Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა


„ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები: სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება თუ გადაადგილების უფლება. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე ხშირად ვლინდება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები, თუმცა დაზარალებულებს ხელი არ მიუწვდებათ სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, ვლინდება და ანგარიშში მოყვანილი ფაქტებიც ამაზე მეტყველებს: „2015-2016 სასწავლო წლიდან გალის რაიონის იმ 11 სკოლაში, სადაც სწავლება ჯერ ისევ სრულად ქართულ ენაზე მიდიოდა, I-IV კლასებში სწავლა რუსულ ენაზე გადავიდა, ხოლო დანარჩენ კლასებში შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები“. ამასთან, „სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ასევე მნიშვნელოვნად გააუარესა განათლების ხარისხი“. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებსა და საქართველოს პარლამენტს, „არ დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად“.

გალის რაიონში 1995 წლიდან დაწყებულ პროცესს ქართულ ენასთან მიზანმიმართულ ბრძოლას უწოდებენ ექსპერტები და, შესაბამისად, იზიარებენ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ მიდგომებს. როგორც, მაგალითად, კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროცესი თანდათან სულ უფრო მწვავდება და ადგილობრივი მოსახლეობის „გარუსებას“ ისახავს მიზნად. ამასთან, ექსპერტი აქცენტსაკეთებს სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ კიდევ ერთ უმწვავეს პრობლემაზე და ეს არის ადამიანთა გადაადგილების პრობლემა:

გზა პრობლემური იქნება.. ოტობაიამდე, დაახლოებით, 18 კილომეტრი იქნება... იქიდან კიდევ არის გასავლელი (ფიჩორი, გაგიდა...) და, მთლიანობაში, 20–30 კილომეტრი იქნება...ტაქსები დადიან, მაგრამ ძალიან ძვირია – დაახლოებით, 20–25 ლარი უნდა...

„ამჟამად აფხაზეთში შესვლის უფლება საქართველოს მოქალაქეებიდან აქვთ მხოლოდ გალის რაიონის მკვიდრებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გალის რაიონში ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი... მაგრამ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები მათ მიმართაც ხორციელდება და დაძაბულობით განსაკუთრებით აღსავსეა თხილის სეზონი – არის უამრავი ფაქტი, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ართმევს აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს მათ მიერ მოწეული თხილის მოსავალს“.

პრობლემას, რომელზეც ალეკო კვახაძე ლაპარაკობს, კიდევ უფრო გამწვავება ემუქრება, თუკი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაპირება შეასრულა და 5 საკონტროლო გამშვები პუნქტიდან სამი გააუქმა (ამ პროცესის რეალურობაზე უკვე მეტყველებს ორი კვირის წინ ერთი მათგანის გაუქმება). ასეთ შემთხვევაში ადგილობრივებს პრობლემებიც მოემატებათ და ასევე ბევრად უფრო ძვირიც დაუჯდებათ საქართველოს დარჩენილ ტერიტორიაზეენგურის ხიდის გავლით გადაადგილება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ზუგდიდელ კორესპონდენტს მოუთხრო ნაბაკევის მკვიდრმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

„გზა პრობლემური იქნება.. ოტობაიამდე, დაახლოებით, 18 კილომეტრი იქნება... იქიდან კიდევ არის გასავლელი (ფიჩორი, გაგიდა...) და, მთლიანობაში, 20–30 კილომეტრი იქნება... ტაქსები დადიან, მაგრამ ძალიან ძვირია – დაახლოებით, 20–25 ლარი უნდა. „მარშრუტკები“ იშვიათად დადიან, ორი ავტობუსი დადის და ეს არის სადღაც 100–150 რუბლი“.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა - მათ შორის, რუსეთის დარწმუნების გზით - კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების უზრუნველსაყოფად...

გადაადგილების პრობლემები არანაკლები სიმწვავით იჩენს თავს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ელბაქიძეც. მისი ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშია რამდენიმე კონკრეტული საქმე, რომლებიც შესაძლოა სტრასბურგში განსახილველ საქმეთა სიას მიემატოს:

„ამ ეტაპზე გვაქვს დაწყებული კომუნიკაცია პროკურატურასთან. გვინდა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ 5 ფაქტთან დაკავშირებით დავიწყოთ საქმის წარმოება და, საბოლოო ჯამში, ალბათ შესაძლებელი იქნება მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის ადამიანების უკანონოდ დაკავების ფაქტები ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო, თუმცა მეორე მხარე თვლის, რომ მათ ე. წ. „სახელმწიფო საზღვარი“ დაარღვიეს. ფაქტები, რაზეც ვლაპარაკობთ, ძირითადად 2015 წელს არის მომხდარი“.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, დაზარალებულებს ხელი არ მიუწვდებათ სამართლიან სასამართლოზე და ამიტომ ისინი ხმამაღლა არ ლაპარაკობენ იმ შემაშფოთებელი ფაქტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში ომბუდსმენისთვის გახდა ცნობილი. პრობლემებს ამწვავებს რეალობა, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგობის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევას ვერ ახერხებენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა - მათ შორის, რუსეთის დარწმუნების გზით - კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების უზრუნველსაყოფად, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად“.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ერთ-ერთ რთულ და, ამავე დროს, საზოგადოებაში ტაბუირებულ პრობლემას“ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს. ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციით, „მხოლოდ გალის რაიონში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 129 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 5 მკვლელობით დამთავრდა, ერთი მსხვერპლი კი გაუჩინარდა“.

„ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ახალ ანგარიშს, რომელიც 2015 წელს საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას ასახავს და ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან ბევრ ფაქტს მოიცავს, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG