Accessibility links

ადამიანის უფლებათა კომიტეტის საბოლოო სიტყვა 17 მაისის მოვლენებზე


2013 წლის 17 მაისი თბილისში

2013 წლის 17 მაისი თბილისში

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაში, რომელიც 16 ივლისს კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინეს, დაგმობილია ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა, დადებითად არის შეფასებული პოლიციის ქმედება და სახელმწიფოს უმაღლესი პირების გამოხმაურებები; ნათქვამია, რომ ეკლესიას ძალადობის წამახალისებელი განცხადებები არ გაუკეთებია. კომიტეტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ 17 მაისთან დაკავშირებულ შვიდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს. საკანონმდებლო ორგანოსგან განსხვავებით, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ 17 მაისს სათანადოდ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები, ხოლო ეკლესიამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, თუმცა ეს დეტალები დასკვნაში არ ჩაწერილა.
კომიტეტი თავისი კომპეტენციის საზღვრებს არ გასცდა და მხარედ არ წარმოჩნდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ დასკვნაში ყოფილიყო გარკვეული რეკომენდაციები და ერთმნიშვნელოვნად წარმოჩენილიყო ის, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია საზოგადოებისათვის...

ერთთვიანი განხილვის შემდეგ, 16 ივლისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის ტექსტი კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წაიკითხა და ბოლოს ისიც შენიშნა, რომ 17 მაისს მომხდარის ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებების პატივისცემის განმტკიცებას. რაც შეეხება დასკვნას, რომლის თაობაზეც არაერთი საჯარო შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა, კომიტეტმა ჩაწერა, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით, საფუძვლით და მიზნითაც უნდა იყოს ის განხორციელებული:

„ამასთან, დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციის, ისევე როგორც რასის, კანის ფერის, ენის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების და ა.შ. დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარელობლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. დასკვნაში ადამიანის უფლებათა კომიტეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობას ყველა შემთხვევაში“.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინა“, რათა ფატალური შემთხვევებისგან დაეცვა მოქალაქეები, სამართალდამცველებმა კი რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეები ძალადობისგან იხსნეს. რაც შეეხება ეკლესიის როლს, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ "ეკლესია ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს". სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შემდეგ დღეებშიც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას.

„კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ. უფრო მეტიც, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შემდეგ დღეებში გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას და მან ასევე ღიად გააკრიტიკა საეკლესიო პირები ძალადობის გამოვლენის გამო“.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი, დასკვნის შინაარსთან დაკავშირებით პირველივე მწვავე შენიშვნებიც მას ეკუთვნოდა:
ეკა აღდგომელაშვილი

ეკა აღდგომელაშვილი


”შეფასების დროს ხაზგასმული არ არის, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი პოზიტიური ვალდებულების განხორციელება, დაეცვა ლგბტ პირების შეკრების თავისუფლება. ეს დასკვნაში აუცილებალდ უნდა იყოს ჩაწერილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია იმაზე, რომ სამართალდაცველებმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უმართავი გახდა პროცესები, შეძლეს დაშორიშორება ადამიანების, მაგრამ სიტუაცია უკვე საკმაოდ კრიტიკული იყო“.

ეკა აღდგომელაშვილს დასკვნაში დააკლდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგეგმებოდა რეალურად 17 მაისს, რა მოხდა ამ დღეს კონკრეტულად და, რაც მთავარია, მისი თქმით, დასკვნაში არაფერი თქმულა კონტრაქციის მობილიზებაში ეკლესიის გადამწყვეტ როლზე:

„არაფერია ნათქვამი 17 მაისის აქციის შინაარსზე, ორიოდე სიტყვით რომ მიენიშნებინათ როგორი ტიპის აქცია იყო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ხშირია სპეკულირება, რომ ეს უნდა ყოფილიყო გარყვნილების პროპაგანდა და ა.შ. რაც შეეხება კონტრდემონსტრაციის ორგანიზებას, ერთია რელიგიური ორგანიზაციების ოფიციალური განცხადებები, რომლებიც გაკეთდა და რომლებიც დასკვნაში მოყვანილია ამონარიდების სახით და მეორეა, რომ მობილიზაცია ამ კონტრდემონსტრანტების დიდწილად სწორედ ეკლესიამ მოახდინა. თუ წინასწარი განცხადებები არ შეიცავდა ძალადობრივ მოწოდებებს, არაერთი დამამტკიცებელი მასალა არსებობს, რომელიც ასახავს ასეთ მოქმედებებს სწორედ აქციის მიმდინარეობისას“.

სამაგიეროდ, დასკვნის შინაარსი მისაღები აღმოჩნდა საპატრიარქოს წარმომადგენლის, მამა გიორგი ზვიადაძისათვის.

„კომიტეტი თავისი კომპეტენციის საზღვრებს არ გასცდა და მხარედ არ წარმოჩნდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ დასკვნაში ყოფილიყო გარკვეული რეკომენდაციები და ერთმნიშვნელოვნად წარმოჩენილიყო ის, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია საზოგადოებისათვის“.

დასკვნით უკმაყოფილო იყო 17 მაისის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „იდენტობის“ იურისტი ნინო ბოლქვაძეც. მისი თქმით, ძალადობის დაგმობის მიზნით მოგროვილ ათასობით ხელმოწერას და შემდეგ ამ დასკვნის დაწერასაც ის მიზანი ჰქონდა, რომ მომავალში სამართლებრივად არასწორი პროცესი აღარ განმეორებულიყო. ამისათვის, ამბობს ნინო ბოლქვაძე, დასკვნაში კომიტეტს უნდა აღეწერა ის რეალური გარემოებები, რაც ყველამ ნახა და რისი მტკიცებულებებიც არსებობს, უნდა განემარტა, თუ რატომ ასცდა რეალობა სტანდარტებს და, ბოლოს,
დასკვნა იმდენად ზოგადია, რომ ის რომ წაიკითხოს ადამიანმა, ვინც არ იცის, რა ხდებოდა ამ დღეს, 17 მაისს, საქართველოში, ვერაფერს გაიგებს. მისთვის გასაგები გახდება მხოლოდ ის, რომ ჩატარდა რაღაც დემონსტრაცია...
წარმოედგინა რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მომავალში, რომ მსგავსი ფაქტი - თუნდაც მომდევნო წლის 17 მაისს - აღარ განმეორდეს.

„დასკვნა იმდენად ზოგადია, რომ ის რომ წაიკითხოს ადამიანმა, ვინც არ იცის, რა ხდებოდა ამ დღეს, 17 მაისს, საქართველოში, ვერაფერს გაიგებს. მისთვის გასაგები გახდება მხოლოდ ის, რომ ჩატარდა რაღაც დემონსტრაცია. რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ ორგანიზატორები, სახელმწიფომ რა გააკეთა, შსს-ს სამინისტროს წარმომადგენლებსაც რომ ვხვდებოდით, რომ იყო რამდენიმე გეგმა,როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აქციის მონაწილეები არეულობის შემთხვევაში, ამის შესახებ დასკვნაში არაფერი წერია და საინტერესოა, რომ სახელმწიფო დაიყვანეს იმ რიგით პოლიციელებამდე, ვინც შემთხვევის ადგილას იდგნენ და თავადაც მსხვერპლი აღმოჩნდნენ იქ შექმნილი ვითარების“.

დასკვნაში რეკომენდაციებიც შესაბამისი ჩაიწერა - ძალიან ზოგადი, ამბობს ნინო ბოლქვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ერთადერთი კონკრეტული რეკომენდაცია ეხებოდა პოლიციას, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პოლიციას სჭირდება მეტი ცოდნა და უნარი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მანიფესტაციის დროს:

„თუმცა პოზიტიურად მაინც ვერ ვაფასებ და, აი, რატომ, ამ დასკვნაში ამ რეკომენდაციის ჩადება ნიშნავს იმას და ეს წერია კიდეც, რომ სახელმწიფომ ამ დღეს ყველაფერი გააკეთა, შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, მაგრამ მაინც კიდევ სჭირდებათ რაღაც უნარების გაუმჯობესება. მე ვიკითხე, ამ დასკვნას რაიმე პრევენციის ძალა თუ ექნებოდა მომავალ 17 მაისს, მაგრამ იქ მსხდომ ადამიანებს ეს მიზანი არც ჰქონიათ. და ჩვენ დავრწმუნდით, რომ ერთადერთი მიზანი იყო ამ პროცესის ნორმალიზება“.

ნინო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ დასკვნაში არ ჩაიწერა ყველაზე მთავარი, წვრილმანების შეცვლა კი დღეს უკვე სურათს ვეღარ შეცვლის. „იდენტობის“ იურისტის შეფასებით, საკუთარი პასუხისმგებლობა ამ მხრივ კომიტეტის წევრებს - განსაკუთრებით ყოფილ უფლებამდაცველებსა და ოპოზიციონერებს - კარგად ესმით, თუმცა მათ ამჯერად, როგორც ჩანს, უმრავლესობისათვის მისაღები დასკვნა შეიმუშავეს.
XS
SM
MD
LG