Accessibility links

logo-print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მცხოვრებთათვის აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის კანონიერების შემსწავლელი სპეციალური კომისია შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა. კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ანულირებულ უნდა იქნეს გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული პასპორტები, მასალები კი დარღვევების შესახებ შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნოს. რეზოლუცია მოქმედების გეგმის შესახებ ხელმოწერისათვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს გადაეცა.

პასპორტიზაციასთან დაკავშირებით დე ფაქტო აფხაზეთის სპეციალური საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციებს შორისაა „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებაც. აფხაზი კანონმდებლების თანახმად, ამ კატეგორიაში გადიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, დაახლოებით 25 000 ის ქართველი, რომლებიც უკანასკნელ წლებში აფხაზეთის მოქალაქეები გახდნენ. კომისიის მასალებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ასლან კობახია აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებიც არიან:

“გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც აფხაზეთის პასპორტები აიღო, საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობს. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზებთან წვდომა არ აქვთ, უცხოეთის მოქალაქეობის პრეზუმფცია მოქმედებს. ანუ პირი, რომლის მიმართაც შეუძლებელია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფაქტის იდენტიფიცირება, ვერ ჩაითვლება აფხაზეთის მოქალაქედ მანამ, სანამ არ იქნება ექსპატრიაციის შესახებ იმ სახელმწიფოს ნებართვა, რომლის მოქალაქეც მანამდე იყო“.

კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც 2005 წელსაა მიღებული, ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აღიარებს. გამონაკლისი დაშვებულია აფხაზი ეროვნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე ქართველთა რაოდენობის ზრდა, აფხაზური საზოგადოების ნაწილის თანახმად, საფრთხეა სეპარატისტული რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის. ეს იყო ძირითადი აქცენტი პასპორტიზაციის კანონიერების შემსწავლელი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზეც. დეპუტატი ბესლან ბუთბა, მაგალითად, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას ნაციონალური მოქმედების ქარტია ჰქონოდა და გეგმის მიხედვით განვითარებულიყო როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

“დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში 27 000 პასპორტი პოტენციურად ქართველებს აქვთ - ჩვენს მტრებს. ათასი ან ორი ათასი პასპორტით ნაკლები აქვთ აფხაზებს. მინდა ვიკითხო, ხუთი, ათი, ოცი წლის განმავლობაში რატომ ვერ შევძელით სხვა ვითარების შექმნა? რატომ არ ცხოვრობს აღმოსავლეთ აფხაზეთში 50 000 აფხაზი? 70 000 აფხაზი? მოსკოვში აფხაზური დიასპორაა, ოჩამჩირის მოსახლეობის ნახევარი იქ ცხოვრობს, რატომ არ ბრუნდებიან?“ - კითხულობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატი ბესლან ბუთბა.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით კი, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში 2006 წლიდან დღემდე გაცემული პასპორტები პრაქტიკულად კანონგარეშე ცხადდება. პასპორტების ანულირების შემდეგ კი შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობის მსურველი ქართველები მიმართავენ. თუმცა პირობა აქაც მკაცრია - ამ პირებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და ფლობდნენ აფხაზურ ენას.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას სამართლებრივ ეთნოწმენდად მიიჩნევს „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს უკანონო ქმედებაა, რომელიც არანაირ საერთაშორისო ნორმებში არ ჯდება:

„გასაგებია, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს, მაგრამ თავის თავს აღიარებენ და ის მოქალაქეები, ვის მიმართაც დისკრიმინაციას ახორციელებენ, მათი მოქალაქეები არიან, მათივე ცნობიერებით და კანონით, და აბსოლუტურად უუფლებოდ ტოვებენ მათ და თანაც ეჭვების საფუძველზე, რაც ყოველგვარ გონებრივ აზრს სცილდება და როგორ შეიძლება, რომ ვარაუდის დონეზე ადამიანს წაართვა მოქალაქეობა და წაართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის უფლება“.

ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილება აფხაზეთის ქართველებისგან გაწმენდას ისახავს მიზნად და, შესაბამისად, საჭიროა საერთაშორისო განგაშის ატეხა, რათა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდეს.

საპროტესტო განწყობაა ენგურსგაღმა ქართველებშიც, რომელთაც საზღვრის გადაკვეთის საშუალება ესპობათ.

„გადასვლასთან დაკავშირებით უკვე დიდი პრობლემა შეგვექმნება, რა თქმა უნდა. პასპორტები რომ არ იქნება, ალბათ პასპორტის მაგიერ იქნება რაღაცა ცნობა. ამ ცნობით, მე მგონი, ჩვენ არ გამოგვიშვებენ აქეთ. ამაზე უარესი რა იქნება, როცა კაცს ხმის უფლებას გართმევენ და მარტო არსებობის უფლებას გიტოვებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იქნება ძალიან ძნელი“, - თქვა გალის რაიონის მკვიდრმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გალის ქართველები საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავენ.
XS
SM
MD
LG