი, რომელიც რეალურად ემუქრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი საუბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა გაგვახსენა:

”პროფესიულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი მყინვარების საფარი კატასტროფულად მცირდება. არადა, ჩვენი მყინვარები არის მკვებავი ჩვენი მდინარეების... ანუ, შესაბამისად, მცირდება წყალჩამონადენები ჩვენს მდინარეებში.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG