Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს


ნაბაკევი
ნაბაკევი
გალის რაიონის სოფლებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სახელები შეუცვალა. აფხაზური სახალხო კრების წევრებმა 11 დეკემბერს დაამტკიცეს დადგენილება გალის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მათი სახელწოდებების შესახებ. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, საკითხის ინიციატორი გალის რაიონის ადმინისტრაცია იყო.
ძირითადად ქართველებით დასახლებული რაიონის სოფლებისთვის სახელების შეცვლის საფუძვლად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ისტორიული დოკუმენტები დაასახელა. აფხაზური სახალხო კრების გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალა გალის რაიონის 18 სოფლიდან უმეტესობას. მაგალითად, სოფელ პირველ ოტობაიას ხაშტა ეწოდა, მეორე ოტობაიას - ბგოურა, ფიჩორს - ბჩარა, ჭუბურხინჯს ხიაცხა და ნაბაკევს - ბატაიგუარა. სახელები შეინარჩუნეს გაგიდამ, რეფმა, სიდამ და თაგილონმა.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახელებით სოფლები ისტორიულ დოკუმენტებში არ ახსოვთ.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ არქმევენ ამ სოფლებს ახალ სახელებს, მაშინ როდესაც ყველა სოფელს, რაც არის გალის რაიონში, ძველთაძველი, სამასი წლის წინ დარქმეული სახელები აქვს. საიდან მოიტანეს ახალი სახელები, გაუგებარია ჩემთვის. ისტორიულად გაუმართლებელია“, - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია.

მისი ცნობითვე, დე ფაქტო მთავრობამ სოფლების სახელწოდებების შესახებ გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღო - უბრალოდ, ახლა დაიწყო მისი აღსრულება. სწორედ ამიტომ ამახვილებს ამ ფაქტზე ყურადღებას აფხაზური მედია დღეს, ამბობს ჯემალ გოგოხია:

მსმენია, რომ რაღაც სახელები შეუცვლიათ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რა და როგორ. მე ნაბაკევში ვარ გათხოვილი და არავის არ უხარია აქ, რომ სახელი შეცვალეს, მაგრამ ვინ ითვალისწინებს ჩვენს აზრს. ჩვენ, ვინც აქ ვცხოვროთ და ვინც აქ ვართ, იმათ ასე გაგვიგონია, რომ ყოველთვის ნაბაკევი იყო ეს და ასე უნდა იყოს...
სალომე ხორავა
„აფხაზეთის მთავრობამ ამ საკითხს კენჭი უყარა და მიიღო სამი წლის წინ, მაგრამ მაშინ ტრაფარეტები არ ჰქონდათ. ახლა ეს საკითხი იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ სახელების ტრაფარეტებს ცვლიან“.

ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ არის, ნაწილს კი მხოლოდ ბუნდოვანი ინფორმაცი აქვს მათი სოფლებისთვის სახელების შეცვლის შესახებ.

ნაბაკევის - ამჟამად კი ბატაიგუარას - მკვიდრი სალომე ხორავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის და მისი მეზობლები სოფელს ოდითგანვე მხლოდ ერთი სახელწოდებით, ნაბაკევით, იცნობენ და გაუჭირდებათ სიახლის მიღება:

„მსმენია, რომ რაღაც სახელები შეუცვლიათ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რა და როგორ. მე ნაბაკევში ვარ გათხოვილი და არავის არ უხარია აქ, რომ სახელი შეცვალეს, მაგრამ ვინ ითვალისწინებს ჩვენს აზრს. ჩვენ, ვინც აქ ვცხოვროთ და ვინც აქ ვართ, იმათ ასე გაგვიგონია, რომ ყოველთვის ნაბაკევი იყო ეს და ასე უნდა იყოს. ხალხი თუ არ აიძულეს, მე არ მგონია, რომ ვინმემ დაუძახოს ეს სახელი“, - ამბობს სალომე ხორავა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება გალის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მათი სახელწოდებების შესახებ, ძალიან ცუდი ტონია დანარჩენი საქართველოს მიმართ იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას ცდილობს.
XS
SM
MD
LG