Accessibility links

ცხინვალის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოხუმი მასპინძლობს. ამ ფაქტს თბილისში მოსკოვის პოლიტიკის გაგრძელებად და საერთაშორისო სამართლის ცინიკურ იგნორირებად მიიჩნევენ. რა განცხადებები კეთდება და რას ემსახურება ლავროვის მორიგი ვოიაჟი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც ლავროვის სოხუმში სტუმრობისას - 26 აპრილს - მოეწერა ხელი, საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაარსებისა და საქმიანობის პირობების განსაზღვრას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ ზუსტად ასეთივე ერთადერთი ხელშეკრულება გაფორმდა 25 აპრილს ცხინვალშიც. ბევრისთვის ნათელია, რომ ამ კატეგორიის დოკუმენტების გაფორმებას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის უშუალო მონაწილეობა ნამდვილად არ სჭირდება და რომ ლავროვის ვიზიტი მოსკოვის მორიგი პოლიტიკური სვლაა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ ეს ფაქტი შეფასდა, როგორც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ მოსკოვმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ცინიკური დამოკიდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ:

არსებობს კანონი და ბინებს იმ ხალხს მივცემთ, ვინც ამას იმსახურებს, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად...
”ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს, რომ საერთოდ არ მიიღოს ყურად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება, არამედ ცინიკური და გამიზნული ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკის საყოველთაო დემონსტრირება მოახდინოს.”

თუმცა ”ცინიზმის” დემონსტრირების გარდა, მედიის აზრით, ლავროვს აფხაზეთის შემთხვევაში ორი პრობლემა ამოძრავებდა: რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების დაკანონება და ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია. თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავე კამათის საგნად ქცეულ ამ ორ პრობლემას არა ”პრობლემები”, არამედ ”საკითხები” უწოდა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც ჩანს, მას ამ ეტაპზე აკმაყოფილებს პასუხები, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დახურულ კარს მიღმა მოისმინა. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, ლავროვმა თქვა, რომ ხსენებული ორივე საკითხის გადაწყვეტის პროცესი წინ მიდის და რომ სოხუმი მისასალმებელ პოლიტიკურ ნებას ავლენს. თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის სიტყვებში აშკარად იგრძნობა, რომ ის, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ბრმად ჩამორიგებას არ აპირებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის 46 განცხადებიდან დასაბუთებულად მიჩნეულია მხოლოდ 6 განცხადება:

”სპეკულაციები, რომ თითქოს ვიღაცებს ბინებს ართმევენ, ვფიქრობ, ამით უნდა დასრულდეს... არსებობს კანონი და ბინებს იმ ხალხს მივცემთ, ვინც ამას იმსახურებს, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად.”

სერგეი ლავროვის ამ ბოლო ვიზიტის დღეებში ცხინვალისა და სოხუმის ლიდერები ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ მათ დე ფაქტო რესპუბლიკებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა უპირებს აღიარებას. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ აღიარებას ერთი ქვეყნიდან მოელის, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ასევე კონკრეტიკის გარეშე აღნიშნავს, რომ მსურველია დაახლოებით 3 სახელმწიფო. გავიხსენოთ, რომ მსგავსი პროგნოზები, რომლებიც სოხუმსა და ცხინვალში წინა წლებშიც კეთდებოდა, ამ დრომდე არ გამართლებულა.

2008 წლის 14 სექტემბერს, როდესაც, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ლავროვი პირველად ეწვია სოხუმს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სულ რაღაც 3 კვირის აღიარებული ჰქონდა და რუსეთი იმედოვნებდა, რომ მას მალე ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდებოდა. თუმცა თითქმის უკვე 3 წლის თავზე, მსოფლიო ითვლის მხოლოდ 3 ქვეყანას, რომლებმაც რუსეთს მიბაძეს.

დამაიმედებელს ამ კუთხით ამჯერადაც ვერაფერს ეუბნება სოხუმსა და ცხინვალს კვირის მაღალი სტუმარი - სერგეი ლავროვი. ის ოპტიმიზმს სხვა ქვეყნებთან უფრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების კუთხით გამოხატავს და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს არაღიარების პოლიტიკაც აუცილებლად დასრულდება.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის არჩილ გეგეშიძის აზრით, ცივილიზებული მსოფლიოსთვის არაფერი შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსკოვს ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუს ყაიდის კიდევ არაერთი მომხრე გამოუჩნდება. ანალიტიკოსი საკითხს კოსოვოს მაგალითზე განიხილავს:

”დღეისათვის კოსოვო, ჩემი ინფორმაციით, 75-მდე ქვეყანამ აღიარა, მაგრამ ის მაინც არ არის საერთაშორისო სამართლის სრულფასოვანი სუბიექტი და ვერც გახდება, სანამ იმავე გენერალურ ასამბლეაში ქვეყანათა უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ამ მდგომარეობამდე კი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მოგეხსენებათ, რამდენი უკლიათ...”

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სოხუმსა და ცხინვალში სერგეი ლავროვის სტუმრობის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა, უსაფრთხოების განმტკიცება და ამ კონტექსტში ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმებების გაფორმება გახლავთ. კიდევ ერთხელ გამეორდა მოთხოვნა, რომლის ჯიუტად დაყენების გამოც მოსკოვმა აშკარა ჩიხში მოაქცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ბოლო რამდენიმე რაუნდი:
ძალის გამოუყენებლობის რეალური მექანიზმი იქნება საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შექმნა და განლაგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე...

”საჭიროა დოკუმენტის ან დოკუმენტების მიღება (და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ განსხვავებული ვარიანტები), რომლებიც იურიდიული გარანტია იქნება ძალის გამოუყენებლობისა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს და საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ”

მოსკოვის ამგვარ მიდგომას სასტიკად ეწინააღმდეგება თბილისი, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უკვე დადო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა. თბილისის უცვლელ პოზიციაზე ჩვენს რადიოსთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ლაპარაკობს:

”ძალის გამოუყენებლობის რეალური მექანიზმი იქნება საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შექმნა და განლაგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პირველ ნაბიჯად, ამისკენ რომ ვიმოძრაოთ, იქნებოდა რუსეთის მხრიდან ასეთივე ცალმხრივი განცხადება ძალის გამოუყენებლობაზე, ეს ერთი, და მეორე - აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება... მაგრამ რუსეთი არც ამას აკეთებს...”

დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ”რუსეთი აშკარა დაპირისპირებაში შევიდა საერთაშორისო სამართალთან, რომლის საფუძველზე დგომასაც მტკიცედ განაგრძობს საქართველო.”

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობის მიზნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბევრისთვის მაინც გაურკვევლად რჩება - ხომ არ დგას ამ ვიზიტების უკან კრემლისთვის საინტერესო სხვა საკითხები, საერთაშორისო თუ შიდაპოლიტიკურ ჭრილში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG