Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფხაზეთობა“ თბილისში


"აფხაზეთობა" თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
"აფხაზეთობა" თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

თბილისში 23 მაისს „აფხაზეთობა” აღინიშნა. სახალხო ზეიმი, როგორც მას ორგანიზატორები უწოდებენ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, იმართება. ღონისძიებებს, რომლებიც თბილისში რამდენიმე ადგილას ჩატარდა, ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. რა ხდებოდა „აფხაზეთობას“ დედაქალაქში და რატომ მიიჩნევა ეს დღე მნიშვნელოვან ზეიმად?

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობის“ აღსანიშნავად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ფოლკლორული ანსამბლები, სპორტსმენები, აფხაზეთიდან დევნილები, ომში დაღუპულ მეომართა მშობლები, ოფიციალური პირები... ღონისძიება თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, დილის 9 საათზე დაიწყო და 11-ზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა.

ჩვენს ხალხს აფხაზეთი არასდროს დაავიწყდება, მაგრამ პატარ-პატარა შეძახილები მაინც საჭიროა. აფხაზეთი ჩვენს მოსახლეობას ახსოვს!..
ვახტანგ ყოლბაია

ნაზი მარტიაშვილი, რომლის შვილიც აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ღონისძიებაზე დასასწრებად დილიდან მოვიდა. ის ფიქრობს, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა მშვიდობაა:

„აფხაზეთი მხოლოდ დღეს კი არ უნდა გავიხსენოთ, აფხაზეთი ჩვენი სხეულის ნაწილია. ასე იყო, ასე იქნება. მე მინდა ომი აღარ იყოს და შერიგებაზე ვიფიქროთ. შურს შურით ვერ დავამარცხებთ. უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს და შევრიგდეთ“.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და გამოფენები მოეწყო. ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ირაკლი ღრიბაშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვანი დღეა და მსგავსი ღონისძიებები აფხაზეთთან ურთიერთობის დათბობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია:

„სანამ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა არ აღდგება, ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება. ეს ყველამ უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ვერც აფხაზი, ვერც ოსი ბედნიერი ჩვენ გარეშე ვერ იქნება. ჩვენ რუსეთთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ გვსურს მათთან მეგობრული, მეზობლური, კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში მთავარ პრობლემად სწორედ ჩვენი ტერიტორიები რჩება. სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება, ჩვენი ურთიერთობები ასეთ გაურკვევლობაში დარჩება“.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდული ოლიმპიადის დასრულებისთანავე ოლიმპიადისათვის თბილისში აშენებული 16 საცხოვრებელი კორპუსი დევნილებს გადაეცემათ საჩუქრად.

ღონისძიებებს დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც. მისი თქმით, მსგავსი დღეები საჭიროა იმისათვის, რომ ხალხს აფხაზეთი მუდამ ახსოვდეს:

„ჩვენს ხალხს აფხაზეთი არასდროს დაავიწყდება, მაგრამ პატარ-პატარა შეძახილები მაინც საჭიროა. აფხაზეთი ჩვენს მოსახლეობას ახსოვს!“

ეთნოგრაფიული მუზეუმის შემდეგ, საღამოს 6 საათზე, თბილისის „არტ ჰოლში“ კიდევ ერთი კონცერტი დაიგეგმა, რომლითაც „აფხაზეთობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG