Accessibility links

logo-print

ადამიანის გატაცება საქართველოში - რა შუაშია პოლიტიკა?


შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის კომენტარმა 20 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ მომხდარი ყოფილი მმართველი პარტიის ხელწერას წარმოადგენს და რომ ეს 9-წლიანი ძალადობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. როგორ აღიქმება პრემიერის მოსაზრებები, როდესაც გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს?

მას შემდეგ, რაც იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმე გახსნილად გამოცხადდა, გატაცებულ ოჯახს მშვიდობით დაუბრუნდა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა დამნაშავეთა ჯგუფის 4 წევრი დააკავეს, შს სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავეთა შორის ყოფილი კუდისა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის) და სოდის (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის) წარმომადგენლები არიან. პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ ეს ადამიანები სოდიდან და კუდიდან სწორედ მან გაყარა 2 წლის წინათ, როდესაც (შინაგან საქმეთა) მინისტრად დაინიშნა და რომ ”უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”.

სწორედ ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ სახელმწიფოს...

”ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ხელწერა”, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს. მართალია, იქვე ისიც აღნიშნა, რომ სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ პირადად მას დანაშაულის დამკვეთთა ორგანიზებული ჯგუფი წინამორბედთა რიგებში ეგულება:

”მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, თუ ვის ხელში იყო საქართველო. სწორედ ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ სახელმწიფოს. ეს, რა თქმა უნდა, გასარკვევია (და მე ვიცი, რომ მინისტრი მუშაობს, სამინისტრო მუშაობს ამის თაობაზე), თუ ვინ დგას ამის უკან. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი".

პრემიერის ამგვარ მიდგომებს ეთანხმებიან კოალიაცია ”ქართული ოცნების” როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გამოძიება უკეთ დაადგენსო, ამბობს, მაგალითად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მაგრამ მის კომენტარში იკვეთება აქცენტი, რომელიც კვლავ ”ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო წინასწარ განზრახვებს უკავშირდება:

”არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამგვარი წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებით ცდილობდეს „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენოს საზოგადოებას, რომ თითქოსდა დანაშაულმა იმატა”.

მისი ეს განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების მცდელობა...

კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა და განსაკუთრებით მისი ლიდერის - პრემიერის - კომენტარებს ”ნაციონალური მოძრაობის” მწვავე რეაქცია მოჰყვა. ასე მაგალითად, როგორც უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ეს სტილი ავტორიტარული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი და ეს ”ცუდად დაუმთავრდება, სამწუხაროდ, მთლიანად ქვეყანას”. კომენტარები 14 ოქტომბერს მრავლად გაკეთდა და გაიმართა ბრიფინგიც, რომელზეც უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერის მოსაზრებებს ”ზნედაცემული ტყუილიც” უწოდა:

”მისი ეს განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების მცდელობა. ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, იქნას გამოძიებული პირუთვნელად, დეტალურად”.

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, ამავე დროს, ასე ვთქვათ, პირდაპირი მინიშნებაა საგამოძიებო ორგანოების მიმართ...

14 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა გაახმოვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომ გატაცების საქმის შესწავლის მიზნით ერთობლივი საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ თავმჯდომარის ალექსი შოშიკელაშვილის შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმფციის ერთმნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ, დაკავებულთათვის ბრალის დამტკიცების გარეშე, პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს არათუ მხოლოდ მათ ბრალეულობაზე, არამედ მათ კავშირზე პოლიტიკურ ძალასთან. ადამიანის უფლებათა დამცველი თვლის, რომ ეს არის ერთგვარი კარნახისა და საქმეში ჩარევის მცდელობაც:

”სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, ამავე დროს, ასე ვთქვათ, პირდაპირი მინიშნებაა საგამოძიებო ორგანოების მიმართ (როგორც შს სამინისტროს, ასევე პროკურატურის ორგანოების მიმართ), თუ საით უნდა აწარმოონ გამოძიება”.

ამასთან, როგორც ალექსი შოშიკელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ის, როგორც საადვოკატო საქმიანობის უფლების მქონე პირი, ერთ-ერთ დაკავებულს 13 ოქტომბერს ღამით სულ ამაოდ ეძებდა. მას ეჭვი აქვს, რომ დაკავებული სამართალდამცველებმა შეგნებულად დამალეს მისგან სასურველი ჩვენების მიღებამდე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საქმის პოლიტიკურ კალაპოტში წარმართვის გეგმას.

იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ”წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს”.

XS
SM
MD
LG