Accessibility links

რა პრობლემებია აჭარაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით


უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

მიმდინარე კვირას ომბუდსმენი აჭარას სტუმრობდა და ქობულეთსა და ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან ისმენდა, თუ რა პრობლემებია რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით. პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შესახებ შეტყობინებები გაზრდილია განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 24 მაისს ბათუმში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2015 წელს მწვავედ იდგა პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი და შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უმეტეს შემთხვევებში განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია.

2015 წლის მარტში ბათუმში პოლიციამ 40 წლის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების მტკიცებით, დაკავებულის ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, ერთ წელზე მეტია გრძელდება. ამ საქმით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისი დაინტერესდა. საიას ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ საქმეში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იკვეთება:

“პირს, რომელიც დააკავეს, ავტომობილის ჩხრეკისას ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულ იარაღზე არ აღმოჩნდა მისი ანაბეჭდები, მაგრამ ნაჭერზე, რაშიც ცეცხლსასროლი იარაღი იყო გახვეული, აღმოჩნდა იმ სუბიექტის დეენემი, რომელიც აღიარებს, რომ არის პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე. წ კონფინდენტი”.

იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს და იგი სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება.

აღნიშნულ საქმეზე სტატია დაიბეჭდა გაზეთ “ბათუმელებში”. მისი ავტორი, ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, სასამართლო პროცესებს აშუქებს. ის ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოიმატა იმ საქმეების რაოდენობამ, სადაც ბრალდებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან:

„გაცილებით მეტი საქმე შემოდის ამ კუთხით, ვიდრე მანამდე და თან ძალიან ბევრია საეჭვო გარემოება, იმიტომ რომ საქმეებში ფიგურირებენ ერთი და იგივე პოლიციელები, დაახლოებით, ერთი და იგივე ჩვენებებით. იყო შემთხვევა, როდესაც მაღალჩინოსანი პოლიციელები სასამართლო დარბაზში ჰყვებოდნენ, რომ მათ დააკავეს პირი, შალვა ქორიძე, პოლიციის მიერ გადაღებულ კადრებში კი გამოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე, რადგან კადრებში ჩანდა, რომ ეს პირი დააკავეს არა ამ პოლიციელებმა, არამედ სპეცრაზმელებმა, წინააღმდეგობის გაწევა კი საერთოდ არ ჩანდა“.

30 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს სამ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებსაც ბრალად ედებათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მათ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ზაზა პაპიძე იცავს. ადვოკატის მტკიცებით, საქმეში პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტება გამოვლინდა. მისი თქმით, ბრალდების მხარე პოლიციელ მოწმეებს ეყრდნობა, რომლებიც აღნიშნულ საქმეში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ:

„შემთხვევის ადგილზე დააკავეს ათი პირი. გადაიყვანეს ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში. როდესაც აღმოაჩინეს, რომ ათიდან სამი იყო წარსულში ნასამართლევი, გადაწყვიტეს მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში პოლიციელებისთვის მაისურების დახევის გამო, რაც არ არსებულა, რადგან ამას ადასტურებს მთელი ურეხის დასახლება. მოწმეები არიან მოქალაქეები. ისინი მოდიან სასამართლოში და ამბობენ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არანაირი ხმაური არ ყოფილა. პოლიციელები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ამასთანავე, ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას, რომლებიც არიან აღნიშნული განყოფილებიდან და არიან დაინტერესებული, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს“.

24 მაისს, ბათუმში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ომბუდსმენს ორივე საქმეზე მიაწოდეს ინფორმაცია და რეაგირება სთხოვეს. უჩა ნანუაშვილის თქმით, იმატა დაკავებული პირების მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ შეტყობინებათა რაოდენობამ:

„ჩვენ ასეთი რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირეთ ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან. საპარლამენტო ანგარიშში დეტალურად ვსაუბრობთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე - არა მხოლოდ აჭარაში, საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთი არასათანადო მოპყრობის ფაქტებით მოწინავე ადგილზეა, სამწუხაროდ!“

სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს ადასტურებს ასევე სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ჩატარებული კვლევაც. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ უფლებამოსილების გადამეტებისთვის პასუხი ჯერ არავის უგია:

„ვახდენთ მონიტორინგს და ვსწავლობთ, კონკრეტული ფაქტების გამოძიებისას რა შედეგი დადგა. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ პრობლემები არის იმასთან დაკავშირებით, რომ დასჯილები, ჩვენი ინფორმაციით, არ არიან“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს უწყება სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი გამოდიან ინიციატივით, რომ რეგიონში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შეტყობინებებზე იმუშავებს და რომელშიც, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციები გაერთიანდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG