Accessibility links

logo-print
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში ყოველდღიურად იზრდება "ა" ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი. ინფექცია ძირითადად ბავშვებზე გადადის და ღებინების შეგრძნებითა და მუცლის არეში მწვავე ტკივილით იწყება. ადგილობრივების თქმით, დაავადებას რთული ფორმები აქვს, რის გამოც იძულებულნი არიან საავადმყოფოში იმკურნალონ. ხერთვისში ირწმუნებიან, რომ "ა" ჰეპატიტი მოსახლეობაში სასმელი წყლიდან გავრცელდა. ამის გამო მათ წყალზე ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარეს, რითაც დადასტურდა, რომ სოფელ ხერთვისში წყალი სასმელად უვარგისია და იგი ბაქტერიულ ჩხირებს შეიცავს.

,,ჩვენს ოჯახში პირველი ჩემს შვილს შეხვდა ბოტკინი, საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდა. ახალციხეში ვერ გაუგეს, კუჭ–ნაწლავის ინფექცია ეგონათ. მერე თბილისში, ინფექციურში, მიხვდნენ და ერთი კვირა გვეწვინა. მერე სოფელში ძალიან მოედო, უფრო ბავშვებშია გავრცელებული. არის წყლიდან გამოწვეული‘’, – ამბობს ენძელა ციხელაშვილი.

,,ჩემს ოჯახში ჩემს რძალს შეხვდა. ახალციხეში გვეწვინა რამდენიმე დღე, გადასხმები გავუკეთეთ. ახლა სახლში გვყავს. ერთი თვე უნდა სვას ახლა წამლები და მთელი ექვსი თვე კიდევ იყოს დიეტაზე. წყალს გაუკეთეს ანალიზები, წაღებული ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ უვარგისია სასმელად და დადგინდა, რომ წყლისგან არის ბოტკინი“, – აცხადებს ხერთვისის მკვიდრი მზია ნათენაძე.

სოფელ ხერთვისში ამბობენ, რომ სასმელი წყლით დაბინძურება დასახლებასთან ახლოს მდებარე ჰესის მშენებლობამ გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, მსგავსი ინფექცია სოფელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტერიტორიაზე გვირაბის გაყვანა დაიწყეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშ წყლის მილებში ქიმიური ნივთიერებები მოხვდა, რამაც ხელი შეუწყო "ა" ჰეპატიტის გავრცელებას. მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ მშენებლობის დაწყების შემდეგ გვირაბიდან წამოსული მტვერი მათ ყოველდღიურად აწუხებთ.

"პატარამ ძალიან რთულად გადაიტანა, კრუნჩხვებში ჩაგვივარდა, მეორემ – საშუალოდ. ჰესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ რაღაცა ქიმიური ნაერთი მოხვდაო და ამჟამად იმიტომ გავრცელდა ასე ძალიანო", – ამბობს მარიამ ებრალიძე.

"სოფელი დარწმუნებული იმიტომ ვართ, რომ ჰესმა გამოიწვია ეს ყველაფერი - იმიტომ რომ, როცა მიდის მშენებლობა, სოფელში საშინელი ბურუსი და მტვერია, წყალიც დაავადდა, იმიტომ რომ, გვირაბი რომ ითხრება, იქ რაღაცა ქიმიური შენაერთი არის, ალბათ, და მაგან გამოიწვია ბოტკინი, თორემ ამდენი ხნის განმავლობაში, სანამ ჰესის მშენებლობა არ დაიწყო, მსგავსი დაავადება სოფელში არ ყოფილა", – ირწმუნება რუსუდან მელიქიძე.

საკითხთან დაკავშირებით კომპანია, რომელიც ხერთვისში ჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს, კომენტარს არ აკეთებს. სოფელში გავრცელებული ინფექციის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ მშენებლობა ყველა აუცილებელი პირობის დაცვით ხორციელდება. სასმელი წყლის დაბინძურებას, ისევე როგორც ხერთვისის მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლებაც ჰესის მშენებლობას უკავშირებს. სოფლების ხერთვისისა და გულსუნდას უფროსი სპეციალისტის ვაჟა ჩიკაიძის განმარტებით, ჰესის დამკვეთ კომპანიასთან მოლაპარაკებას ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"ვარაუდია, რომ ჰესი რომ გაჰყავთ, მაგის გამო გავრცელდა. ჩვენგან გაგზავნილია მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში. ველოდებით, მოვლენ სპეციალისტები და მოხდება წყლის დაქლორვა და შეწამვლა", – აცხადებს ხერთვისისა და გულსუნდას უფროსი სპეციალისტი ვაჟა ჩიკაიძე.

სოფელში "ა" ჰეპატიტის გავრცელებამ ხერთვისის ცხრაწლიან საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეაფერხა. სკოლის დირექტორის მანანა ხმალაძის განმარტებით, დაავადება უმეტესად 15 წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება. სკოლაში მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო სწავლა სამი დღით შეჩერდა. ამის შესახებ სკოლის დირექციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით მიმართა.

"ყველას სხვადასხვანაირად დაეწყო, არის ნაწლავური დაავადება. სასკოლო პროცესზეც იმოქმედა, რა თქმა უნდა. სამი დღე შევწყვიტეთ პროცესი, რადგან ადგილობრივი ზომები მივიღეთ და ჩვენ თვითონ დავასუფთავეთ, დავქლორეთ, სოდიანი წყლებით დავამუშავეთ", – აცხადებს სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხმალაძე.

ოფიციალური ინფორმაციით, ხერთვისში ამ დროისათვის "ა" ჰეპატიტით დაავადებული მხოლოდ 10 პიროვნებაა, თუმცა მოსახლეობა ირწმუნება, რომ ინფექცია თითქმის ყველა ოჯახშია გავრცელებული და დაავადებულთა რიცხვი 30-ს აღემატება. მათივე განმარტებით, ადგილობრივების ნაწილს, ფინანსური პრობლემების გამო, ბავშვების მკურნალობა საავადმყოფოში არ შეუძლია. ამიტომ ისინი ინფექციას ოჯახურ გარემოში ებრძვიან.
XS
SM
MD
LG