Accessibility links

logo-print
კვირა ღამით 500-მდე პატიმარი გაიქცა ავღანეთის სამხრეთში მდებარე ყანდაარის ციხიდან მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით. გაქცეულთა დიდი ნაწილი „თალიბანის“ მეომრები არიან. ყანდაარის ციხიდან 2008 წელს 1000-მდე პატიმარი გაიქცა მას შემდეგ, რაც თალიბმა მეამბოხეებმა მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით ციხის კარი გააღეს. თუმცა ამჯერად საშიშმა პატიმრებმა გაქცევა მიწისქვეშა გვირაბით მოახერხეს.

როგორც ითქვა, პატიმრებმა სარპოსის ციხიდან ერთხელ, 2008 წელს, უკვე მოახერხეს გაქცევა. მაშინ ასეულობით თალიბის გაქცევა გახდა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა თალიბებმა დამონტაჟებული მანქანის მეშვეობით ციხის კარები გარედან ააფეთქეს. 2008 წლის შემდეგ სარპოსის ციხე აღადგინეს და იგი, გავრცელებული აზრით, ყველაზე დაცული საპატიმროა ავღანეთში. საპატიმრო ყანდაარის გარეუბანში მდებარეობს და, ექსტრემისტების გარდა, მასში სასჯელს სხვადასხვა დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირები იხდიან.

ტერორისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ 541 პატიმარი, რომლებმაც გვირაბის საშუალებით მოახერხეს გაქცევა, სპეციალური ტრანსპორტით უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. „თალიბანის“ განცხადებაში მითითებულია, რომ „320 მეტრიანი გვირაბი 5 თვის განმავლობაში ითხრებოდა, ხოლო პატიმრების გაქცევას ოთხსაათ-ნახევარი დასჭირდა.“

ერთ-ერთმა გაქცეულმა პატიმარმა, ანონიმურობის დაცვით, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს კვირის გაქცევის დეტალები უამბო:

„ ჩვენ ყველანი ძალიან ორგანიზებულად გავიქეცით. გათენებამდე არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ მოვახერხეთ გაქცევა, ვიდრე საკუთარ სოფლებს და საცხოვრებელ სახლებს არ მივადექით. ჩვენი უმრავლესობა სერიოზულად არის დაავადებული ან დაშავებული. ჩვენს წასაყვანად მოსულები ძალიან გვაჩქარებდნენ. გვირაბის სიღრმე ორ-ნახევარი მეტრი იყო და ჩვენ თითქმის 360 მეტრი ვიარეთ. როდესაც სხვა გამოქცეულებს ვკითხე, მათ მიპასუხეს, რომ ისინიც ამ გვირაბით გამოიქცნენ და მიაშურეს ისეთ უსაფრთხო რეგიონებს, სადაც მათ ვეღარ შეიპყრობენ.“

როგორც ტორიალაი ვესამ, ყანდაარის პროვინციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, პატიმრების გაქცევა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების „დაუდევრობით“ მოხდა. მისი თქმით, გვირაბის გაჭრა დაიწყო სახლიდან, რომელიც სარპოსის ციხესთან ახლოს მდებარეობს.

როგორც ყანდაარის ციხეების უფროსმა, გულამ დასტაგი მაიარმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, პოლიციამ ციხიდან გაქცევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა:

“ციხიდან გაქცეული 476 პატიმრის უმრავლესობა პოლიტიკური პატიმარია. გვირაბი ციხეში სხვადასხვა სოფლებიდან იყო შემოყვანილი, თუმცა უცნობია, თუ როგორ გაკეთდა ეს. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას. სულ მცირე, 8 გაქცეული პატიმარი შეიპყრეს დღეს დილით.“

ყანდაარის ციხიდან ასობით საშიში პატიმრის გაქცევა შესაძლოა მოასწავებდეს სერიოზულ კრახს საერთაშორისო ძალებისათვის, რომელთა სარდლობა ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში სწორედ ყანდაარის მიმართულებით. ამ ინციდენტის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ასევე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების უნარი, თავი გაართვას უსაფრთხოების ამოცანებს იმ ტერიტორიაზე, სადაც მათ დასავლეთის კოალიციისგან უკვე გადაიბარეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით ამ ქალაქების სიაში არ შედის ყანდაარი, თალიბების რეჟიმის ყოფილი დედაქალაქი. 2008 წელს ციხის გატეხის შემდეგ თალიბების რაზმებმა ცოტა ხნით კონტროლიც კი დაამყარეს ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქზე და მათი იქიდან განდევნა ნატოსა და ავღანეთის არმიის ერთობლივი ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად მოხერხდა.
XS
SM
MD
LG