Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებები საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ყოველწლიური, რიგით მეორმოცე, ანგარიში გამოაქვეყნა. 13 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება 199 ქვეყნისა და ტერიტორიის მიხედვითაა მიმოხილული. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც, რომელსაც ანგარიშში 53 გვერდი ეთმობა.

როგორც ანგარიშის წარდგენისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში ეჭვგარეშე დეპარტამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგად წასაკითხი პუბლიკაციაა. მისი განმარტებით, ნორმები და სტანდარტები, რომლებსაც ანგარიში მოიცავს, უნივერსალურია და შეთანხმებულია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას შორის, მათ შორისაც კი, რომლებიც ამ სტანდარტებს არღვევენ:

“ადამიანის უფლებათა სფეროში ყველა სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა მდგომარეობა გააუმჯობესოს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რასაც ჩვენ მუდმივად ვუსვამთ ხაზს, არის ის, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა მხოლოდ მორალური ვალდებულება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, გამოავლინო ქვეყნის მოსახლეობის სრული ენერგია ერთიანიდა დალხენილისაზოგადოების მშენებლობაში და ეს საფრთხეს კი არ უქმნის, აძლიერებს სტაბილურობას“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2015 წელს, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით,ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ხარვეზები მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში, მათ შორის, შერჩეულ საქმეებთან დაკავშირებით ზეწოლა სასამართლო სისტემაზე. პირველი რიგის პრობლემათა რიგში დასახელდა ასევე „საეჭვო“ დანიშვნები სასამართლოში და ხელისუფლების „არათანმიმდევრული“ რეაგირება ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე. განსაკუთრებით პრობლემურსაკითხებს შორისაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები. კითხვებს ბადებს ასევე წინასასამართლო პატიმრობის არაპროპორციული გამოყენება, გაჭიანურებული გამოძიება, ეჭვმიტანილებისთვის წინასწარი ბრალის წარდგენა და სხვა. ანგარიშში ხაზგასმულ პრობლემებს შორისაა თავისუფალი მედიის შეზღუდვის მცდელობები, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები, ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღსაკვეთად მთავრობის არასაკმარისი მცდელობები, სამართალდამცავი უწყებების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე რეაგირების არაეფექტურობა და სხვა. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი გვეუბნება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია:

“ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოძიების არაეფექტურობაზე, რაც შეეხება პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს; ასევე საჭიროებაზე, შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც მიუკერძოებლად გამოიძიებს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ ან პენიტენციური აცილების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ასევე ადგილი ეთმობა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმებს“.

თამარ ავალიანი განსაკუთრებით გამოყოფს ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების არასაკმარის ეფექტურობას. თავის მხრივ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ანგარიშის იმ ნაწილს გამოყოფს, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის გამჭვირვალობას შეეხება.ანგარიში თანამდებობის პირების მიერ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობაზე მიუთითებს:

“ასევე საინტერესო მონაცემებია მოყვანილი კორუფციასთან მიმართებაში. აღნიშნულია, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ კორუფციის პრევენციის კუთხით, კარგად არის, პრინციპში, შეფასებული მათი საქმიანობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კორუფციული ფაქტი აღმოფხვრეს. ბევრი საჯარო მოხელე, რომელიც მხილებული იყო, ასე ვთქვათ, კორუფციულ გარიგებებში, დააკავეს, თუმცა აღნიშნულია ასევე, რომ ელიტური კორუფცია კვლავ რჩება პრობლემად და ამ მიმართულებით მოყვანილია მათ შორის, მაგალითად, ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტი შეწყალების კომისიასთან მიმართებაში“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მთავარ აქცენტებს შორის,ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლას ბერნილერის თანახმად, მედიის თავისუფლებაა:

“ანგარიშის ნაწილი შეეხება მედიას, კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, 12 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ასახავს“.

მედიაექსპერტი ნინო დანელია კი მისთვის ანგარიშში განსაკუთრებით საგულისხმო რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას:

“ერთი არის ის, რომ პირდაპირ, ღიად არის ნათქვამი, რომ ეს იყო ხელისუფლების ჩარევა დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პროცესში და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში; მეორე იყო ის, რომ მთელმა პროცესმა სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები და მესამე იყო ის, რომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ძალიან ბევრმა სახელისუფლო პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გააკეთა პოლიტიკური შეფასებები“.

„მართალია, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ქმედებები აღქმული იქნა როგორც მცდელობა „რუსთავი-2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ასევე ტელეკომპანია „იმედში“ პოლიტიკური თოქშოუების დახურვის შესახებ, ასევე ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეებიც მოხვდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG