Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა იბრაჰიმი


აბდულა იბრაჰიმი
აბდულა იბრაჰიმი

იოჰანესბურგის მახლობლად მდებარე ქალაქ კვინსტაუნს ხშირად "სამხრეთაფრიკულ ახალ ორლეანად" მოიხსენიებენ, რადგან ის ჯაზის გაჩენის ადგილად მოიაზრება. დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესიც მსგავსი დრამატურგიული ხაზით მიმდინარეობდა. თუ ამერიკული ჯაზის პირველწყარო აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების რიტუალური ცეკვა-თამაშობები იყო, სამხრეთ აფრიკის მარგინალურ ჯაზურ ფერხულში ოქროს საბადოებზე მომუშავე შავკანიანი მოსახლეობა და მენესტრელები ჩაებნენ. პენტატონიკურ ბგერათწყობაზე აგებული მათი ტრადიციული მუსიკა, ბიოლოგიური ტერმინი რომ გამოვიყენო, ამერიკელი მეზღვაურების წყალობით იმტვერებოდა, რომელთაც უახლესი მუსიკალური ინფორმაცია ჩამოჰქონდათ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი, სამხრეთაფრიკელებმა ევროპული კლასიკის მოტივებიც გაითავისეს. შესაბამისად, აფრიკულის, ევროპულისა და ამერიკულის სინთეზის შედეგად, სამხრეთაფრიკული ჯაზი აღმოცენდა, როგორც უნიკალური, თვითმყოფადი კულტურული ფენომენი.

სამხრეთაფრიკული ჯაზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პიანისტი და კომპოზიტორი, ადოლფ დოლარ ბრენდი, იგივე აბდულა იბრაჰიმია. არტისტი 1934 წლის 8 ოქტომბერს კეიპტაუნში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ნიუ-იორკში, ჯულიარდის სკოლაში, განაგრძო, სადაც თეორიისა და კომპოზიციის ფაკულტეტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებული, საქსოფონისტ კიპი მოკეტსის ბენდში გაწევრიანდა და ჯგუფის ფორმატში პირველი სტუდიური ჩანაწერები გამოსცა, მოგვიანებით კი საკუთარი ტრიო ჩამოაყალიბა, სახელად The Dollar Brand Trio.

60-იანი წლების დასაწყისში, როცა ანსამბლთან ერთად შვეიცარიაში იყო გასტროლებზე, დოლარ ბრენდმა თავად დიუკ ელინგტონის ყურადღება დაიმსახურა. ამერიკელი ჯაზმენი იმდენად მოიხიბლა მისი საშემსრულებლო მონაცემებით, რომ სამხრეთაფრიკელის პროდიუსერი გახდა და ხმის ჩამწერ სტუდია Reprise Records-ში სადებიუტო ალბომი გამოაშვებინა. მეტიც, რაღაც ხნის მანძილზე ერთობლივ კონცერტებს მართავდნენ და ზოგჯერ, როცა ამერიკელი შეუძლოდ გახლდათ, დოლარ ბრენდი ელინგტონის ორკესტრში იკავებდა პიანისტის ადგილს.

ევროპული და ამერიკული ტურნეების გარდა, დოლარ ბრენდი სამშობლოსაც ხშირად სტუმრობდა. 60-იანი წლების ბოლოს სამხრეთაფრიკელ მსმენელს თავი უკვე აბდულა იბრაჰიმად გააცნო. დოლარ ბრენდმა, ზოგიერთი ამერიკელი კოლეგის მსგავსად, ისლამი მიიღო და აღმოსავლური სახელი მოირგო. სხვადასხვა ჯგუფისა თუ სოლო ფორმატში გამართულ კონცერტებზე მეტწილად ფორტეპიანოზე უკრავდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა სცენაზე ფლეიტისტის, საქსოფონისტისა და ვიოლონჩელისტის საქმესაც მშვენივრად ართმევდა თავს. რაც შეეხება რეპერტუარს, როგორც წესი, საკუთარ თხზულებებს ასრულებდა, სადაც ერთმანეთს უთავსებდა სამხრეთაფრიკულ ხალხურ მოტივებს, ამერიკულ გოსპელს, რეგეისა და ბიბოპს. თუმცა ამ სინთეზში ყოველთვის ევროპული აკადემიური მუსიკა დომინირებდა, რაც დღესაც 81 წლის არტისტის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ნათქვამის საილუსტრაციოდ რამდენიმე ალბომის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ პროექტზე შევჩერდები, რომელსაც African Suite ჰქვია. ალბომი 1997 წელს ხმისჩამწერ სტუდია "Enja Records"-ში ჩაიწერა. პიანისტსა და კომპოზიტორს პარტნიორობა სიმებიანმა ორკესტრმა გაუწია, კლაუდიო აბადოს ხელმძღვანელობით.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG