Accessibility links

logo-print

დატყვევებული იორდანიელი სამხედრო მფრინავის საზარელმა მკვლელობამ ფართო გამოხმაურება გამოიწვია. რეგიონში შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი არაბი მოკავშირე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, პენტაგონის მიერ ჩრდილოეთ ერაყში საძიებო-სამაშველო ოპერაციების გაუმჯობესებამდე, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო დარტყმების შეჩერების საკითხზე მსჯელობს.

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც თვითონ სამხედრო მფრინავია და ავღანეთსა და ერაყში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა:

„როგორც სამხედრო მფრინავს, ერაყში ბევრი საბრძოლო გაფრენა მქონია და ერთი რამ ყველამ ვიცოდით, რომ ჩამოგდების შემთხვევაში, როგორც წესი, სულ რამდენიმე წუთში, საძიებო-სამაშველო ჯგუფი გადასარჩენად მოგვაკითხავდა. შესაძლოა თვითმფრინავის ან საკუთარი თავის დაცვა დაგჭირვებოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენს საშველად იქ გაჩნდებოდნენ. გულახდილად გეტყვით, ჩვენს მფრინავებს ასეთი გარანტიების გარეშე ფრენა რომ უწევდეთ ან ვინმემ უთხრას, რომ სამაშველო ჯგუფი სადმე მოშორებით იმყოფება, ეს დიდი შეშფოთების მიზეზი გახდება.“

კონგრესმენმა ამ ომში გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც ცდილობს ამერიკის მონაწილეობა მინიმალური იყოს. კონგრესმენს მიაჩნია, რომ ამერიკის მონაწილეობა ისეთ დონეზე უნდა იყოს, რაც ამოცანის შესრულებას უზრუნველჰყოფს.

კონგრესმენმა ე.წ. ისლამური სახელმწიფო და მისი სისასტიკე კიბოს შეადარა და თქვა, რომ იმედია საერთაშორისო საზოგადოება გამოფხიზლდება და ამ კიბოს გავრცელებას შეაჩერებს, რადგან ის თავისით არ გაჩერდება. მან ასევე ზომიერ მუსლიმებსაც მოუწოდა ხმა აიმაღლონ ისლამის ამ ექსტრემისტული სახის წინააღმდეგ.

კინზინგერი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას სამხედრო ჩარევა დასჭირდება, რაც რთული საკითხია და მასზე მუშაობა მომდევნო თვეებში გაგრძელდება. საბოლოოდ, საჰაერო ოპერაციების გაძლიერებასთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე, სპეციალური დანიშნულების ძალების და ქვეითების ყოფნის აუცილებლობაც შეიქმნება.

სამხედრო მოქმედებაზე ავტორიზაციის თხოვნის შესახებ, რომლითაც თეთრმა სახლმა კონგრესს მიმართა, კინზინგერმა თქვა, რომ პრეზიდენტს ასეთი ავტორიზაციის გარეშეც შეუძლია მოქმედება და ეს ადრეც მომხდარა, თუმცა კონგრესს სერიოზული თანადგომის გაწევა შეუძლია. კონგრესმენი თვლის, რომ ავტორიზაციამ მომავალში საჭირო ნაბიჯების გადადგმა არ უნდა შეზღუდოს.

სირიის პრეზიდენტის შესახებ კონგრესმენმა თქვა, რომ ზოგიერთი მოსაზრების მიუხედავად, ხელისუფლებაში მისი ყოფნა სირიისთვის ერთადერთი საშველი სულაც არ არის. სწორედ მისი რეჟიმის სისასტიკემ წარმოშვა ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" და მისი დამხობა, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პრო-რუსი სეპარატისტების მხრიდან, უკრაინისთვის შექმნილი მომეტებული საფრთხის ფონზე, თეთრი სახლის და კონგრესის წინაშე დიდი გამოწვევა დგას-გაუზარდოს თუ არა უკრაინას დახმარება, მათ შორის, საბრძოლო იარაღის მიწოდება.

კონგრესმენმა კი ამასთან დაკავშირებით თქვა:

„იმედი მაქვს, რომ აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ამას ნამდვილად გააკეთებს. ადრე უკვე გამიცრუვდა იმედი, როცა მესმოდა, რომ ადმინისტრაცია „თავისუფალი სირიის არმიის“ და უკრაინის მთავრობის შესაიარაღებლად რაღაცას აკეთებდა და არაფერი ხდებოდა. ვფიქრობ, რომ უკრაინას საბრძოლო შეიარაღება ახლავე უნდა მივაწოდოთ, ეს დღესვე უნდა მოხდეს. ბუდაპეშტის შეთანხმებით უკრაინელ ხალხს დაპირდნენ, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმით მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა. ახლა ვხედავთ, რომ მათ ეს უსაფრთხოება არ აქვთ. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და რა თქმა უნდა რუსეთის სამხედრო უწყებამ უკრაინის სამხედრო ძალები გააჩანაგეს, მათი აღჭურვილობა იმ პერიოდისაა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას ნატოში ვერ შევიყვანთ, სადაც ჩემი აზრით ის უნდა იყოს, მათთვის საჭირო იარაღი მივაწოდოთ, სულ მცირე თავდაცვითი იარაღი მაინც, რათა საკუთარი ქვეყანა დაიცვან. ვფიქრობ, ჩვენ მათ მრჩევლები უნდა გავუგზავნოთ, რათა უკრაინელი სამხედროების მხარდამხარ იმუშაონ, და მათ თავდაცვის საკითხების ტაქტიკა შეასწავლონ. აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა რაც ხდება, ეს არის რუსეთის ინტერვენცია. გააჩნია ამას რას დაარქმევ. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი სახელმწიფოს სახელით არ მოქმედებენ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რაც ხდება და ტერმინებით თამაში არ გვჭირდება. ცხადია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი მოქმედებს. მიეცით უკრაინას თავდაცვის საშუალება და რაც მოსახდენია მოხდეს. იმ რეგიონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგოუსაფრთხოებაა. რუსებს მთელი ევროპა თავისი ენერგომონოპოლიის მძევლად ჰყავს. ვფიქრობ, შეერთებული შტატებისთვის და მისი მოკავშირეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპას საკუთარი ენერგო- რესურსების განვითარებაში დაეხმაროს, სადაც შედის „მწვანე ტექნოლოგიები“ და გაზის საბადოები, ასევე ჩვენი ბუნებრივი გაზის ექსპორტიც მოვახდინოთ.“

XS
SM
MD
LG