Accessibility links

logo-print

ჩერნობილიდან ფუკუსიმამდე


ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკი

25 წლის წინ, 1986-ის 25 აპრილს, ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, ახლა კი ფუკუსიმის კატასტროფას ებრძვიან. როგორც 25 წლის წინ, ახლაც ღიად რჩება შეკითხვა, თუ რას მოუტანს სამყაროს ბირთვული ენერგიის შემდგომი გამოყენება.

25 წლის წინ, როდესაც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მეოთხე რეაქტორი აფეთქდა, ისე ჩანდა, რომ რეაქტორთან ერთად ატომური ენერგიის გამოყენებაც შეწყვეტდა არსებობას.

ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით შენელდა ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი, თუმცა ატომური ენერგიის გზით გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობა საკმაოდ დიდია და 16 პროცენტს შეადგენს. 21-ე საუკუნის დასაწყისი კი, ატომური ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, ერთგვარ „რენესანსადაც“ კი იქცა. ბუნებრივ საწვავზე გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურის ზრდის გამო, გაიზარდა მოთხოვნა ატომურ ენერგიაზე. შესაბამისად, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ ტოკიოს ქუჩებში კვლავ გამოვიდნენ დემონსტრანტები, რომლებიც მოითხოვენ შეწყდეს ატომური ენერგიის შემდგომი გამოყენება. მათ შორის იყო მაიოკო ნაკაჰარა:

„მე შეშფოთებული ვარ იაპონიის ატომური ენერგიის პოლიტიკით და თუკი არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, არავინ იცის, თუ კიდევ როდის შეიძენს ანტიატომური მოძრაობა ასეთ ძალას. ამიტომ მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ უარი უნდა ვთქვათ ატომურ ენერგიაზე.“

ფუკუსიმის კატასტროფის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში გაძლიერდა შიში ატომური უსაფრთხოების გამო, მათ შორის ჩინეთში, რომელმაც შეაჩერა რამდენიმე დაუმთავრებელი ელექტროსადგურის მშენებლობა. გერმანიაში, რომელიც ატომური ენერგიის გამოყენების საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთ ფლაგმანად ითვლება, მთავრობამ სამი თვის განმავლობაში 7 ძველი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა.
მაგრამ არის კი იმდენად ძლიერი ფუკუსიმის კატასტროფით გამოწვეული გამოფხიზლება მსოფლიოში,რომ ეჭვქვეშ დადგეს ატომური ენერგიის შემდგომი გამოყენების საკითხი?

ჯეიმს ეკტონი, საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის ექსპერტი, თვლის, რომ სხვადასხვა ქვეყანას ამ საკითხისადმი სხვადასხვა მიდგომა აქვს:

“სადაც საზოგადოებრივი აზრი ანგარიშგასაწევია, იქ, ვფიქრობ, ფუკუსიმას, სულ მცირე, ნეგატიური გავლენა ექნება ატომური ენერგიის ზრდაზე.“

თუმცა ჩერნობილისა და ფუკუსიმის სადგურებზე მომხდარ კატასტროფას დიდად არ შეუცვლია სურათი.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში გრძელდებოდა 64 ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა, 443 ძველი ატომური ელექტროსადგური კი კვლავ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თვით ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი შეცვალა მიდგომა და 2010 წელს გადაწყვიტა 8 მილიარდით დაეფინანსებინა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, რაც პირველია 1979 წელს „თრი მაილ აილენდის“ ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ.

ქვეყნების სამეული, სადაც ყველაზე მეტი ატომური ელექტროსაგური მოქმედებს, ასე გამოიყურება: ამერიკის შეერთებული შტატები - 104 სადგური, საფრანგეთი - 58 და იაპონია - 54. მეოთხე ადგილზე, 32 ატომური ელექტროსადგურით, რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ახალ-ახალი მშენებლობებით ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს. ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება აზიაში, სადაც ახალი 39 სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG