Accessibility links

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა „მანიაკალურად მტრული განწყობის ეპოქის“ შემდეგ


გრიგორი კარასინი (მარცხნიდან მეორე) და ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტებს ესაუბრებიან

გრიგორი კარასინი (მარცხნიდან მეორე) და ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტებს ესაუბრებიან

21 ნოემბერს პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან. რახან ამ ფორმატით შეხვედრების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, ორმა დიპლომატმა დიალოგის შედეგები შეაჯამა.

აბაშიძისა და კარასინის დღევანდელ, რიგით მეხუთე შეხვედრასთან დაკავშირებული თვალშისაცემი სიახლე ის იყო, რომ შეხვედრის შემდეგ ორივე ერთად ესაუბრა ჟურნალისტებს. აქამდე ისინი ცალ-ცალკე განცხადებებს ჯერდებოდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საჭიროდ მიიჩნია შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: „დღეს პირველ რიგში აღვნიშნეთ, რომ ეპოქა მანიაკალურად მტრული განწყობისა, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლება ქმნიდა, უკან მოვიტოვეთ. ვიმედოვნებთ, რომ წინ გველის თანამშრომლობის, ერთობლივი გადაწყვეტილებების, ერთად ძიების ეპოქა, რომლის წესებიც იქნება ორი ქვეყნის ურთიერთპატივისცემა და ინტერესები.“ თუ არ ჩავთვლით „მანიაკალურად მტრულ განწყობას“, კარასინის განცხადებები დიპლომატიური და კეთილგანწყობილი იყო.

კარასინმაც და აბაშიძემაც ერთხელ კიდევ შეგვახსენეს საკითხები, რომელთა განხილვასაც ეძღვნება მათი შეხვედრები.

„ეს გახლავთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ პრაქტიკულ სფეროებთან, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, გარკვეული ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ არ განვიხილავდით იმ პრობლემებს, რომლებსაც ე.წ. ჟენევის ფორმატში განიხილავენ“, აღნიშნა აბაშიძემ.

მანვე ახსენა საკითხების კიდევ ერთი რიგი, რომელსაც რუს დიპლომატთან შეხვედრაზე არ ეხებიან - წითელ ხაზებს მიღმა არსებული პრობლემები. აბაშიძის განმარტებით, საქართველოსთვის „ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია იმ პრინციპებთან, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების თავისუფალი არჩევანის საკითხებს ეხება“.

წითელ ხაზებს აქეთ არსებულ საკითხებს რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახსენა ზურაბ აბაშიძესთან თავისი შეხვედრების კონკრეტული შედეგები, მათ შორის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი რუსეთის ბაზარზე, ისევე როგორც ადამიანებს შორის კონტაქტის გააქტიურება.

„ჩვენ გავაფართოვეთ ვიზების კატეგორია, რომელსაც ნათესავებზე გასცემენ“, - თქვა კარასინმა. - „ამა წლის ათი თვის განმავლობაში 14 ათასი ჰუმანიტარული და ნათესავების ვიზა გაიცა. ესეც უაღრესად კარგი სიმპტომია. ორი ათასამდე ვიზა გაიცა ჟურნალისტებისთვის, მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის, სპორტსმენებისათვის. მარტო ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვში ჩატარდა 20 მასშტაბური ფესტივალი, გამოფენა, რომელიც ამა თუ იმ სახით ეძღვნებოდა საქართველოს ხელოვნებას, ჩვენი ურთიერთობების ისტორიას, ორმხრივ კონტაქტებს“.

ყოველივე ამას კარასინი „ბევრ პოზიტივად“ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ პრობლემები რჩება. რუსი დიპლომატი მოგვიწოდებს, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინი: „ურთიერთობებისათვის ყველაზე სახიფათოა ილუზიები, რომლებიც შემდეგ გაქარწყლდება და მათს ადგილს ურთიერთობის გაციება იკავებს. სწორედ ეს არ გვინდა დავუშვათ. გვინდა ყველაფერი ვითარდებოდეს, თუნდაც არც მაინცდამაინც სწრაფად, მაგრამ საიმედოდ და ხანგრძლივი პერსპექტივით“.

რაც შეეხება ორი დიპლომატის შეხვედრათა ფორმატის მომავალს, ზურაბ აბაშიძის თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ „ნამდვილად არის ხელშესახები პროგრესი“ და შეხვედრები გაგრძელდება.

„ამასთანავე შევეცადეთ, რომ მოგვენიშნა ჯერ იდეების, წინადადებების სახით ჩვენი სამომავლო თემები, რომლებსაც შემდგომ ეტაპზე განვიხილავთ. ალბათ, ეს თემები ისევ დაკავშირებული იქნება იმ სფეროებთან, რომლებიც მე აქ უკვე ვახსენე: ტრანსპორტი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები“, განაცხადა აბაშიძემ პრაღაში ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ქართველი დიპლომატი ამბობს, ამ შეხვედრების ფორმატში ამბიციური გეგმებია დასახული. რა იგულისხმება, არ დაკონკრეტებულა.

შემდეგი შეხვედრა 2014 წლის თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG