Accessibility links

logo-print

გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია


გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმის განაჩენი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლების პატივისცემის შესახებ. სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქმეს არასწორად იძიებდა, არაეფექტურად შეაფასა სასამართლო გამოძიების პროცესიც. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩლე გურამ გირგვლიანის მოთხოვნა მორალური ზიანის კომპენსირების შესახებ - მის სასარგებლოდ საქართველომ მომდევნი სამი თვის განმავლობაში 50 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. გირგვლიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველომ ევროსასამართლოში ეს საქმე წააგო.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე ოჯახის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2007 წლის ზაფხულში წაიღეს. როგორც ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა შავგულიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ევროპულმა სასამართლომ საქმე საკმაოდ დეტალურად შეისწავლა, 2010 წლის აპრილში კი ევროპულ სასამართლოში ცოცხალი სასამართლო პროცესიც შედგა. საჩივარში დაცვის მხარე სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევის ფაქტის აღიარებას მოითხოვდა. 2011 წლის 26 აპრილს ევროსასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც გირგვლიანის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის, დავით ჯანდიერის შეფასებით, მაქსიმუმია, რაც ევროსასამართლოსგან შეეძლოთ მიეღოთ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს...

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დააკისრა გირგვლიანების ოჯახის სასარგებლოდ მორალური ზიანის 50 000 ევროთი ანაზღაურება (მოთხოვნილი 300 000-ის ნაცვლად). თანხა საქართველოს სახელმწიფომ მომდევნო სამი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მცდელობით ხელი შეეშალათ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, მიუხედავად ასეთი უმძიმესი დანაშაულისა. დავით ჯანდიერი უფრო დეტალურად მოგვითხრობს სასამართლო გადაწყვეტილების ძირითადი აქცენტების შესახებ:

”ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. სასამართლო ძალიან დეტალურად აღწერს იმ გარემოებებს, რომელთა გამოც ცნეს ეს მუხლი დარღვეულად. სასამართლო უთითებს, რომ პირადად შს-თა მინისტრმა იცოდა, რომ მისი თანამშრომლები და მასთან დაახლოებული პირები იყვნენ ამ დანაშაულთან კავშირში, მაგრამ მან არ მიიღო ზომები იმისათვის, რომ ეს საქმე შსს-ს მიერ არ ყოფილიყო განხილული. სტრასბურგის სასამართლო ასევე ხაზგასმით ადასტურებს გენერალურ პროკურატურაში საქმის არასწორად გამოძიების ფაქტს, მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტს და იმასაც, რომ მომჩივანს არ ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა საქმის მასალებს. გარდა ამისა, სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ იმ ღონისძიებათა გატარება, რომელიც ისახავდა მსჯავრდებულთათვის მოსახდელი სასჯელის განახევრებას და მათ გამოშვებას, არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს და, შესაბამისად, ამის გამოც დაადგინა ევროსასამართლომ ევროკონვენციის მეორე მუხლის უპატივცემულობაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ.”

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერი გადაწყვეტილებაში ეხება მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს, რომ სასამართლო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ვერ დააკისრებს:

”სასამართლო განმარტავს სამოტივაციო ნაწილში, რომ მისთვის ეჭვს არ წარმოადგენს, რომ შსს-ს თანამშრომლების მიერ იქნა ეს დანაშაული ორგანიზებული, მაგრამ სასამართლო იქვე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს კერძო წვეულებასთან და არა პოლიციის მიერ დაგეგმილ ოპერაციასთან და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ვერ დაასკვნის, რომ სახელმწიფოს უნდა განესაზღვროს პასუხისმგებლობა ზუსტად ამ ფაქტის გამო. თუმცა ამავე ნაწილში ხმები საყურადღებოდაა გაყოფილი - 4 წინააღმდეგ 3-ისა. აქვე უნდა ვთქვა, რომ არ არსებობს ამის პრეცედენტი, რომ ევროპულმა სასამართლომ რომელიმე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაადგინოს და დამნაშავედ ცნოს.”

დავით ჯანდიერი ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ დაადგინა საქართველოს მიერ კონვენციის 38-ე მუხლის უპატივცემულობა იმ გარემოებების გამო, რომ საქართველომ გაყალბებული სახით წარუდგინა მტკიცებულებები ევროპულ სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში თბილისში, შარდენ ბარში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს და სცემეს. შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. შელაპარაკების ადგილზე კი, შარდენ ბარში, მაშინ სუფრას უსხდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე, შსს-ს ოფიცერი ოლეგ მელნიკოვი და შს-თა მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია. საქართველოს სასამართლომ პასუხისგებაში მისცა ოთხი პოლიციელი, რომლებსაც ჯერ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, შემდეგ სასჯელი გაუნახევრდათ და ბოლოს ისინი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მთელ ამ საქმეში ყველაზე სახიფათო სახელმწიფოს მიდგომა იყო:
სახელმწიფომ იმსჯელა, იყო თუ არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობა და დაადგინა, რომ არა...

”საქართველოში ჩატარდა აბსოლუტურად არასწორი და არასრულყოფილი გამოძიება. საქართველოს პარლამენტმა სპეციალურად შეამსუბუქა კანონში სასჯელი, რომ პასუხისგებაში მიცემულ პოლიციელებს არ შეშინებოდათ და თავი დაცულად ეგრძნოთ და ძლიერი სასჯელის შიშით არ ემხილათ ის მაღალჩინოსნები, ვინც არ უნდა ემხილათ, რადგან მათი მხილებით ხელისუფლების იმიჯს სერიოზული დარტყმა მიადგებოდა.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელზე პროცესს, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, არასდროს აფასებს მოგებულად ან წაგებულად და, მით უმეტეს, ისეთ მძიმე საქმეზე, როგორიც გირგვლიანის მკვლელობის საქმე იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებას კი ბურჯალიანი ასეთ შეფასებას აძლევს:

”სახელმწიფომ იმსჯელა, იყო თუ არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობა და დაადგინა, რომ არა. რომ არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ ის გარემოება, რომ გამოძიებაში იყო ხარვეზები, რის გამოც სახელმწიფოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ სახელმწიფო სიკვდილის ფაქტზეც არის პასუხისმგებელი. დანარჩენ მუხლებზე კი სასამართლომ თქვა, რომ დაუსაბუთებელია განმცხადებლების მხრიდან და დარღვევა არც ერთ დანარჩენ მუხლში არ დადგინდა. და ფაქტია ისიც, რომ სასამართლომ არ დაგვაკისრა საქმის ხელახალი გამოძიება.”

გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მხოლოდ სამი თვის შემდეგ. ამ პერიოდში მხარეებს აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება უკვე ევროსასამართლოს დიდ პალატაში. გასაჩივრების შემთხვევაში კი სწორედ მის საბოლოო სიტყვაზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვეტილება შეიცვლება თუ აღსასრულებლად მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG