Accessibility links

logo-print

ლავროვი ცხინვალსა და სოხუმში


სერგეი ლავროვი და ედუარდ კოკოითი (მარჯვნივ) ცხინვალში შეხვედრისას

სერგეი ლავროვი და ედუარდ კოკოითი (მარჯვნივ) ცხინვალში შეხვედრისას

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 25-26 აპრილს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს ეწვევა. რუსეთის საინფორმაციო წყაროები, რუსეთის საგარეო უწყების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერენ, რომ განიხილება მთავრობათაშორისი ურთიერთობების პერსპექტივები, მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში - რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებამოსილების შესახებ საკითხი, ხოლო ცხინვალში - სატრანსპორტო პრობლემები. სერგეი ლავროვმა ცხინვალში შეხვედრები უკვე გამართა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დღეიდან ძალაში შესული უვიზო რეჟიმი შეუწყობს ხელს. ამას გარდა, საუბარი შედგა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ტვირთების გადაზიდვა და მგზავრთა მიმოსვლა. ასევე განიხილება საავიაციო და სამაშველო სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი.
სერგეი ლავროვმა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უმთავრესი საკითხი ივნისში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია, რომელზეც რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილება:

”რაც შეეხება საერთაშორისო საქმეებს, ჩვენ განვიხილეთ ე.წ ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობა, რომელზეც განიხილება რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენ უპირატესობას, რა თქმა უნდა, მივანიჭებდით იმას, რომ აქ უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იყოს განპირობებული, საფუძველზე, რომლის შემოწმებაც შესაძლებელი იქნებოდა. ამისათვის საჭიროა დოკუმენტის ან დოკუმენტების ხელმოწერა. ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა ვარიანტები განვიხილოთ, რომელიც ძალის გამოუყენებლობას იურიდიულად უზრუნველყოფდა საქართველოს და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ეს მთავარი ამოცანაა ჟენევის მოლაპარაკებების წინ.”

რუსული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, სერგეი ლავროვმა ცხინვალში აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან სამხედრო პროვოკაციებს არ გამორიცხავს, რადგან არსებული რეჟიმისგან ნებისმიერ ნაბიჯს ელის, და რომ, შესაბამისად, რუსული მხარე ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საიმედოდ იყოს დაცული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვარი.
მან თქვა ასევე, იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს საკუთარ ვალდებულებას სამხრეთ ოსეთისა და აფახაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის თაობაზეო.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სერგეი ლავროვის ცხინვალში ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ ეს არის ფარისევლური პოლიტიკა, იმის დამადასტურებელი, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს, არად აგდებს, საქართველოს ეს ტერიტორიები რომ ოკუპირებულია და, ამ კონტექსტში, ზაქარეიშვილი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ცხინვალში სიმბოლური დატვირთვის მატარებლად მიიჩნევს:

”ეს სიმბოლური მოქმედებებია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს ნურავინ ელაპარაკება ქედმაღლურად: რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მსოფლიოს არ სჯერა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის და არც თვითონ იკლავს თავს, რომ გაასაღოს ეს მხარეები დამოუკიდებლად. რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაამტკიცოს, რომ რისი გაკეთებაც მას სურს, ის ამას აკეთებს და ნურავინ ცდილობს მისი პოლიტიკის კორექტირებას.”

პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ლავროვის ვიზიტს ცხინვალში რუსეთის მხრიდან ფორმალურ ნაბიჯად და იმის ხაზგასმად მიიჩნევს, თითქოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყოს:

”იმის დემონსტრირება სურს რუსეთს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და, ამდენად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს ე.წ. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების წარმოება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებებთან.“

რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, რუსეთი ყველა ძალას იხმარს, საერთაშორისო მოლაპარაკებების დონეზე, აიძულოს საქართველო შეასრულოს აღებული ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებო, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ისეთ ნორმას, რომლის მიხედვითაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიძლება თავის რომელიმე რეგიონთან სამხედრო თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
ლავროვის ვიზიტს ცხინვალში საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ჯერ არ გამოხმაურებია. სატელევიზიო კომენტარში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ ტრადიციულად აღნიშნა, რომ ყველა ხელშეკრულება, რომელიც შესაძლოა რუსეთმა და დე ფაქტო რესპუბლიკებმა გააფორმონ, უკანონოა:

”რუსეთისთვის საერთაშორისო დონეზე ეს არის უსუსურობის დამადასტურებელი. მას არ ჰყავს მეგობრები ნატოში, ევროკავშირში, ეუთოში. მას ჰყავს მეგობრები კოკოითის და ბაღაფშის სახით. მარიონეტებისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ გაამხნეონ ისინი, საერთაშორისო კუთხით კი ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. ჟენევის ფორმატის ფარგლებში ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ იმას, რომ დეოკუპაცია დაიწყოს.”

როგორც წესი, რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში ქართული მხრიდან კრიტიკის და პროტესტის საგანი ხდება. ასე იყო 2010 წლის 8 აგვისტოსაც, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სოხუმს სტუმრობდა. ხვალ, 26 აპრილს კი, სერგეი ლავროვი ჩავა სოხუმში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ქონებრივი უფლებამოსილების საკითხები უნდა განიხილონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG