Accessibility links

logo-print

პრაღაში დასრულდა აბაშიძისა და კარასინის მეოთხე შეხვედრა


ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

პრაღაში დასრულდა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი, მეოთხე რაუნდი, რომელზეც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამჯერად რუსეთი დათანხმდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტის განახლების შემდეგ, შემოიღოს შერბილებული სავიზო რეჟიმი ცალკეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარზე წლის ბოლომდე 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქციის - ღვინის, მინერალური წყლის და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა იგეგმება. საქართველო სთავაზობს რუსეთს, შემუშავდეს ორმხრივი მექანიზმი, რაც ქართული სავაჭრო ნიშნის მქონე ნებისმიერი სახის ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას უნდა დაემატოს რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდაც, რაც დადებითად აისახება საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე. თუმცა, ამ პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რამაც სულ ახლახან, უკრაინისა და მოლდავეთის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ იჩინა თავი არაპროგნოზირებად რუსეთის ბაზარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კარასინისა და აბაშიძის შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური და კონფლიქტური საკითხების განხილვას, პრაღაში მხარეებმა ისაუბრეს სოფელ დიცთან უკანონო სასაზღვრო ზოლის დაკანონებისა და ახალგორის რაიონში ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის ფაქტებზე, რასაც აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგის სამწუხარო რეციდივი უწოდა, საიდანაც, მისი თქმით, გამოსავალი არ ჩანს.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG