Accessibility links

logo-print
30 ივნისს შესრულდა დიდი პოლონელი პოეტის, ჩესლავ მილოშის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.

ჩესლავ მილოშის იუბილე მსოფლიომ ძალიან მოკრძალებულად აღნიშნა. მხოლოდ ერთი-ორი მშრალი წერილი ან ბლოგი, პოლონეთში, ლიტვაში და რუსეთში გამოქვეყნებული. სხვას ვერაფერს ვიხსენებ 30 ივნისიდან მოყოლებული დღემდე. არადა ამა თუ იმ მწერლის იუბილისადმი მიძღვნილი საინტერესო და შინაარსიანი პუბლიკაცია (საარქივო მასალა, წერილი, ესე, თარგმანი) ყოველთვის ხელს უწყობს მის ახლებურ წაკითხვას თუ საფუძვლიან გახსენებას სადღეგრძელოების გარეშე.

ჩესლავ მილოშს ჩვენში მეტ-ნაკლებად იცნობენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც თანამედროვე პოეზია და 60-80-იანი წლების საბჭოთა დისიდენტობის ისტორია აინტერესებს, ბევრმა იცის, რომ მან 1980 წელს ნობელის პრემიაც მიიღო, თუმცა მისი ქართული ბიბლიოგრაფია რამდენიმე მცირე პუბლიკაციით ამოიწურება. ერთ-ერთი ასეთი იყო ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი “ევროპის პირმშო”, მილოშის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის თარგმანი, რომელიც ზვიადმა 2002 წელს გამომიგზავნა და რომელიც მალევე დავბეჭდე ჩემთან, გაზეთ “24 საათის” ლიტერატურულ დამატებაში. დღეს მილოშზე სასაუბროდ სწორედ ზვიადი მოვიწვიე:

“ყოვლისმომცველი პოეტი იყო. იგულისხმება მისი გამაოგნებელი, ლამის დამაბნეველი მრავალფეროვნება და ასევე ამ პოეტური მემკვიდრეობის უზარმაზარი მოცულობაც. ჟანრობრივადაც ძალიან მრავალფეროვანი იყო, პოეზიაშიც, პროზაშიც და ესეისტიკაშიც. ეს იყო ადამიანი-სიმბოლო, იმიტომ, რომ მან დაამკვიდრა რაღაც ფასეულობები და დაამკვიდრა აბსოლუტურად საკუთარი ფასეულობები. ეს არ იყო ზოგადად წესიერების ან ზოგადად ადამიანის სიმტკიცის ნიმუში, ეს იყო მისი ფასეულობები. იგი საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი იყო და როგორც წაგვიკითხავს და ვიცით, საკმაოდ აღიზიანებდა, როცა პოეზიის გარდა მის დანარჩენ ღვაწლსაც უსვამდნენ ხოლმე ხაზს“.

დაიბადა 1911 წელს, ლიტვაში, მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, კოვნოს გუბერნიის სოფელ შეტენიში. სკოლა და უნივერსიტეტი ვილნიუსში დაასრულა, პირველი ლექსები 1930 წელს გამოაქვეყნა. 1935 წლიდან ვილნიუსის რადიოში მუშაობდა, 1937 წელს კი იტალიაში გაემგზავრა, შემდეგ კი პოლონეთში, ვარშავაში დამკვიდრდა. იატაკქვეშა ლიტერატურულ ცხოვრებას ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წლებიდან ეწეოდა. იგი ლიტვის საბჭოთა კავშირთან მიერთების, პოლონეთის გასაბჭოების, ვარშავის აჯანყების ჩახშობის უშუალო მოწმე იყო და თავის მოგონებების წიგნში თუ წერილებში არაერთხელ აღწერა ეს მოვლენები. 1951 წელს მილოშმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა პარიზში, 1960 წლიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, კითხულობდა ლექციებს ბერკლის უნივერსიტეტში.

იგი წარმოშობით ლიტველი იყო, თუმცა პოლონელი პოეტი გახდა. პოლონურს ლიტვაში ისეთივე ადგილი ეკავა, როგორც თავის დროზე ფინეთში შვედურს ან ირლანდიაში ინგლისურს. ამ თემებზე იგი ხშირად წერდა ხოლმე, მისი უმცროსი მეგობარი, ლიტველი პოეტი ტომას ვენცლოვა კი ლიტვაზე საუბრობდა, როგორც კულტურათა ურთულეს ნაზავზე. ეს განსაკუთრებით ვილნიუსის მხარეს შეეხებოდა, სადაც პოეტი გაიზარდა. ვენცლოვა ამ მხარეს ალექსანდრიას ადარებს, ლეგენდარულ ელინისტურ ქალაქს, სადაც კულტურების შეხვედრა, ურთიერთპროეცირება, ურთიერთგანადგურება და ურთიერთაღზრდა ხდებოდა. ყველაზე ძველი და ამავე დროს ყველაზე ახალგარდა კულტურული ფენა, რა თქმა უნდა, ლიტვური იყო, ყველაზე ძლიერი კი პოლონური, რასაც სხვა მოსული დამპყრობლების კულტურა ერთვოდა. ამ კულტურათა აღრევის სანიმუშოდ ჩესლავ მილოშის ნათესავი, ცნობილი ფრანგი პოეტი ოსკარ მილოშიც გამოდგება, რომელიც ასევე ლიტველი იყო, ჰყავდა სერბი, ებრაელი, ბელორუსი წინაპრები, აღიზარდა როგორც პოლონელი და გახდა ფრანგი პოეტი.

მილოში XX საუკუნის პოეზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხმაა. მართალია, მისი ნაწერების ჟანრული მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, გაოცებას იწვევს, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, პოეტია და სწორედ პოეზიიდან მოდის მისი სხვა დამსახურებებიც, რის გამოც მსოფლიომ იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოღვაწედ აღიარა.

“მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება მილოშისადმი, როგორც პოეტისადმი და ეს დამოკიდებულება გამოიხატა თუნდაც არც თუ მოსაწონ საქციელში, როცა მე ვთარგმნე მისი საკმაოდ ცნობილი და ვრცელი ლექსი “ევროპის პირმშო”. და ვთარგმნე არა დედნიდან, რაც თავისთავად არ არის მოსაწონი საქციელი და ალბათ არანაირად არ არის გამართლებული, მაგრამ მე მქონდა ამ ლექსის რუსული ვარიანტი, ორი სხვადასხვა ინგლისური ვერსია და პოლონური ტექსტი, რომელშიც რაღაც დონეზე, იმის გამო, რომ წააგავს რუსულს, სქემატურად მაინც რაღაცეებს ვიგებდი,” გვითხრა ზვიად რატიანმა.

ამ ლექსში მილოში საკუთარ ფესვებსაც აცნობიერებს და ამავე დროს ხაზს უსვამს იმასაც, რომ იგი ევროპელია. მილოში ეროვნული პოეტური ტრადიციის შვილიცაა და რაღაცა საერთო ღირებულების მაძიებელიც. სხვათა შორის, ამ ლექსმა აღმოსავლეთევროპელი პოეტების მთელ თაობებზე მოახდინა გავლენა და როგორც გაირკვა, ამ გავლენამ საქართველომდეც მოაღწია. ზვიად რატიანი ამბობს:

“ეს იყო უბრალოდ შეუკავებელი სურვილი, რომ ეს ლექსი მეთარგმნა და არა მარტო ეს ლექსი, არამედ სხვა ძალიან ბევრი ლექსიც, მაგრამ ეს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ რაღაცნაირად, ვინც ამ ლექსს წაიკითხავს, და წაუკითხავს, რადგან არსებობს იოსიფ ბროდსკის მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი თარგმანი... არის მეორე თარგმანიც, რომელზე ლაპარაკიც არ ღირს ბროდსკის თარგმანის შემდეგ. ეს არის ლექსი ჩვენს შესახებ, იმაზე, სადაც ვცხოვრობთ, თუნდაც საქართველოზე, და ამ კონკრეტულ 20-30 წლეულზე, რომელშიც ჩვენ, ჩვენ თაობას, მე მიწევს ცხოვრება... ეს მართლა შეუკავებელი სურვილი იყო, არ შეიძლება, რომ ეს არ მოგინდეს, მით უმეტეს, როცა შენც იმავე საქმით ხარ დაკავებული, ყოველ შემთხვევაში, თავს იტყუებ თუ სხვას ატყუებ და როცა ცდილობ, იპოეტო ამ ქვეყანაში... არ შეიძლება მოითმინო, ვერ ვიკავებდი თავს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ჩვენზე იყო.”

აი რამდენიმე სტრიქონი “ევროპის პირმშოდან”:

“ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მით უფრო - ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.”

ანდა ეს სტრიქონები:

“ვინც ისტორიულ მაგალითებს იშველიებს, იშვიათად აწყვეტინებენ.
მკვდრები აღარ აღსდგებიან, რათა უარყონ.

შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.
დუმილი - მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.

ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.
შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს.

გულმოცემულმა მკვდართა ზედა მოხვეჭილი ძალაუფლებით
დახვეწე წარსული - სახედ და ხატად შენად.”

90-იან წლებში მილოში სამშობლოში დაბრუნდა, გარდაიცვალა 2004 წელს. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა თავისი ლექსებით სამყაროს შეცვლას, ახალგაზრდობაში მილოში მარქსისტულ იდეებსაც იზიარებდა, თუმცა ზოგიერთის თვალში იგი მორალისტია. ყველაზე ჭკვიანები კი მილოშს სინდისის პოეტად მიიჩნევენ, სადაც ყველაფერს სიფხიზლე, სკეფსისი, პატიოსნება, სამართიალობა, თვითკონტროლი და მუდმივი ყურადღება განსაზღვრავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG