Accessibility links

logo-print

ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გრძელდება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნატოსგენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბასადორიალზე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნატოსგენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბასადორიალზე

6 სექტემბერს თბილისში გაგრძელდა წინა დღეს დაწყებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყოველწლიური შეკრება. ამბასადორიალის მეორე დღის პირველი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანებზე საუბარს დაეთმო. ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, ამბასადორიალის პირველ დღეს კი თბილისში ვიზიტად მყოფმა შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიდი იმედი გამოთქვეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით უკეთესად ჩატარდება, ვიდრე ბოლო წლებში საქართველოში გამართული არჩევნები.

საქართველოში ამბასადორიალის ფარგლებში ვიზიტად იმყოფებიან შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც.

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში 6 სექტემბრის დღის პირველი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანებზე საუბარს დაეთმო. როგორც ამბასადორიალის განახლებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა მოაწყო არგენტინელ კოლეგასთან, ექტორ ტიმერმანთან, რომელმაც ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა, ხოლო შემდეგ ქართველ კოლეგასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ექტორ ტიმერმანმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას თქვა, რომ თანამშრომლობა უნდა შედგეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების სფეროში და ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობები უნდა განმტკიცდეს. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოგვარების თაობაზე უპასუხა, არგენტინა ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეაო.

”კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა. ჩვენ დიალოგს ვუჭერთ მხარს და კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერი მხარისგან შეიარაღებული მოქმედების წინააღმდეგი ვართ. თუ არსებობს მოლაპარაკებების შესაძლებლობა, არგენტინა ამ შესაძლებლობას დაუჭერს მხარს. ჩვენ ასევე ვემხრობით გაეროს რეზოლუციებს”, - განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ექტორ ტიმერმანმა, პირველმა დიპლომატმა, რომელიც საქართველოს ამ ქვეყნიდან ოდესმე სწვევია.

პირველად იმყოფებოდა საქართველოში ფიჯის საგარეო უწყების პირველი პირიც. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ორ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას საქართველო ახლა იწყებს და ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორების არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით:

”იმის გამო, რომ ჩვენ ამ რეგიონებთან, ამ ქვეყნებთან გვაქვს ახალი ტიპის ურთიერთობები, - ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, -ბუნებრივია, ცალკე აღნიშვნის ღირსია არაღიარების პოლიტიკა და ამ ქვეყნების როლი და წვლილი ამ პოლიტიკაში. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ ამით არ ვიფარგლებით და აქ არის საუბარი ჩვეულებრივ, სტანდარტულ და კიდევ უფრო ღრმა ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელსაც აქვს ბევრი განზომილება - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, აგრეთვე ასეთი ტიპის მაღალი დონის ვიზიტები.”

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით განცხადება გააკეთა ასევე საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე:

„ჩიკაგოში ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.“

ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბასადორიალის მონაწილეებს შეხვდა და სიტყვითაც გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, ”ძალიან ბევრს ეცადა ჩვენი მტერი საქართველოს რუკიდან ამოშლას და ახლაც ცდილობს, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებსო”.

”მთელი მსოფლიო ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენს ელჩებს მისცეს რჩევა, დაუდგეს გვერდზე საქართველოს, რაღაცაში დაეხმაროს. რამხელა გლობალური რაღაცა გახდა ჩვენი ტერიტორიულად მართლა ძალიან მცირე ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა არის საქართველოში, რაც მის სრულიად განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და, პირველ რიგში, ეს არის ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ”,- უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ამბასადორიალს, 5 სექტემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყურადღება 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილეს. როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა აღნიშნა, საქართველომ არჩევნების ჩატარების კუთხით მეტი პროგრესი უნდა აჩვენოს უკვე ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით:

”ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები აჩვენებს მეტ პროგრესს ხარისხითაც და სტანდარტითაც, 2008 და 2010 წლის არჩევნებთან შედარებით. მე იმედი მაქვს, საერთაშორისო დამკვირვებლები შეძლებენ გააკეთონ საკუთარი კომპეტენტური დასკვნა.”

კარლ ბილდტის მსგავსად, არჩევნების თვალსაზრისით მეტი პროგრესის მოლოდინი აქვს პოლონეთის საგარეო უწყების პირველ პირს, რადოსლავ შიკორსკის.

”ჩვენ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ვამცნეთ, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოს. თქვენ ახლა გაქვთ გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტის დამკვიდრების შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესი იმაშია, რომ მსოფლიომ ის თავისუფალ ქვეყნად აღიქვას და, ვფიქრობ, თქვენ ამ აღქმის შენარჩუნება უნდა შეძლოთ. ჩვენ დამკვირვებლებს ჩვენი ქვეყნიდანაც გამოვგზავნით. მე ვფიქრობ, რომ ისინი ნებისმიერ დარღვევას გამოიძიებენ და არჩევნებს სამართლიანად შეაფასებენ”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამავე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს სურვილია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება.

თბილისში მიმდინარე სამდღიანი ამბასადორიალი 7 სექტემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG